გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 12 ივნისი, N126.
ეს მესამე თვეა რაც ჩვენში ერობა არსებობს. მართალია ყველაზე გვიან მოხდა ამ მაზრაში არჩევნები, მაგრამ ამას ოდნავათ არ შეუფერხებია ერობის მუშაობის წინსვლა. ერობამ მოიტანა დიდძალი საცვლები, რაც შეღავათიან ფასებში დაურიგეს ხალხს. ერობამ ჩაიბარა საავათმყოფო ექიმ-ფერშლებით, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ჯამაგირის მიუღებლობით, განაახლეს საავათმყოფო, მოიტანეს აუარებელი მედიკამენტები, გახსნეს რამდენიმე ალაგას საექიმო პუნქტები და აფთიაქები, შეუდგენ გზების კეთებას და სხვა. ერთი სიტყვით რაჭის მაზრას გამოცოცხლება დაეტყო. აქ მინდა კიდევ, ერობამ ყურადღება მიაქციოს ერთ რამეს: თუმცა ის ექიმ-ფერშლებს თავის დროზე აგზავნის ავათმყოფებთან, მაგრამ ჩემის აზრით ეს არ კმარა. ავათმყოფთან მისული ექიმი და ფერშალი ვერ მისცემს იმ დარიგებას მოვლის შესახებ, რომელიც საჭიროა. ამიტომ კარგი იქნება, ჩვენმა ერობამ სიკეთეს სიკეთე მიატოლოს და კვირაობით და უქმე დღეებში მოაწყონ სოფლათ და ბაზრათ ლექციების კითხვა იმის შესახებ როგორი მოვლა უნდათ შავი სახადით ავადმყოფს ან სხვა ავადმყოფობას. ამით მე მგონია ერობაც ხალხის ყურადღებას დაიმსახურებს და ამდენი მსხვერპლიც არ იქნება დღეს რომ არის. მეტი წილი სოფლათ იხოცება მიტომ, რომ არ იციან არავითარი მოვლა.
მეორე – ერობის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის და კარგს იზამს ჩვენი ერობის გამგეობის თავმჯდომარე მოივლიდეს თავის მაზრას და გაეცნობოდეს ხალხის ჭირ-ვარამს. ბოროტება ხდება სოფლათ, მაგრამ ჩვენი კომისრები ვერ ეხმარებიან ხალხს. ერობამ ამას ყურადღება უნდა მაიქციოს.