ბოტსვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი იუნითი დოუ 3-4 ივნისს საქართველოს სტუმრობს. გუშინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა, სადაც მხარეები ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში რთული საკითხები არ არსებობს და რომ ისინი საერთო ინტერესის მქონე ყველა საკითხში ერთმანეთს მხარს უჭერენ.
ზალკალიანის განცხადებით, მან საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, იუნითი დოუს ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, იუნითი დოუმ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად პატარა, რამდენად ღარიბი, ან რამდენად მდიდარია ის… მსოფლიო მოითხოვს, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის ხმა ისმოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ხმები დაბალ ხმებს ჩაახშობს და ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა დოუმ.
ბოტსვანის დელეგაცია წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)