Site icon Civil.ge

ომბუდსმენი შსს-ს ლგბტქი თემის გამოხატვის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი თბილისში „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და სახელმწიფო ვალდებულია მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა უზრუნველყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართა და განმარტა, რომ „პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით“, მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და წარმოდგენილი ფორმატით ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შსს-ს ბრიფინგის საშუალებით იმავე დღეს უპასუხეს და განმარტეს, რომ ისინი თავიანთი კონსტიტუციური უფლების – შეკრების თავისუფლების დაცვას აპირებენ და დაგეგმილ ღონისძიებებს არ გადადებენ.

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოქალაქებმა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება შეძლონ, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება სათანადოდ განმარტოს. კერძოდ, ომბუდსმენის შეფასებით, უწყებამ უნდა დაასაბუთოს, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, „არის არადისკრიმინაციული და წარმოადგენს იმგვარ საშუალებას, რომლის გამოყენებით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს“.

„უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ+ თემს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ მაღალ ჰომოფობიურ ფონთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შემცირებას“, – აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

აქვე სახალხო დამცველი განცხადებაში „წუხილს გამოთქვამს“, რომ ლგბტ+ თემის განცხადებით, შსს-ს მათთან სათანადო კომუნიკაცია არ აქვს და მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით, ის ამ პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოხატავს.

ამავე თემაზე რამდენიმე დღის წინ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ „კოალიცია თანასწორობისთვის“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კოალიცია ვერ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ „თბილისის პრაიდის“ ჩატარება დახურულ სივრცეშიც არის შესაძლებელი და უწყებას „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების შეკრების უფლების უზრუნველყოფისა და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

„თბილისი პრაიდის“ თემაზე კომენტარი ტელეკომპანია იმედის ეთერში შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა არის, იპოვნოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”, რომელიც ლგბტქი აქტივისტებსა და უფლებადამცველებს აერთიანებს, 18-23 ივნისს კვირეულს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის არის ღირსების მარშიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)