Site icon Civil.ge

არასამთავრობოები მთაწმინდის შუალედურ არჩევნებს აფასებენ

ფოტო: ISFED-ისა და საია-ს ლოგოები

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“ (ISFED) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 9 ივნისს მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურს აფასებენ და იმ ხარვეზებზე მიუთითებენ, რომლებიც ორგანიზაციების დამკვირვებელებმა საარჩევნო დღის განმავლობაში დააფიქსირეს.

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

ISFED-ის შეფასებით, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. თუმცა, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ტენდენციის სახით ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები გამოვლინდა, რასაც ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად“ აფასებს.

ISFED-ი შუალედური არჩევნების მეორე ტურს მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბანზე 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდებოდა.

„სამართლიანი არჩევნები“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების კონტექსტში შემდეგ ფაქტებზე საუბრობს:

ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 61.8%, ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 38.2% მიიღო. აღიშნული მაჩვენებელი ცესკო-ს პირველად წინასწარ შედეგებს ემთხვევა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, თუმცა „ნეგატიურ ტენდენციებზე“ მიუთითებს, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლში, ზოგიერთ უბანზე არსებულ გარემოში, ფიზიკურ დაპირისპირებისა და მუქარის შემთხვევებში გამოიხატა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნების მეორე ტურს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 10-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.

საია-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, ასევე უბნის შიგნით პარტიებისა და „სავარაუდოდ მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლების“ ყოფნა კანონდარღვევა არ არის, აღნიშნული პრაქტიკა „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს“. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს „პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებას, რომლითაც ის აღნიშნული პრაქტიკის ნორმალიზებას შეეცადა“.

საია #12, #32, #17 და #18 საარჩევნო უბნებზე მომხდარ სიტყვიერ კონფლიქტზე, ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფიზიკურ დაპირისპირებასა და „სავარაუდოდ“ მმართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებაზეც მიუთითებს. „მიგვაჩნია, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველს არ აძლევს საშუალებას, საკუთარი არჩევანი მშვიდ და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს“, – აცხადებენ საია-ში.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართა, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ მოიგო. მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 61.83% (10 738 ხმა), ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 38.17%-მა (6 630 ხმა) მიიღო.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)