გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 29 მაისი. N117.
„ჟოღოვრდი ძაინ“ (N110) სწერს: „ დღეს 26 მაისს საქართველო იდღესასწაულებს პირველ წლის თავს“.
„ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელშიც, უეჭველათ, მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის პირნი, რომლებიც დამოუკიდებლობაში და თავისუფლებაში ჰხედავენ ერების მუდმივ პროგრესსა და დაუბრკოლებელ განვითარების თავდებს“.
„მსოფლიო საშინელი ცარიზმი, რომელმაც ქარიშხლით გადაირბინა ქვეყნის პირზე თან წაიღო პატარა ერების ბორკილები, წაიღო საუკუნეების უფსკრულისკენ ისინიც, რომლების სჭედავდენ ამ ბორკილებს“.
„მშვენიერმა საქართველომ ერთი საუკუნის მონობის შემდეგ ახლათ ნახა თავისუფლების ბრწყინვალე მზე რომელიც ეხლა ბრწყინავს მის მწვანე ველებზე, მშვენიერ მთებზე და ჭალებზე“.
„გულითადათ მივესალმებით ამ მზეს, მივესალმებით ჩვენ მოძმე ქართველებს, მივულოცავთ თავისუფლების უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც იზეიმებენ იგინი დღეს ჩვენთან ერთად“.
„დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების ბრწყინვალე მზის შუქების ქვეშ დადნება ის თოვლი და ყინული, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ერების ურთიერთდამოკიდებულებაში შეჰქონდა სიცივე“.
„ამის შემდეგ ყველანი თანასწორათ გამთბარნი მზის სითბოთი, ხელს გაუწოდებენ და შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც მკვიდრი ძმები და როგორც ერთიანი სამშობლოს მოქალაქენი
გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს თავისუფლებას!
გაუმარჯოს დამოუკიდებლობას!“.
„აშხატავორი“ (N104)
„ქართული დემოკრატია ზეიმობს თავის დამოუკიდებლობის ერთი წლის დღესასწაულს და იმავე დროს უნდა უკან მიხედოს განვლილ გზას და ახლად შეაფასოს შექმნილი ღირებულებანი და შეიმუშავოს სახვალიო პროგრამა.“.
„ჩვენ, რომლებიც მუდამ ვიდექით საქართველოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისზე და მუდამ ვყოფილვართ იმავე დროს მისი სახელმწიფოებრივი შინაური და გარეშე პოლიტიკის ყველაზე სასტიკი კრიტიკოსნი, დღესაც ჩვენს ვალათ ვთვლით მივუთითოთ იმ ძირითად ნაკლებზე, რომლებიც შეადგენენ საქართველოს სახელმწიფოებრივი შენების ყველაზე სუსტ მხარეს“.
„ერთი წლის განმავლობაში ქართველმა ხელმძღვანელმა წრეებმა ხელი შეუწყეს ჩვენში მხოლოდ ეროვნულ განსხვავებას, რამაც შეასუსტა კლასიური განსხვავება.
მოუთმენელმა ვიწრო ეროვნულმა პოლიტიკამ ფაქტიურათ კანონს გარეთ დატოვა არა ქართველი ელემენტი, რომლების წინააღმდეგ ბრძოლის გაწევაც დაიწყო თვით სახელმწიფომ. ბრძოლამ თავის საკუთარ ქვეშევრდომების წინააღმდეგ დიდი ენერგია გამოაცალა ნორჩ რესპუბლიკას, ხელი შეუწყო ანარქიის განვითარებას და ფინანსურ და სასურსათო კრიზისების გაღრმავებას. ხანგრძლივი საომარი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა ამ ერთი წლის განმავლობაში, ყლაპავს სახალხო და სახელმწიფო ეკონომიის ყველაზე უფრო მეტ ღირებულებას მით, რომ შემოქმედითს შრომიდან სწყვეტს ათასობით მომუშავე ხელებს“.
„და ყველა ამის მხოლოდ ობიექტური პირობების შედეგათ ჩათვალა, როგორც ამას მუდმივ გაიძახის მენშევიკური პრესა, თავის მოტყუება იქნებოდა“.
„ყველა იმ ელემენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახელმწიფოს დამოუკიდებელ არსებობაში, უნდა ამ ზეიმის დღეს აღნიშნონ მომხდარი შეცდომები და იფიქრონ მათ თავიდან აცილებაზე“.
„საჭიროა ბოლო მოეღოს სახელმწიფოში უცხო ტომის მოძულე პოლიტიკას და ანარქიულ მდგომარეობას. საჭიროა ქვეყანა გადარჩენილ იქნას ომის დაუმთავრებელი საშინელებებისაგან და შეძლება მიეცეს ხალხს მშვიდობიანი შემოქმედებითი შრომის დაწყებისა“.
„თუ ბოლო არ მოეღო აგრესიულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელსაც შეუძლიან გახადოს ეროვნული უმცირესობა მონაწილეთ სახელმწიფოებრივ შრომებში, საქართველო ვერ შესძლებს გამოვიდეს თავის მძიმე მონარქიულ მდგომარეობიდან“.
„საჭიროა აღდგენილი იქნეს შეერთებული ფრონტი საქართველოს საზღვრებში. გულწრფელათ უნდა დაკმაყოფილდეს ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებანი, ბოლო მოეღოს თვითნებობას და ძალადობას, რომ მოქალაქენი არა თუ იძულებით, არამედ – სულითა და გულით დასძახოდენ:
გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას!“