გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 8 ივნისი, N124.
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლის თავი თელავმა დიდებულად იდღესასწაულა. არავის ახსოვს ასეთი სანახაობა, როგორიც იყო მაისის 26.
სამზადისი 2 კვირის წინად დაიწყო ერობისა და ქალაქის მიერ შემდგარმა განსაკუთრებულმა კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა კ. სეხნიაშვილი, მხოლოდ დღესასწაულის მოწყობას საერთოდ ხელმძღვანელობას უწევდა დამფუძნებელ კრების წევრი იოსებ (სოსო) მაჭავარიანი.
დღესასწაულის სამხატვრო მხარე მიენდო მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავს რომელმაც შრომა, ენერგია, მეცადინეობა არ დაზოგა და საზოგადოების ყურადღებაც სამართლიანად დაიმსახურა. მუსიკალური განყოფილება დაევალა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილს და სხვა.
გათენდა მაისის 26.
მთელი თელავი პაწია პატარძალივით კოხტად მორთული დახვდა და დიდებულ დღეს, მთელი სახლები, დუქნები, ქუჩები მორთული იყო გრეხილობებით, ფოთლებით და ბაირაღებით. იმ ქუჩებზე, სადაც უნდა გაევლო პროცესიას გაკეთებული იყო კარვები.
ერობის შენობა მშვენივრად მოერთოთ ერობისვე მოსამსახურეთა კავშირს. აქ კარალას ამშვენებდა ვარდის ასოებით წარწერა. – „გაუმარჯოს საქართველოს და მაისის 26, 1918-1919 წლები“.
აგრეთვე საუცხოოდ იყო მორთული თელავის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის შენობა, კავშირი, სტამბა, თელავის კლუბი, სასწავლებლების შენობები, სოც-დემ პარტიის ბიურო, სახალხო გვარდიის შტაბი, ქალაქის გამგეობა, სოც-ფედ პარტიის ბიურო, რომლის ალაყაფის კარებში მაღლა ეროვნული და რევოლუციური დროშები მოსჩანდა თეთრ-წითელ ყვავილებში ჩასმული არჩილ ჯორჯაძის სურათი.
მაისის 26 მოედანზე საგანგებოდ გაკეთებული იყო დიდი ტრიბუნა რომელსაც სამი მხრიდან ამშვენებდა საქართველოს ღერბი.
შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობის, კოოპერატივის და შტაბის შენობებზე გამოფენილი იყო მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავის საგანგებოდ დახატული სამი დიდი სურათი: ერთი ახალგაზრდა ქართველი, რომელიც ქუდმოხდილ სალამს უძღვნის თავისუფალ საქართველოს, მეორე ჯარისკაცი და გვარდიელი ტყვიის მფრქვეველთან, რომელიც იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო მესამე ვეებერთელა 2X8 საჟენი სურათი წარმოადგენდა ქართველების ლხინს: ცალმხარეს გაჩაღებული თამაში და მხიარულობა იმის გამო, რომ იქით დარიალის ხეობისკენ მიდიან ხიშტიანები და მიაქვთ სამეფო გვირგვინი, აქვე მოხევე მიათრევს თოკით ჩრდილოეთისკენ ორთავიან არქივს, რომლის თვითმმართველობის გვირგვინი გვერდზე გდია და ხევსური კომბლით მიაგორვებს. ეს სურათი დიდ ყურადღებას იქცევდა საზოგადოებისგან.
დილა ადრიან მთელი ქალაქი გარედ გამოიფინა, გამოვიდნენ სადღესასწაულო კომისიის წევრნიც, რომელთა გულზე საგანგებო ნიშნები ჰქონდათ გაკეთებული, დაათვალიერეს ქალაქი, მისცეს ყველას უკანასკნელი განკარგულება და ათი საათიდან დაიწყო დღესასწაული.
როგორც წინდაწინ იყო შემუშავებული, 26 მაისის მოედანზე დაიწყო მიმდინარეობა: ამქრები მოვიდნენ ქალაქის გამგეობიდან, ყეენი მოიყვანეს კურდღელაურიდან. მოწაფეები, თავიანთი სასწავლებლებიდან, პარტიები სოფლის წარმომადგენლები ერობიდან და ჯარი თავიანთი ყაზარმებიდან. ყველამ დაიკავა თავიანთი ადგილები, ჯარის გაგრძელებით იდგნენ გვარდიელები და ბათუმის პარტიზანული რაზმის სათადარიგო ჯარისკაცნი და ამქრები. თელავის საკრებულო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა ქალაქის სამღვდელოების თანამსახურებით გადაიხადა სამადლობელი წირვა და პარაკლისი.
დღესასწაული გაიხსნა 12 საათზე. ტრიბუნაზე თავი მოიყარეს სადღესასწაულო კომისიის წევრებმა დამფუძნებელი კრების წევრ სოსო მაჭავარიანის მეთაურობით, რომელმაც ჩამოუარა ყველას: ჯარს, მოსწავლეებს, ამქრებს და ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მანვე გახსნა ზეიმი. მუსიკოსებმა შეასრულეს ეროვნული ჰიმნი, რომელიც ქედმოხრილი იქნა მოსმენილი, წარმოითქვა სიტყვები, შესრულებული იქნა სიმღერები და სხვა.
აქედან მთელი ეს ზღვა ხალხი სიმღერით, ზურნით, დუდუკ-საზანდარით და სამხედრო მუსიკით გაემართა ნადიკვრისაკენ, სადაც გაიმართა ჭიდაობა საჩუქრებით და სხვა გასართობები.
დღესასწუალის გათავების შემდეგ წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის შენობაში გაიმართა ნადიმი და ლხინი და მხიარულობა საღამომდე არ შეწყვეტილა …