სოხუმის საოლქო ციხეში მყოფი 11 დაპატიმრებული ბოლშევიკის ასეთი ვრცელი წერილი დაიბეჭდა 1920 წლის აგვისტოში, გაზეთ „ახალ კომუნისტში“.[1]
ბოლშევიკთა რედაქცია პატიმრების საჩივარს მეტ სიმძაფრეს მატებდა, მკითხველს არწმუნებდა მათ უდანაშაულობაში და ამ დაპატიმრებების სერიას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ „კუდიანებზე ნადირობად“ და „შეთითხნილ ჯაშუშურ თამაშებად“ წარმოაჩენდა.
საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად უწევდათ თავის მართლება და მტკიცება რომ „თეთრი“ თუ „წითელი“ რუსეთის ჯაშუშები ნამდვილად არსებობდნენ და, „მოსკოვის ოქროთი დაფინანსებულები“, გამუდმებით ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიგნიდან აფეთქებას.
ამ პოლიტიკური ბრალდებების მიმოცვლის ფონზე, რიგითი მკითხველისთვის ერთი რამ ცხადი იყო – რუსეთის მზვერავებს ბედი აშკარად არ სწყალობდათ და სოხუმის საოლქო ციხის პატიმრები არც პირველები იყვნენ და არც უკანასკნელნი, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის და სამხედრო კონტრ-დაზვერვის „სიმხეცეზე“ და „ჯალათურ ქმედებებზე“ მოთქვამდნენ…
საქართველო წითელი რუსეთის პირისპირ
1920 წლის გაზაფხულიდან სამოქალაქო ომის ალში გახვეულ რუსეთში ვითარება რადიკალურად შეიცვალა ბოლშევიკების სასარგებლოდ. მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს რუსეთის მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კავკასიის ფრონტზეც.
წითელი არმიის ნაწილებმა მარტისთვის მთლიანად გაწმინდეს ჩრდილოეთ კავკასია მოხალისეთა არმიისგან, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინათ საქართველოსათვის სერიოზულ საფრთხედ მოჩანდა. თეთრი გენერალი ერდელის გადარჩენილ ნაწილებს ისე წაუვიდათ საქმე, რომ საქართველოში მოუწიათ გამოხიზნვა.
1920 წლის 28 აპრილს წითელმა არმიამ თითქმის უბრძოლველად დაიკავა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო. ეს საკვანძო წარმატება იყო. რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნავთობის მარაგს უკვე საბჭოთა რუსეთი აკონტროლებდა. საბჭოთა რუსეთისთვის აზერბაიჯანული მოვლენები სულაც არ იყო ინერციით წინსვლა, ან შემთხვევითი გამარჯვება.
რუსული სამხედრო დაზვერვა გამუდმებით უთვალთვალებდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს და დაწვრილებით სწავლობდა ადგილობრივ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რამაც აზერბაიჯანში ელვისებური გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობა შექმნა. წითელი კომისრების თვალსაწიერზე უკვე საქართველო და ამიერკავკასიის საზღვაო კარიბჭე – ბათუმი გამოჩნდა.
ბათუმის ოლქს ჯერ კიდევ ბრიტანელები აკონტროლებდნენ, მაგრამ მათი ჯარები აბარგების პროცესში იყვნენ. მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ორი წელი თავგანწირული იბრძოდა ბათუმისთვის, რომ ის რუსეთის მოხალისეთა არმიის ან სხვა პრეტენდენტების ხელში არ ჩავარდნილიყო, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.
აპრილის დასაწყისში ქართული ჯარის და სახალხო გვარდიის ერთი ნაწილი ქობულეთის მხრიდან მიადგა ქალაქს, ხოლო მეორე დაჯგუფება უკვე 2 მაისს ქალაქ ართვინში შევიდა და ბათუმის დასაკავებლად ყოველდღიური მზადების რეჟიმში გადავიდა. თუმცა, არც ამ სცენარით შეშფოთებული ძალები ისხდნენ გულხელდაკრეფილი…
1920 წლის 23 აპრილს, ღამის პირველ საათზე ქობულეთთან – მდინარე კინტრიშის სარკინიგზო ხიდზე ძლიერმა აფეთქებამ ხიდის შუა ნაწილი 10 საჟენის სიგრძეზე ჩააქცია. დივერსიამ ხიდზე ყოველგვარი გადაადგილება შეაჩერა. საქმეს ისე ეტყობოდა, რომ დივერსანტები საკმაო ხანს უთვალთვალებდნენ გარემოს და მოხერხებულად ისარგებლეს ხიდზე ინგლისელი მცველების არყოფნით.
ქართული მხარე სასწრაფოდ შეუდგა ხიდის აღდგენას, რაშიც ბრიტანელებმაც გამოთქვეს დახმარების სურვილი. ადგილზე დანაშაულის გამოსაძიებლად თბილისიდან და ქუთაისიდან იუსტიციის და პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფები ჩავიდნენ.
თბილისიდან სპეციალური მისიით იქნა მივლინებული სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია, რომელმაც ეჭვით 10 მესაზღვრე დააკავა და მათი დაკითხვით ერთ-ერთი მესაზღვრის – კონსტანტინე კუზნეცოვის კვალზე გავიდა, რომელიც აფეთქების შემდეგ მიიმალა. კუზნეცოვი ფაჩულიამ სამტრედიაში დააპატიმრა.
საქმის მასალებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მალე გამოცდილ პოლიციელს დანაშაულის ორგანიზატორებზე სრული ინფორმაცია ჰქონდა. აფეთქების ორგანიზატორებად ბოლშევიკური იატაკქვეშეთის აქტიური მონაწილეები გერმანე ჯიბლაძე და აკაკი სურგულაძე გამოიკვეთნენ.
ამ ორეულის ანაბეჭდები ეტყობოდა მეორე საქმესაც.
30 აპრილს დღის პირველ საათზე ბათუმში ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრისკენ მიმავალ მოხალისეთა არმიის წარმომადგენელ გენერალ ვლადიმირ ლიახოვს უცნობმა თავდამსხმელებმა ზურგში რევოლვერი დაახალეს და მიიმალნენ. სასიკვდილოდ დაჭრილი გენერალი, რომელსაც ტყვიები ფილტვში ქონდა მოხვედრილი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საქართველოს სპეცსამსახურებს უკვე საფუძველი ჰქონდათ ევარაუდათ, რომ ბოლშევიკები შეტევისთვის ემზადებოდნენ. დივერსიები ერთმანეთს გადაება და მათი სიხშირეც იზრდებოდა. თუმცა სპეცსამსახურები დროდადრო ახერხებდნენ ერთი ფეხით დაესწროთ ბოროტგანმზრახველებისთვის. ამის საწინდარს კი წარსული წარმატებული აგენტურული მუშაობა ქმნიდა.
ზემოთ აღწერილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, 1920 წლის მარტის დასაწყისში განსაკუთრებული რაზმის აგენტებმა ბოლშევიკების მებრძოლი ჯგუფი დააკავეს. ჯგუფში ჩანერგილმა განსაკუთრებული რაზმის აგენტმა გამოააშკარავა, რომ ბოლშევიკები ქუთაისთან ახლოს, სადგურ რიონის სარკინიგზო ხიდის აფეთქებას აპირებდნენ, მაშინ როდესაც წითელი არმია თბილისს შეუტევდა, რათა ქართული ჯარისა და გვარდიის ზურგი მოეშალათ. ეს თბილისზე მოსალოდნელი შეტევის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო.
კინტრიშთან და ბათუმში ბოლშევიკების გააქტიურების შემდეგ ხელისუფლებას დასაბუთებული ეჭვი შეექმნა, რომ რუსები დაუყოვნებლივ გადმოვიდოდნენ შეტევაზე.
ასეც მოხდა, საბჭოთა რუსეთის კომპლექსური სადაზვერვო-დივერსიული მოქმედება 1920 წლის მაისის დასაწყისში აზერბაიჯანის მხრიდან ღია საბრძოლო შეტევაში გადაიზარდა.
პარალელურად, ბოლშევიკების მებრძოლი ჯგუფი თბილისში სამხედრო სკოლას დაესხა თავს, რომელიც იუნკრებმა და მათივე მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ჩხეიძემ მოიგერიეს.
სპეცსამსახურების მუშაობის შედეგიც იყო ის, რომ ქართული ჯარი და სახალხო გვარდია მომზადებული დახვდა მტერს. ჯარისკაცებმა მძიმე ბრძოლებში დიდი დანაკარგი მიაყენეს წითელი არმიის დანაყოფებს. სულ ცოტა ხნის წინათ, ჩრდილო კავკასიაში წარმატებით გათამამებული წითელარმიელები დამარცხდნენ როგორც ფარულ, ასევე ღია საბრძოლო მოქმედებებში და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.
ამას ისიც დაემატა, რომ დასავლეთის ფრონტზე წითელ არმიას არც პოლონეთში მისდიოდა კარგად საქმე. საქართველოზე ღია შეტევის წარუმატებლობამ აიძულა მოსკოვი კომპრომისი მოეძებნა იმ დროს რუსეთში მყოფ საქართველოს დელეგაციასთან.
1920 წლის 7 მაისს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ღია საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და დროებით მშვიდობამ დაისადგურა.
თუმცა კრემლს ფარულ მოქმედებებზე ხელის აღება არც კი უფიქრია. მათი მორიგი სამიზნე უკვე გამოკვეთილი იყო – აფხაზეთი. ქართული სპეცსამსახურების მიერ ეჭვმიტანილების – ჯიბლაძისა სურგულაძის კვალიც იქეთ მიდის.
ბოლშევიკები სოხუმის ოლქში
1919 წლის გაზაფხულზე, რუსეთის სამოქალაქო ომის სასწორი მოხალისეთა არმიის სასარგებლოდ გადაიხარა. მოსკოვზე შეტევამდე გენერალმა დენიკინმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გადაწყვიტა ანგარიშის გასწორება. სოჭის დაკარგვის შემდეგ საფრთხე პირდაპირ სოხუმის ოლქს დაემუქრა.
საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ყველა ხერხს განიხილავდა, მათ შორის – ბოლშევიკების გამოყენებას მოხალისეთა წინააღმდეგ, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლას გააგრძელებდნენ.
იუსტიციის სამინისტრომ 1919 წლის მარტში მასობრივი ამნისტია გამოაცხადა, სოხუმის ოლქში 1918 წლის ბოლშევიკური გამოსვლების მონაწილე პატიმრები ციხიდან გაათავისუფლა და ადგილობრივი სახალხო მილიციისა და აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა. თუმცა, მალე ქართული შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად დენიკინის საფრთხე გაანეიტრალეს. გამოშვებულ ბოლშევიკებთან კი სპეცსამსახურებმა კატა-თაგვობანას თამაში დაიწყეს.
1919 წლის აგვისტოში, სოხუმის ბოლშევიკური არალეგალური კონფერენციის მუშაობისას, ბოლშევიკებმა მოაწყვეს რუსეთის კომუნისტური პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტი, რომელსაც შემოკლებით „СОК“ (Cухумски окружнои комитет) ეძახდნენ. ამ კომიტეტმა მიზნად დაისახა არალეგალური მუშაობით და შეიარაღებული აჯანყების მომზადებით აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოცილება, საბჭოთა რუსეთისთვის მიერთება და პლაცდარმის მომზადება საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამხობისა და რუსეთის მხრიდან ოკუპაციისათვის.
სოხუმის საოლქო კომიტეტის აქტიური წევრები და ორგანიზატორები იყვნენ: სევერიან კუხალეიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი, ჰანს ლემბერგი (ფსევდონიმით „Гегель“) და სხვები.
დასახული მიზნის განსახორცილებლად ბოლშევიკებმა სოხუმის საოლქო კომიტეტთან ერთად მოაწყვეს გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტი და სხვა წვრილი ორგანიზაციები სხვადასხვა მხარეებში.
გაგრის სამაზრო რევკომს დავალებული ჰქონდა გაგრის ფრონტზე მდგარ ქართული ჯარის ნაწილებში ბოლშევიკური აგიტაცია, მათი დეზორგანიზაცია და დაშლა. თუმცა, საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოცდილი კომპეტენტური კადრები მუშაობდნენ როგორც საპოლიციო, ისე სამხედრო სპეცსამსახურების მხრიდან.
აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებულ რაზმს თარასხან (ილია) დიმიტრის ძე ეშბა ხელმძღვანელობდა. გაგრის სამხედრო კონტრ-დაზვერვის ზონაში მუდმივ კონტრ-დაზვერვით ოპერაციებს ატარებდა სამხედრო სამინისტროს დამზვერავი ნაწილის კონტრ-დაზვერვის განყოფილება და სახალხო გვარდიის კონტრ-დაზვერვა. ეს სამსახურები კარგად იყვნენ ინფორმირებული აფხაზეთის ბოლშევიკების ქმედებების შესახებ და 1920 წლის ზაფხულში მოქმედებაზე გადავიდნენ.
1920 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან განსაკუთრებულმა რაზმმა სოხუმში ბოლშევიკების დაპატიმრება დაიწყო: 16 ივნისს დააპატიმრეს სოხუმის საოლქო კომიტეტის წევრი კონსტანტინე მაკაროვი, 21 ივნისს სოხუმში დააპატიმრეს საოლქო კომიტეტის წევრები – სევერიან კუხალეიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი და ჰანს ლემბერგი. კუხალეიშვილის სახლში საბრძოლო იარაღი, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და ბიკფორდის ზონარები აღმოაჩინეს, რომელსაც ის საქათმეში მალავდა. მასვე აღმოაჩნდა სოხუმის სამხედრო რუკა და არალეგალური ბოლშევიკური ლიტერატურა.
ამავე დროს დააპატიმრეს ისააკ ჟვანია და აფხაზეთის ახალგაზრდა კომუნისტთა ორგანიზაცია „სპარტაკის“ მეთაური, ნიკოლოზ ბოკუჩავა, რომლებიც სამურზაყანოში (დღევანდელი გალის რაიონი) იყვნენ გაგზავნილი სამუშაოდ.
ამავე დროს, ფოთში დააპატიმრეს ჯარისკაცი ვარლამ კილაძე, რომელიც ფოთის ბოლშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის ლიდერი იყო და კავშირი ჰქონდა გაგრის სამაზრო რევკომთან. კილაძე სპეციალური მისიით იყო შესული სამხედრო სამსახურში, რათა უკეთ ეწარმოებინა არალეგალური საქმიანობა სამხედრო ნაწილებში – იგი ფირცხალაიშვილის ყალბი საბუთებით სარგებლობდა, რომელიც ყუბანის ოლქში იყო დამზადებული.
თუმცა, ქვეყნის თავდაცვისათვის და კონტრდაზვერვისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუდაუთის კომიტეტის მეთაურის, ვასილ აგრბას დაპატიმრება იყო. აგრბა ყოფილი მღვდელი იყო, მან 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ანაფორა გაიხადა და ბოლშევიკურ მოძრაობას შეუერთდა.
დაპატიმრებულ აგრბას ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩნდა. მას სოლიდური მისია ჰქონდა დაკისრებული – სწორედ აგრბას უნდა შეეკრიბა მებრძოლების ძირითადი მასა, რომლებსაც აჯანყების დაწყებისას ზურგში უნდა დაერტყათ გაგრის ფრონტზე განლაგებული ქართული სამხედრო დანაყოფებისთვის. მისი საბრძოლო რაზმები გუდაუთის აფხაზური სოფლების მცხოვრებთაგან შედგებოდა.
აგრბას დაპატიმრებისას ამოღებულ მასალებში ჩანდა, რომ მას მუშაობა ჰქონდა გაჩაღებული რვა სასოფლო საზოგადოების ბოლშევიკურ კომიტეტებთან, რომელთაც 14 საბრძოლო რაზმი ჰყავდათ, სულ 560 მებრძოლით. მათი ნაწილი უკვე შეიარაღებული იყო, დანარჩენ იარაღს აგრბა გაგრის კომიტეტისგან ელოდა. აგრბას აღმოუჩინეს 10 ცალ-ცალკე აღრიცხული სია, სადაც მებრძოლი რაზმების რაოდენობა და ყველა მებრძოლის სახელები და გვარები იყო აღრიცხული:
- ლიხნში 70 კაცი, მათ შორის 40 ვინტოვკიანი. სოფელ დურპშახში – 30 კაცი, მათგან 10 შეიარაღებული. ახტოზახში – 50 კაცი, მათგან 30 შეიარაღებული. აცახში – 30, მათგან 15 შეიარაღებული, აბგარკახში – 70, მათგან 30 შეიარაღებული.
- ჯირხვანის საზოგადოება – 21 მებრძოლი.
- კალდახვარის კომიტეტის წევრები; ჩაგუ აშხარავა, მახტი ბენია და კონჯარია იყვნენ 30 მებრძოლით.
- ოთხარის საბრძოლო ჯგუფის 49 წევრი.
- 93 მებრძოლი.
- ბალდაქვარის კომიტეტის წევრები 15 კაციანი რაზმით. ამავე სიაში იყო რამდენიმე სასოფლო კომიტეტის სიები; მუგუდზირხვანის, ოთხარის, ჯირხვანის, კალდახვარის, ბარმიშის და ზვანდრიშის, თითოეული კომიტეტი 3 კაცისგან შედგებოდა.
- ბარლუშახის კომიტეტი, რომლსაც 28 მებრძოლი ჰყავდა.
- კალდახვარის კომიტეტის დამატება, რომელშიც 20 გვარი იყო მონიშნული.
- ჯირხვანის დამატება 22 გვარით.
- მუგუდზირხინის დამატება 41 გვარით.
აგრბას დაკავებისას აღმოჩენილი დოკუმენტები დიდი ოპერაციის მზადებაზე მიუთითებდა, რისი სხვა ნიშნებიც თარასხან ეშბას კონტრ-მზვერავებს არ გამოჰპარვიათ. 7 ივნისს, კალდახვარიდან სამაზრო კომიტეტის თვამჯდომარე ჩაგუ აშხარავას გაგიზავნა საბჭოთა რუსეთში, რომელსაც აფხაზი ხალხის „რევოლუციური“ განწყობები უნდა მოეხსენებინა ამხანაგებისათვის.
ქართული სპეცსამსახურისათვის ისიც ცნობილი იყო, რომ ეკატერინოდარში [დღევანდელი კრასნოდარი] მუშათა და გლეხთა ყრილობაზე გამოვიდა „აფხაზეთის წარმომადგენელი“ ნესტორ ლაკობა და განაცხადა -„საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთში ნუღარ აურევთ, რადგან აფხაზეთს სურს საბჭოთა რუსეთს შეუერთდესო“. ყრილობის ანგარიში გაზეთ Заря красного Черномория-ში დაიბეჭდა.
ვასილ აგრბას გაჩხრეკისას აღმოუჩინეს 9 ივნისს მიღებული ძალზე საყურადღებო წერილი, რომელსაც მას გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე სწერდა:
ეს წერილი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ გაგრის, გუდაუთისა და აფხაზეთში მოქმედ სხვა კომიტეტებს კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან და აგრეთვე, დაკავშირებული იყვნენ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალებთან. კომუნისტები აქტიურად ემზადებოდნენ აჯანყებისთვის, მაგრამ მთავარი კომიტეტის წევრების დაპატიმრებამ მათი გეგმები ჩაშალა. საქმის ძიება სოხუმის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დიმიტრი ჩხატარაშვილმა და მისმა თანაშემწე პროკურორმა სულთანოვმა დაიწყეს, სამხედრო გამოძიებას ლეიტენანტი კანდელაკი უძღვებოდა.
ბოლშევიკები გაგრის რაიონში
ბოლშევიკურ იატაკქვეშეთისთვის გაგრის რაიონი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, რადგან იქ იდგა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და ჩრდილოეთიდან შეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად ამ დანაყოფის დაშლა-დეზორგანიზება პირველი რიგის ამოცანად ჰქონდათ ბოლშვევიკებს დასახული. ამ საქმიანობაში, ბოლშევიკები კარგად იყვნენ გამოცდილი ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან.
გაგრის სამაზრო რევკომს, რომელსაც ახალგაზრდა ბოლშევიკი, ნიკოლოზ ვოლკოვი მეთაურობდა, განსაკუთრებული მისია ჰქონდა – იგი ამყარებდა კავშირს როგორც სოხუმის საოლქო კომიტეტთან, ასევე გუდაუთისა და სამურზაყანოს რაიონის კომიტეტებთან. სწორედ ის იყო მთავარი მეკავშირე სოჭში განლაგებული წითელი არმიის შტაბისა და რუსეთის კომუნისტური პარტიის ყუბანის სამხარეო კომიტეტისათვის, მათთვის უნდა გადაეცა მოპოვებული ინფორმაცია და მათგან მიეღო სამოქმედო ინსტრუქციები. მასვე უნდა შეეძინა საბრძოლო მასალები, მოეწყო დამრტყმელი საბრძოლო ჯგუფები, შემოეკრიბა ახალი წევრები და კავშირი დაემყარებინა ქართველ ჯარისკაცებთან.
სწორედ ვოლკოვის ფსევდონიმი იყო „ნიკო ვერდი“, რომლითაც იგი ხელს აწერდა სხვადასხვა საბუთებს და გაგრის რევკომის მიერ გაცემულ მანდატებს. ვოლკოვი, როგორც გამოცდილი მზვერავი, ხშირად ყალბ საბუთებსაც იყენებდა; მაგალითად, სოხუმთან კავშირისთვის იგი ვიგრიანოვის საბუთებით სარგებლობდა, რაც მიღებული პრაქტიკა იყო ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში. სწორედ ეს ვოლკოვი, როგორც აღმოჩნდა უკვე კარგა ხანი მალავდა ბათუმის ბოლშევიკური ორგანიზაციის ორ გამოქცეულ ტერორისტს – ჯიბლაძესა და სურგულაძეს.
როცა ვოლკოვი მიხვდა, რომ შავიზღვისპირეთის იატაკქვეშა ჯგუფების ერთმანეთის მიყოლებით ჩავარდნა მასაც კარგს არაფერს უქადდა, გაგრის სასწრაფოდ დატოვება გადაწყვიტა. შეგროვილი ინფორმაციით, არალეგალური სამუშაოსთვის ცენტრიდან მიღებული ფულით და სამი თანამგზავრით ვოლკოვი სასაზღვრო ზონას მიადგა, თუმცა საზღვარზე სამი მათგანი დააკავეს, ხოლო თავად ვოლკოვმა გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა მოასწრო.
სანაპირო (სასაზღვრო) ჯარების შტაბის უფროსი, მაიორი მოსე გობრონიძე 1920 წლის 30 ივნისს თავის მოხსენებაში წერდა:
„აგენტურული ცნობებით მე გავიგე, რომ ვინმე ოთხი კერძო პირი, რომლებიც ევროპულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი, 25 ივნისს გავიდნენ გაგრიდან და მიდიან ყუბანში საიდუმლო დავალებით და თან მიაქვთ მრავალი საბუთები, ის გზები, რომლითაც შეეძლოთ მათ გადასვლა ჩემი აგენტების მიერ თვალყურის დევნების ქვეშ იყვნენ. ჩემ მიერ გაგზავნილი (გვარდიის კონტრ-დაზვერვის) უფროსი გ. თავს წააწყტა ამ ოთხ კაცს და შეიპყრო ისინი შემდეგ პირობებში; მთებში მათ გზა დაბნეოდათ და მიემართათ მწყემსისთვის რომ მას ეჩვენებინა მათთვის გასავალი გზა, მწყემსი ჩემი აგენტი იყო, მწყემსმა ისინი მოიყვანა იმ ადგილზე, სადაც სიმაღლე 1140 /რუკა 2 ვერსის/ ჩვენი ჯარების წყება დგას და გადაეცა მეორე რაზმის ლეიტენანტ ცინცაძისთვის.
მათ ამოეღოთ საშვები, რომელსაც ვითომდა შტაბის ბეჭედი ქონდეს დარტყმული და ჩემი ხელმოწერილი ყოფილიყო, ეჩვენებინათ ლეიტენანტ ცინცაძისთვის და განუცხადებიათ, რომ ისინი შტაბის უფროსისგან გაშვებული არიან საიდუმლო დავალებით, მათ ლეიტენანტ ცინცაძისთვის ეთხოვნათ გაეშვა ისინი მეორე რაზმის მეცხრე გუნდში, სადაც ყოლებოდათ მათ ნათესავი ჯარისკაცები. ცინცაძეს ნება დაერთო მათთვის და გაეყოლებინა ერთი ჯარისკაცი, მაგრამ როდესაც დაღამდა ისინი დარჩნენ ტყეში ღამის გასათევად და ჯარისკაცი წასულიყო გუნდში, მეორე დღეს ჩემი გაგზავნილი აგენტი გ. შეხვდა ჯარისკაცს, რომელმაც უამბო ყველაფერი მას და გ.-მ ჯარისკაცთან ერთად შეიპყრო ზემოხსენებული პირნი. შეიპყრო სამი კაცი, ხოლო მეოთხემ რომელიც ტომით რუსი იყო, მოასწრო გაქცევა.
მათ აღმოაჩნდათ შვიდი სამხედრო რუკა, ერთ მათგანზე ჩვენი ჯარების პოზიციები არის დანიშნული. ორ მათგანს სურგულაძეს და ჯიბლაძეს აღმოაჩნდათ ორ-ორი მანდატები, ერთი ბათუმის და ერთი გაგრის ორგანიზაციებიდან, რომლიდანაც ჩანს, რომ ჯიბლაძე არის ინსტრუქტორი სამხედრო კომიტეტისა და სურგულაძე კი მწევრი ამავე კომიტეტისა. მესამე პირი აღმოჩნდა მეორე რაზმის ჯარისკაცი კალანდარიშვილი, რომელიც გადაეცა მეორე რაზმის უფროსს გასასამართლებლად, როგორც დეზერტირი. მათ აღმოაჩნდათ ერთი საბუთი, რომელიც საყურადღებოა, მანდატი რომლითაც აკაკი სურგულაძეს ევალება გასწიოს მოლაპარაკება გაგრის კომუნისტთა პარტიის სახელით ყუბანის რევკომთან მომავალი მუშაობისთვის გაგრის ფრონტზე. მათ აღმოაჩნდათ აგრეთვე რამოდენიმე წერილი და ქაღალდები სხვადასხვა წარწერებით.“
ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაპატიმრებულებიდან ორნი – გერმანე ჯიბლაძე და აკაკი სურგულაძე უკვე საიდუმლოდ იძებნებოდნენ, რადგან მათზე ფაჩულიამ ადრევე, ბათუმის მოვლენებისას შეაგროვა ცნობები და ყველა მაზრის მილიციის კომისრებს დაუგზავნა მათი ვინაობა. სურგულაძე და ჯიბლაძე პირველივე დაკითხვაზე გამოტყდნენ, რომ მათ ააფეთქეს კინტრიშის ხიდი ბათუმელი ბოლშევიკის, ნიკოლოზ ანასტასიადის სახელოსნოში დამზადებული ბომბებით და სწორედ სურგულაძემ მოკლა გენერალი ლიახოვი.
სურგულაძეს და ჯიბლაძეს აღმოაჩნდათ 75 000 მანეთი ე.წ „კერენკები“, ასევე, ციფრებით შედგენილი, რუსულ ანბანს მორგებული შიფრი, გაგრის რაიონის ფრონტის, სოხუმის ოლქის და მეზობელი რაიონების ექვსი „ხუთვერსტიანი“ მასშტაბის რუკა.
გაგრის რაიონის რუკაზე ქიმიური ფანქრით აღნიშნული ორი ადგილი მდინარე ფხისტას და მაღლობ ახახარის შუა, აგრეთვე ნაჩვენები იყო მაღლობები: 1428 – მდინარე ფსოუს მახლობლად, გადასასვლელი მდინარე ლონსტაზე და მაღლობი 1411, მთა შახანი, მდინარე მეხადირზე გადასასვლელი და ათი პუნქტი მდინარე მეხადირსა და მთა შახანს შორის.
გარდა სხვა საბუთებისა, მათ აღმოაჩნდათ ხუთი მანდატი. ორი მათგანი ეკუთვნოდა სურგულაძეს და ჯიბლაძეს და გაცემული იყო ბათუმში 17 და 19 მაისის ბათუმის ორგანიზაციის მიერ. მანდატებში აღნიშნული იყო, რომ ისინი – „დაწყებული საქმის ჩაშლის გამო იძულებულნი არიან დატოვონ ბათუმი და გადავიდნენ საბჭოთა რუსეთის ნავსადგურებში“.
როგორც მოგვიანებით გერმანე ჯიბლაძე წერდა, მათი მუშაობა ბათუმში შეუძლებელი გახდა, რადგან ტერორისტული აქტების განხორციელების შემდეგ მათ კვალზე მალე გავიდნენ ინგლისის სამხედრო პოლიცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსულოში მოქმედი ქართული კონტრ-დაზვერვა, ამიტომ დატოვეს ბათუმი და გაგრაში წავიდნენ.
ჯიბლაძე წერდა, რომ ისინი გასცა გემის მექანიკოსმა დანელიამ, რომელიც ქართული კონტრ-დაზვერვის აგენტი აღმოჩნდა. დანარჩენი 2 მანდატი გაცემული იყო გაგრის სამაზრო კომიტეტის მიერ 13 ივნისს იმავე სურგულაძის და ჯიბლაძის სახელზე, საიდანაც ირკვეოდა, რომ სურგულაძე წევრი იყო გაგრის მაზრის სამხედრო კომიტეტისა და ჯიბლაძე კი – ინსტრუქტორი იმავე კომიტეტისა.
მეხუთე მანდატი ეკუთვნოდათ სურგულაძეს და ვოლკოვს, რომლიდანაც ჩანდა, რომ 19 ივნისის დადგენილებით ისინი იგზავნებოდნენ ყუბანის რევოლუციურ კომიტეტთან გაგრის ფრონტზე მომავალი მუშაობის შესათანხმებლად. მესამე დაკავებულმა, მეორე რაზმის გადამწერმა – ლევან კალანდარიშვილმა აღიარა, რომ ბოლშევიკებს თანაუგრნობდა და საბჭოთა რუსეთში მიდიოდა „საბჭოთა ცხოვრების გასაცნობად“, მაგრამ სამხედრო ნაწილიდან დოკუმენტები არ გაუტაცია და ნაწილში ბოლშევიკურ აგიტაციას არ ეწეოდა, თუმცა სახალხო გვარდიის სანაპირო რაზმის კონტრ-დაზვერვის უფროსი გეგეჭკორი ეჭვობდა, რომ კალანდარიშვილმა საბუთების განადგურება მოასწრო.
დაპატიმრება „ესტონიაზე“
1920 წლის 17 აგვისტოს თარასხან ეშბა და მისი თანამშრომლები სახალხო მილიციის ჯგუფთან ერთად სოხუმის პორტში გემს ელოდნენ. ეშბას საბჭოთა რუსეთიდან სანდო ცნობა მოუვიდა, რომ გადაწყვეტილი იყო სოხუმის ციხეში მყოფი, სოხუმის საოლქო და გაგრის კომიტეტის მეთაური ბოლშევიკების ციხიდან გაქცევის მოწყობა, რისთვისაც რუსეთიდან რამდენიმე პირი მოდიოდა დიდძალი ფულით.
მალე პორტში შემოსულ პატარა გემ „ესტონიაზე“ განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლები და სახალხო მილიციელები ავიდნენ და გემზე მყოფი 17 მგზავრი დააკავეს. გემის გაჩხრეკისას მასზე დიდი რაოდენობით საბჭოთა პროპაგანდისტული ლიტერატურა აღმოაჩინეს. მგზავრების ჩხრეკისას ორი მათგანი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ისინი საბჭოთა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ.
ერთმა მათგანმა, ვლადიმერ საზონოვმა განაცხადა, რომ ის საქართველოში მყოფი საბჭოთა საელჩოს და ტუაფსეს რევკომის რწმუნებული იყო და შავიზღვისპირეთიდან საბჭოთა რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია ჰქონდა დავალებული. მეორე დაკავებულმა თქვა, რომ საზონოვის თანაშემწე – ივანე კუცენკო იყო. მათვე აღმოუჩინეს მეფის რუსეთის დროინდელი 200 000 მანეთი. საზონოვს თან ჰქონდა საქართველოში საჭოთა წარმომადგენელის მრჩევლის, სერგო ქავთარაძის ხელმოწერილი მოწმობა N 349, ასევე მას უნახეს სამხრეთის ფრონტის სამხედრო საველე შტაბის მოწმობა, სოხუმის ციხის პატიმრის მოწმობა (როგორც აღმოჩნდა, ის 1918 წლის ბოლშევიკურ აჯანყებაში მონაწილეობდა და სოხუმის ციხეშიც მჯდარა), СОК-ის 1919 წლის ივლისის მანდატი და სხვა საბუთები.
გამომძიებლებმა კუცენკოსგან ამოღებულ საბუთებში და უბის წიგნაკში შეამჩნიეს, რომ მისი ხელწერა ძალიან ჰგავდა ვასილ აგრბასთან ნაპოვნ წერილში „ნიკო ვერდის“, სურგულაძისა და ჯიბლაძის მანდატების ხელწერას, რადგან გამომძიებლებმა უკვე იცოდნენ რომ „ნიკო ვერდი“ ნიკოლოზ ვოლკოვის ფსევდონიმი იყო, მათ ეჭვი გაუჩნდათ რომ კუცენკო სინამდვილეში ნიკოლოზ ვოლკოვი იყო, თუმცა პატიმარი ამას უარყოფდა. კუცენკო აჩვენეს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე უბირიას, რომელიც იცნობდა ვოლკოვს და მან დაადასტურა რომ კუცენკო სინამდვილეში ნიკოლოზ ვოლკოვი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის ზაფხულში აფხაზეთის ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ყველა ლიდერი დაპატიმრებული იყო, ოქტომბერში ალაგ-ალაგ ქაოტური გამოსვლები მაინც მოხდა. ამავე დროს დააკავეს ჯგუფი, რომელსაც მიზნად ჰქონდა ნიკოლოზ ვოლკოვის ციხიდან გაქცევის მოწყობა. სამთავრობო ძალებს, რომლებიც სიტუაციას უკვე სრულად აკონტროლებდნენ, აღარ გასჭირვებიათ მათი განეიტრალება.
„ბოლშევიკური თესლები“
„საყურადღებოა ერთი მოვლენა, ის „სევა“ კუხალეიშვილი, რომელიც შემდეგში „ბოლშევიკად“ გახდა, დიდ პატივში იყო ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა პარტიაში: ყოველ საარჩევნო „კომპანიაში“ მაზედ იყო იმედი დამყარებული. რევოლუციის პირველ ხანებში, როცა ჟანდარმთა უწყება დაინგრა და მათი ყველა ქაღალდები ჩვენ ხელში გადმოვიდა, მიწერ-მოწერის განხილვის დროს აღმოჩნდა, რომ ერთი ძმა – სპირიდონ კუხალეიშვილი თურმე ჯაშუშად მსახურობდა და თვით „სევა“ ადგილობრივ „საჟანდარმოს“ უფროსის მფარველობის ქვეშ ყოფილა. 1907 წელს მთელი ჯგუფი სოხუმელ სოციალ-დემოკრატების ფარული ლიტერატურით დაჭერილ იქმნა, ამ ჯგუფში „სევაც“ ერია, მაგრამ მას, როგორც სჩანს ერთი ქაღალდისგან, გამოესარჩლა ადგილობრივი „საჟანდარმოს“ უფროსი და მოითხოვა „სევას“ სოხუმში დატოვება, რადგან ის მისთვის საჭირო კაცია; მიუხედველად იმისა, რომ ეს ქაღალდი წაკითხულ იქმნა ყველა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ პარტიის მეთაურებისაგან, „სევა“ მაინც მოქმედ და ხელმძღვანელ პირად დარჩა სოციალ-დემოკრატიის პარტიაში. ასეთი კაცის შემწეობით მთავრობა იარაღს ურიგებდა მცხოვრებთ: „სევას“ მეოხებით შეიარაღებულია ყველა ის ბაბუშერელი „მობოლშევიკე“ მეგრელები, რომელთა საწინააღმდეგოდ მთელი ჯარის და არტილერიის წამოყენება დაგვჭირდა „კოდორის ფრონტზედ“. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ ამ „სევას“ რამე დადებითი მხარე, ღირსება აქ ისეთი, რომელსაც აფასებს პარტია: ერთად ერთი მოსათმენი ღირსება ამ „მოღვაწის“ ის არის, რომ სირბილი, ჩხუბი, მუქარა და ძალადობა შეუძლია არჩევნების საქმეში; სხვა მხრივ კი სრულიად მოუმზადებელი, უვიცი, უზრდელი და ბრიყვი ადამიანია: იშვიათია ისეთი კაცი სოხუმში, რომ ამ დაუდეგარ და ყბედ ადამიანთან უსიამოვნება არ მოსვლოდეს, მთელი ოჯახი ამ კუხალეიშვილის „ანარქიის“ საზოგადოებური საქმეების არევ-დარევის თანამგრძნობელი და ხელის შემწყობია, ყველა ისენი სხვადასხვა საპასუხო სახელმწიფო და საზოგადოებურ თანამდებობაში იყვნენ ჩაყენებული; ზოგი დეპეშების საქმეზედ, ზოგი ბანკებში და ზოგი სამაზრო სამმართველოში.
ჯაშუში სპირიდონი მისმა ძმამ – „სევამ“ გააპარა: როცა აღმასრულებელ კომიტეტში გამომჟღავნდა ცნობები სპირიდონის ჯაშუშობის შესახებ, სევას ამხანაგებმა ურუშაძემ და სხვებმა მხარი დაუჭირეს იმ წინადედებას რომ სპირიდონს სამი დღის ვადა მისცემოდა პასუხის წარმოსადგენად, თვით სევა მისი ძმის გასამართლების დროს მონაწილეობას ღებულობდა და არც ერთ სოციალისტს ამ უწესობის წინააღმდეგ ხმა არ დაუძრავს, როცა პასუხის წარმოდგენის ვადა გათავდა კომიტეტს ცნობა მოუვიდა ჯაშუში გაქცევას აპირებსო, დაჩქარებით ჯარისკაცები გაიგზავნა მის მოსაყვანად: სევა როგორც კომიტეტის წევრი, დახვდა ჯარისკაცებს, შეაჩერა ისინი, მანამდი, სანამ მისმა ძმამ გადაცმა და გაქცევა მოასწრო. ეს ფაქტი გამომჟღავნდა ჯარისკაცების განცხადებით კომიტეტში, მაგრამ აქაც სოციალისტებმა მხარი დაუჭირეს პარტიულ ამხანაგს.
როცა „ბოლშევიკების“ შემოსვლა სოხუმში წინასწარ გადაწყვეტილი იყო, უეჭველია სევას მოხერხებით ჯაშუში სპირიდონი ორი დღით ბოლშევიკებზედ ადრე შემოვიდა ქალაქში, გაჩხრეკის დროს ჯაშუშ სპირიდონს აღმოაჩნდა მოწმობა იმის, რომ ის ყოფილა მოქმედ ჯარში მეათე არმიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი. როცა ბოლშევიკები პირველად განდევნეს, ბენია ჩხიკვიშვილის თავმჯდომარეობით შესდგა სამსაჯულო ჯაშუში სპირიდონის განსასჯელად, სამსაჯულომ ის დანაშაულად იცნო, მაგრამ არავითარი სასჯელი არ მიუსაჯა მას.“
1919 წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „საქართველოში“ ნიკო თავდგირიძის სკანდალურმა სტატიამ „ბოლშევიკური თესლები“, რომელიც პუბლიკაციების ციკლის – „აფხაზეთში“ ნაწილი იყო, დიდი სკანდალი გამოიწვია. მისმა მოურიდებელმა და წინდაუხედავმა კრიტიკამ ხელისუფლებას წონასწორობა დააკარგვინა და გაზეთი „საქართველო“ დახურა, თუმცა თავდგირიძე გაჩრებას არ აპირებდა და „საქართველოს“ ნაცვლად გამოსული „ახალი საქართველოს“ ფურცლებიდანაც ისევ გაჰკრა კბილი კუხალეიშვილს. ამჯერად ის სევას აფხაზ ბოლშევიკ – ეფრემ ეშბასთან ერთად ბაბუშერაში ოფიცერ ნიკოლოზ ემუხვარის დაჭერაში და რუსი მეზღვაურებისათვის გადაცემაში ადანაშაულებდა.
1918 წლის გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აფხაზეთში მართლაც დიდი ამბები იყო; აჯანყებულმა ბოლშევიკებმა აფხაზეთი ანარქიის მორევში გაახვიეს, თუმცა მალე სახალხო გვარდიის ნაწილებმა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით მდინარე კოდორთან გადამწყვეტ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ბოლშევიკური რაზმები. როგორც თავდგირიძე წერდა, 17 მაისს, შუადღისას, ვალიკო ჯუღელი სოხუმში თეთრ ცხენზე ამხედრებული, ტრიუმფით შევიდა, ხოლო აჯანყების მეთაურები ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და მათ შორის სევერიან კუხალეიშვილიც, რომელიც ბოლშევიკური მებრძოლი რაზმების შტაბის უფროსი იყო, აფხაზეთიდან გაიქცნენ. ნესტორ ლაკობა გვარდიელებმა სოჭში დაიჭირეს და 1919 წლამდე დაპატიმრებული იყო, შემდეგ კი საქართველოდან გააძევეს.
სევას არც საბჭოთა რუსეთში გასჭირვებია თავის დამკვიდრება, მან მონაწილეობა მიიღო მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში და თავიც გამოიჩინა, იგი ვლადიკავკაზის საგანგებო კომისიის (ЧК) კომენდანტად დაინიშნა. 1919 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკების მარცხისა და მოხალისეთა არმიის შემოჭრის შემდეგ სევერიან კუხალეიშვილმაც დევნილ ბოლშევიკებთან ერთად ყაზბეგის გზით ისევ საქართველოს შეაფარა თავი. მოხალისეთა არმიის ასეთი ზეწოლის პირობებში საქართველოს ხელისუფლება უკვე დაპატიმრებულ ბოლშევიკებსაც კი ციხიდან უშვებდა და, რა თქმა უნდა, კუხალეიშვილის დაპატიმრება არაფერში სჭირდებოდათ. იგი აფხაზეთისკენ თავისუფლად გაატარეს, სადაც მოგვიანებით СОК-ის ერთერთ დამფუძნებელი გახდა.
შეხვედრა წარსულთან
სევერიან კუხალეიშვილს, ისევე როგორც აფხაზეთის ძველი ბოლშევიკების უმრავლესობას, რთული წარსული ჰქონდა. იგი 1912 წლამდე მენშევიკი იყო, შემდეგ ბოლშევიკებთან გადაბარგდა, საიდანაც 1916 წელს ისევ მენშევიკებს დაუბრუნდა და 1918 წელს კი ისევ ბოლშევიკთა ბანაკში ამოყო თავი. 1913 წელს სოხუმთან ახლოს, „ვენეციურ ხეობაში“ ექსკურსიის საფარქვეშ დიდი არალეგალური კონფერენცია გაიმართა – პარტიის გაერთიანების, პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და სახალხო უნივერსიტეტების საღამოს არალეგალური კურსების მოწყობის თაობაზე.
დამსწრეთა შემადგენლობა სოლიდურად გამოიყურებოდა. კონფერენციაზე აფხაზეთის ყველა პარტიული ლიდერი და პეტერბურგიდან სტუმრად ჩამოსული მენშევიკი ვერა ციდერბაუმი მონაწილეობდა, რომელიც ცნობილი რუსი მენშევიკის – იულიუს მარტოვის და იყო. აფხაზეთის მენშევიკებს, ალექსანდრე დგებუაძეს, ფილიმონ ჩხარტიშვილს, ბენედიქტე დგებუაძეს, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძეს და სხვებს ალექსანდრე ჩიქავა მეთაურობდა, ხოლო ბოლშევიკებს ვალიკო ჯუღელი, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ბოლშევიკი იყო და აფხაზეთის ბოლშევიკებზე დიდი გავლენა ჰქონდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა ბოლშევიკი ისააკ ჟვანია, რომელიც, როგორც მისი თანამებრძოლების უმრავლესობა, თავიდან მენშევიკი იყო და 1912 წლიდან შეავსო აფხაზი ბოლშევიკების რიგები. კონფერენცია უშედეგოდ დასრულდა და შეთანხმება ვერ მოხერხდა. როგორც ჟვანია იხსენებდა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში მენშევიკებს უზარმაზარი გავლენა და რესურსი ჰქონდათ ბოლშევიკებთან შედარებით, ბოლშევიკებმა მაინც მოახერხეს თავიანთი შეხედულების დაცვა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ბოლშევიკების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ვალიკო ჯუღელი ნოე ჟორდანიას მიემხრო და სახალხო გვარდიის ორგანიზატორადაც იქცა, თუმცა, როგორც ჩანს, მას გავლენა არ დაუკარგავს ყოფილ თანამებრძოლებზე და მისმა ავტორიტეტმა დიდი სამსახური გაუწია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აფხაზეთის შენარჩუნებაში.
ისტორიის დასასრული
1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ფარულ სამზადისს შეუდგა. მმართველი პარტიის საინფორმაციო ქსელებიდან და გენერალური შტაბის დამზვერავ განყოფილებაში უწყვეტად მოდიოდა ცნობები აზერბაიჯანში მდგარი მე-11 წითელი არმიის საბრძოლო გეგმებზე. გენერალური შტაბი და პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ წითელი არმიის თავდასხმა დეკემბრის დასაწყისში დაიწყებოდა.
გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ილია ოდიშელიძე დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა რუსეთი არა მარტო აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებიდან, არამედ კავკასიონის გადმოსასვლელებით და აფხაზეთის მხრიდანაც შემოუტევდა საქართველოს. ამ დროისთვის ქართულ ციხეებში 1 000-ზე მეტი ბოლშევიკი იჯდა. მოსალოდნელი ომის პირობებში ხელისუფლებამ ყველა მხრიდან ღრმა ზურგში – ქუთაისის საკატორღო ციხეში მათი ევაკუაცია დაიწყო. ქუთაისის ციხე რჩეული ბოლშევიკებით – როგორც თბილისის, ასევე ფოთისა და სოხუმის საოლქო ციხიდან გადმოყვანილი პატიმრებით აივსო. ომის სავარაუდო თარიღის გადაწევას ქუთაისში პატიმრების კონცენტრაცია არ შეუწყვეტია და 1921 წლის იანვარში კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეემატა ქუთაისის ციხეს.
მოულოდნელად, 1920 წლის დეკემბრის დასაწყისში, სოხუმის საოლქო ციხიდან ქუთაისში გადაყვანის ნაცვლად ისააკ ჟვანია გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგანაც ისააკ ჟვანია არა მარტო 1920 წლის გამომჟღავნებული შეთქმულების, არამედ 1918 წლის მოვლენების აქტიური მონაწილე, „კოდორის ფრონტზე“ ბოლშევიკური მებრძოლი რაზმების კავშირის უფროსი იყო და უკან დახევის დროს ერთ-ერთმა ბოლომ დატოვა ფრონტის ხაზი. ერთი კვირის შემდეგ ჟვანია თბილისში ჩავიდა დირექტივების მისაღებად, მაგრამ, როგორც მოგვიანებით თავის მცირე ავტობიოგრაფიაში წერდა, ყველა ბოლშევიკური ორგანიზაცია მთავრობის მიერ განადგურებული დახვდა და იძულებული შეიქნა, პირდაპირ რუსეთის საელჩოსთან დაემყარებინა კავშირი, სადაც იმ დროს სპეციალური მისიით მამია ორახელაშვილი იმყოფებოდა. ჟვანიამ ორახელაშვილისგან სამოქმედო ინსტრუქცია მიიღო და სოხუმში დაბრუნდა, თუმცა ორახელაშვილმა ერთი თვის შემდეგ ისევ გამოიძახა თბილისში და არალეგალური სამხარეო რევკომის შექმნა დაავალა.
1921 წელი აფხაზეთში ისევ სკანდალით დაიწყო, აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე უბირია, რომელიც 1920 წლის ბოლოს აფხაზეთის სახალხო საბჭოდან გარიცხეს ბოლშევიკების სასარგებლოდ მუშაობის ეჭვის საფუძველზე, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. უბირია 1918 წელს ბოლშევიკურ აჯანყებაში მონაწილეობდა, კოდორის საუბნო კომიტეტის ორგანიზატორი იყო; იგი ვალიკო ჯუღელმა დააპატიმრა და ცოტა ხნით ოჩამჩირის ციხეშიც იჯდა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრადაც იქნა არჩეული.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენცია დაიწყო და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე მიღწეული წარმატების შედეგად ერთ კვირაში უკვე თბილისს მოადგა. როდესაც თბილისის გარშემო ქალაქის დაცვისთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველოს რევკომის შექმნის მომდევნო დღეს, სოჭში 17 თებერვალს რუსეთის კომუნისტური პარტიის კავბიუროს და რუსეთის ყუბანის მე-9-ე არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს მხარდაჭერით აფხაზეთის რევკომიც შეიქმნა, რომელსაც სათავეში საქართველოდან გაძევებული ბოლშევიკები – ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და ნიკოლოზ აკირტავა ჩაუყენეს, თუმცა იმ დროისთვის არც ერთი მათგანი სოჭში არ იმყოფებოდა – აკირტავა ბაქოში, ხოლო ეშბა და ლაკობა ოსმალეთში იმყოფებოდნენ. ისინი სასწრაფოდ სოჭში გამოიძახეს.
18 თებერვალს ისააკ ჟვანიამ, რომელიც სოხუმთან ახლოს, სოფელში იაშთახვაში იმყოფებოდა, არალეგალური რევკომი შექმნა, რომელშიც მარია კარეგოდსკაია, მიხეილ ცაგურია და ილია სვერდლოვი შეიყვანა. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურების მიერ ჩატარებული წმენდის შედეგად აფხაზეთში სერიოზულ არალეგალურ მუშაობასა და აჯანყების მოწყობაზე მხოლოდ ოცნებაღა თუ შეიძლებოდა. 19 თებერვალს ყუბანის მე-9 არმიის ნაწილებმა მდინარე ფსოუსთან შეტევა დაიწყეს სიმაგრეების – „საქართველოს ფარის“ მიმართულებით. ეს შეტევა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს, თუმცა რუსული ძალების სიმრავლემ თავისი გაიტანა და მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულმა ჯარებმა უკან დახევა დაიწყეს. გაგრის, გუდაუთისა და ახალი ათონის თავდაცვითი ხაზების გარღვევის შემდეგ რუსული არმია 3 მარტს სოხუმს მოადგა.
ისააკ ჟვანიამ 3 მარტს ნაშუადღევს გაიგო ახალ ათონთან საქართველოს ჯარის თავდაცვითი ხაზის გარღვევის შესახებ და 4 მარტს ღამით რამდენიმე თანმხლებთან ერთად სოხუმისკენ დაიძრა. მან ქალაქს დილით, ზუსტად იმ დროს მიაღწია, როდესაც რესპუბლიკის ადმინისტრაცია და ჯარი სოხუმს ტოვებდნენ. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის მოსახლეობის დაცვისა და ნგრევის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი უბრძოლველად დატოვეს და მდინარე კოდორზე გამაგრდნენ. დილის 8 საათზე ისაკ ჟვანია თანმხლები პირებით და მცირერიცხოვანი რაზმით ქალაქში შევიდა, დაიკავა სამთავრობო დაწესებულებები და რევკომის N1 ბრძანება გამოსცა „აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ“, რასაც შემდგომში ის ყოველთვის ხაზგასმით იგონებდა. 10 საათისთვის სოხუმში წითელი არმია შემოვიდა, რომელსაც ნიკოლოზ აკირტავაც შემოჰყვა. მოგვიანებით, 6 მარტს კი სოხუმში ეფრემ ეშბა და ნესტორ ლაკობაც ჩამოვიდნენ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულ ოკუპაციასა და გასაბჭოებას აფხაზეთის ბოლშევიკების ლიდერები ბათუმის ციხეში შეხვდნენ. განთავისუფლების შემდეგ ყველანი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნენ ნიკოლოზ ვოლკოვის გამოკლებით; ვოლკოვი 1920 წლის ბოლოს ქუთაისის ციხეში იყო გადაყვანილი. 1921 წლის მარტის დასაწყისში პატიმრების ბათუმში ევაკუაციის დროს ის სასტიკად სცემეს ზურგის უფროსის, ვალოდია სულაქველიძის რაზმელებმა, რომელთაც ბოლშევიკი პატიმრები ბათუმში გადაჰყავდათ. ცემის ნიადაგზე ვოლკოვს ნერვული აშლილობა დაეწყო და განთავისუფლების შემდეგ პარტიულ და სადაზვერვო საქმიანობას ჩამოშორდა.
განთავისუფლების შემდეგ სევერიან კუხალეიშვილმა ისევ უშიშროების სტრუქტურაში გააგრძელა მუშაობა და აფხაზეთის საგანგებო კომისიის (АБЧК) თავმჯდომარედ დაინიშნა.
ვარლამ კილაძე ბათუმის მილიციის უფროსად დაინიშნა, რომელიც მალე აკაკი სურგულაძემ ჩაანაცვლა.
გერმანე ჯიბლაძე – ხულოს მილიციის უფროსად.
ნიკოლოზ სვანიძე აფხაზეთის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი გახდა.
ალექსანდრე უბირია ჯერ კოდორის სამაზრო რევკომის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ აფხაზეთის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
ისააკ ჟვანია აფხაზეთის ასსრ მიწადმოქმედების სახალხო კომისარი, შემდეგ კომპარტიის ზუგდიდის სამაზრო, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის კომიტეტის მდივნად იყო და ბოლოს აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნა.
თუმცა, საბჭოთა უშიშროებისა და მილიციის ორგანოებში დაწინაურებული სევერიან კუხალეიშვილი, ვარლამ კილაძე, და ალექსანდრე უბირია 1923-1926 წლების ე.წ პარტიული წმენდისას სამეურნეო თანამდებობებზე გადაიყვანეს. მალე ყველანი ქართველი „ნაციონალ-უკლონისტების“ ბანაკში და შემდგომ „ტროცკისტულ ოპოზიციაში“ აღმოჩნდნენ, რის გამოც ბევრი მათგანი 1920-იანი წლების მეორე ნახევარში პარტიიდანაც იყო გარიცხული, თუმცა 30-იანი წლების დასაწყისში მონანიების საფუძველზე ისევ აღადგინეს.
უცნაურად წარიმართა აკაკი სურგულაძის და გერმანე ჯიბლაძის ბედი; სურგულაძე 1922 წელს გაასამართლა საქჩეკას კოლეგიამ, მას ბრალი ედებოდა, რომ უმისამართო სროლის დროს დახოცა კომუნისტური პარტიის წევრები; ბაშობეკი(?), დუდუჩავა და ხომერიკი, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ 3 თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მეორედ ის 1923 წლის 11 იანვარს დააპატიმრეს და ბრალად დასდეს აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე თაჰსინ ხიმშიაშვილის მკვლელობის მცდელობა, რასაც საგანგებო კომისიის აგენტების შეტყობინებები ემატებოდა, რომლებიც მას ლოთობაში, მექრთამეობაში და მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა სურგულაძის პარტიული დახასიათებები პირიქით, უკიდურესად დადებითი იყო. მას ცნობილი ბოლშევიკები ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი და სერგო გუბელი (მეძმარიაშვილი) გამოექომაგნენ, თუმცა უშედეგოდ.
სურგულაძემ წაყენებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ხიმშიაშვილი არის საბჭოთა ხელისუფლების მტერი, თურქოფილი, ყოფილი ბეგი და გარშემო შემოიკრიბა ასეთივე ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საბჭოთა ხელისუფლებას და მან მხოლოდ ეს შეატყობინა აჭარის ხელისუფლებას და სხვა არაფერი მოუმოქმედებია, მისი აზრით საგანგებო კომისიის აგენტების ჩვენებები პირადი მტრობით იყო განპირობებული.
გერმანე ჯიბლაძე 1923 წლის 20 იანვარს დააპატიმრეს, იმ დროს ის აჭარის მილიციის პოლიტიკური სექტორის უფროსი იყო, მას ბრალად სურგულაძის თანამზრახველობა დასდეს და მალევე 1923 წელს ორივე დახვრიტეს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის უფროსი, თარასხან ეშბა 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, ცოტა ხნით კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა, ხოლო 1922 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა და აფხაზეთში არალეგალურ მუშაობას შეუდგა, მილიციასთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ ის 1923 წლის 7 ივლისს დააპატიმრეს საკუთარ სახლში, სოფელ ბედიაში, მიუხედავად დიდი ზეწოლისა მან მხოლოდ ის თანამშრომლები დაასახელა რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ წასული, მისი დაკითხვის ოქმში ჩანს, რომ კითხვებს ძირითადად „არ ვიცი“ და „არ მახსოვს“ პასუხს სცემს. ეშბა სოხუმიდან თბილისში გადმოაგზავნეს, თუმცა მისგან სასურველი ინფორმაცია ისევ ვერ მიიღეს და 1923 წელსვე დახვრიტეს.
წმენდის პირველ ტალღას გადარჩენილი აფხაზეთის ბოლშევიკებისთვის უბედურების პირველი ნიშანი 1936 წლის ბოლოს აფხაზეთის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას მოულოდნელი გარდაცვალება იყო. ლაკობა თბილისში ვიზიტისას სასტუმროში გარდაიცვალა. დღემდე არსებობს დაუდასტურებელი ეჭვი, რომ ის ლავრენტი ბერიამ მოაწამლინა. ლაკობას გარდაცვალებიდან მალევე საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა დააპატიმრეს მისი მეუღლე, სარია ლაკობა, რომელიც რამდენიმეთვიანი წამების შემდეგ 1937 წელს დახვრიტეს მემარჯვენე კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.
1936 წელს დააპატიმრეს ეფრემ ეშბა, რომელიც აფხაზეთიდან შორს – სსრკ მძიმე მრეწველობის კომისარიატში მუშაობდა. მას ტროცკისტული ოპოზიციის წევრობა გაუხსენეს, რის გამოც 1927 წელს პარტიიდანაც იყო გარიცხული და 1939 წელს დახვრიტეს.
სევერიან კუხალეიშვილი 1937 წლის 10 ივნისს დააპატიმრეს. 14 ივნისს მან ზეწოლის შედეგად აღიარა, რომ 1932 წელს საქართველოს სსრ მიწადმოქმედების ყოფილმა სახალხო კომისარმა, შალვა მათიკაშვილმა „გადაიბირა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და წლების მანძილზე ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას“, თუმცა, სასამართლო სხდომაზე უარყო ბრალი და თავი დამნაშავედ არ სცნო. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ კუხალეიშვილს 1937 წლის 12 ივლისს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც მეორე დღესვე იქნა სისრულეში მოყვანილი. მალე 1937 წლის 29 ოქტომბერს დააპატიმრეს მისი და მარია კუხალეიშვილი, რომელსაც ნესტორ ლაკობას კლანთან დასდეს კავშირი და 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს.
ვარლამ კილაძე 1937 წლის 8 აპრილს დააპატიმრა შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მე-4 განყოფილებამ. მას ბრალად „კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა“ დასდეს. დაპატიმრებისას კილაძე ნორიოს საბჭოთა მეურნეობის დირექტორი იყო. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ კილაძეს 2 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 3 ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს.
ალექსანდრე უბირია 1937 წლის 26 თებერვალს დააპატიმრეს; მას ბრალად დასდეს „მემარჯვენე ტერორისტული და დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციის წევრობა“. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ 29 სექტემბერს მას დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 30 სექტემბერს იქნა სისრულეში მოყვანილი.
მოსე გობრონიძე 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ აქტიურ სამხედრო სამსახურს ჩამოსცილდა, იგი წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო პედაგოგად მუშაობდა, ასევე იყო საქართველოს სსრ სამხედრო ლიტერატურის სტამბის სექციის გამგე. მოსე გობრონიძე 1937 წელს დააპატიმრეს, მას ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მაშტაბით მოქმედებდა და მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას შეიარაღებული აჯანყების გზით. მას 1937 წლის 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 9 ოქტომბერს.
ისააკ ჟვანია 1937 წლის 21 ოქტომბერს დააპატიმრეს. ჟვანია ამ დროს აჭარის ასსრ ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მასაც ბრალად დასდეს „მემარჯვენე კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა“. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულმა 1937 წლის 28 დეკემბერს მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 30 დეკემბერს.
ვასილ აგრბა მორიგი პარტიული წმენდისას 1928 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან. მას ყოფილი მღვდლობა გაუხსენეს, თუმცა, მისივე განცხადების საფუძველზე აღადგინეს 1931 წელს. მის აღდგენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში შეტანილმა მნიშვნელოვანმა წვლილმა. აგრბა 1937 წელს დააპატიმრეს არტელ „ხიმკოპში“ მუშაობისას და „აფხაზეთის ტროცკისტულ-კონტრრევოლუციური, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშურ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრობა“, აგრეთვე ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადება დასდეს ბრალად და შინსახკომის სამეულმა 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 30 დეკემბერს.
ლევან კალანდარიშვილი დაპატიმრებისას ბუკნარის საბჭოთა მეურნეობის მმართველად მუშაობდა, 1937 წლის 16 ოქტომბერს მას ბრალი დასდეს კონტრ-რევოლუციურ, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობაში და დახვრეტა მიუსაჯეს, დახვრიტეს 1937 წლის 1 ნოემბერს.
დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს ნიკოლოზ სვანიძე.
დიდ ტერორს მხოლოდ ნიკოლოზ ბოკუჩავა და კონსტანტინე მაკაროვი გადაურჩნენ; ბოკუჩავა 1921 წლიდან საქართველოს სსრ პროკურატურაში მუშაობდა, იგი 1953 წელს გარდაიცვალა თბილისში. მაკაროვი 1922-30 წლებში აფხაზეთში მუშაობდა სამეურნეო დარგში, სხვადასხვა თანამდებობებზე, 1930 წელს ავადმყოფობის გამო აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა და პერსონალური პენსია დაენიშნა, გარდაიცვალა 1955 წელს.
1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, კომუნიზმი დაინგრა და მისმა ნანგრევებმა ჩაიყოლა იმ ადამიანების ხსოვნა, ვინც სტალინურმა რეპრესიებმა ფიზიკურად გაანადგურა და მათი სახეები საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან ამოშალა. ადამიანები, რომელთა სახელებიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ძირითადი საინფორმაციო საშუალების, პრესის ფურცლებზე ქუხდა, დავიწყებას მიეცა და დღემდე არქივების უზარმაზარ საცავებში გამოკეტილი ელის მზის სინათლეს.
[1] საქართველოს კომუნისტური პარტიის ლეგალური ბეჭდვითი ორგანო „ახალი კომუნისტი“ – გამოდიოდა 1920 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ დახურულ გაზეთ „კომუნისტის“ მაგიერ.