ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 4-6 ივნისს გამართულ 1 348-ე სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა.
სტრასბურგის სასამართლოს საქმე, 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის იანვარში თანხების სავარაუდო გაფლანგვისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის მერაბიშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების კონტექსტში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული საქმეების ძირითადი მიზანი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო.
ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მისი პოლიტიკური დევნა წინასწარი პატიმრობის პერიოდშიც გაგრძელდა, როდესაც 2013 წლის დეკემბერში, ის მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად, ციხის საკნიდან ღამის საათებში გაიყვანეს. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძე მას ციხეში პირობების გაუარესებით და მისი ახლობლების დაჭერით პირადად დაემუქრა, თუ ექს-პრეზიდენტის სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა და ასევე, გამოძიებას გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე არ დაეხმარებოდა.
მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, 2013 წლის მაისში დააკავეს და თანხების გაფლანგვასა და ამომრჩევლების მოსყიდვაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, მას კიდევ რამდენიმე ბრალი წარუდგინეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საქალაქო სასამართლომ ის რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში დამნაშავედ ცნო და ის სასჯელს 2014 წლის ოქტომბრიდან იხდის. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წლის თებერვალში ეწურება.
მინისტრთა კომიტეტმა ცნობად მიიღო, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევას, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილება განმცხადებლის [მერაბიშვილის] წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც მერაბიშვილის მიერ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენის გონივრულ ეჭვს ეყრდნობოდა.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ საქმე ეხება კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდის გამოყენების ფარგლები) დარღვევას, მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში, „რადგან დადგინდა, რომ მთავარი პროკურორი წინასწარი პატიმრობის ამგვარად გახანგრძლივებულ ვადას განმცხადებელზე უკანონო ზეწოლის მიზნით, მისგან იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს არ უკავშირდებოდა“.
მინისტრის მოადგილეებმა „კვლავ მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ [აღმოჩენილი დარღვევების] გამოძიება იყოს სათანადოდ დეტალური იმისათვის, რათა დადგინდნენ დამნაშავეები და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს; მოიცვას საკითხთა ჯეროვნად ფართო წრე იმისათვის, რომ დაადგინდეს, მოახდინა თუ არა [ადამიანის უფლებების ევროპული] სასამართლოს მიერ დადგენილმა ძალაუფლების გადამეტების ფაქტმა გავლენა განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე და გამოძიება აუცილებელი გულმოდგინებითა და სისწრაფით ჩატარდეს“.
მათ ასევე „შეშფოთებით აღნიშნეს, რომ ეროვნულმა სასამართლომ ძალაში დატოვა პროკურატურის გადაწყვეტილება, [მიმდინარე] გამოძიების ამ ეტაპზე განმცხადებელს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭოს“. მიიღეს რა მხედველობაში იუსტიციის სამინისტროს ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, განმცხადებელს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცა, მათ „ხელისუფლებას მოსთხოვეს, გადახედოს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხს და ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ განმცხადებელი ამ [დაზარალებულთან გათანაბრებული] უფლებებით გამოძიების მთელი ვადის განმავლობაში სარგებლობდეს“.
მინისტრის მოადგილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ „განმცხადებელს მისი საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი იმ საფუძველზე არ დააკმაყოფილა, რომ მის წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებსა და იმ განაჩენებს შორის, რომლებსაც ის ასაჩივრდებდა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დაადგინა“.
მინისტრთა კომიტეტმა კვლავაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაანალიზოს შემდგომი, ზოგადი ხასიათის ღონისძიებების გატარების საჭიროება, „იმ დასკვნების სიმძიმის გათვალისწინებით, რაც ადამიანის უფლებთა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში, მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტზე გამოიტანა, მათ შორის, ახალი გამოძიების შედეგების გათვალისწინებით “.
მინისტრის მოადგილეებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, რომ „საკითხის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, კომიტეტის რეგულარული ინფორმირება უზრუნველყოს“, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის საჩივრები საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვას ელოდება. საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია კომიტეტს არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა უნდა მიაწოდოს.
მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი ბოლოს 2018 წლის დეკემბერში განიხილა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო ხდება, მისი აღსრულების გასაკონტროლებლად ის მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა.
მინისტრთა კომიტეტის წინა გადაწყვეტილება:
07/12/2018 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)