აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა, ზაკირ ჰასანოვმა, ლევან იზორიამ და ჰულუსი აქარმა, 12 ივნისს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მეშვიდე სამმხრივი შეხვედრა გამართეს და, სხვადასხვა საკითხთან ერთად, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს.
ლევან იზორიას განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების ქვაკუთხედს საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპები წარმოადგენს, რომელიც თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ეფუძნება.
„კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩვენი ურყევი პოზიცია აზერბაიჯანის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის [მიმართ], მისი საერთაშორისო სამართლით აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
შეხვედრის შედეგებზე საუბრისას, იზორიამ აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა „რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის“. „ჩვენ კიდევ ერთხელ განვამტკიცეთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სხვადასხვა სფეროში და, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში“, – დასძინა მან.
მინისტრმა იზორიამ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების მნიშნვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვაზე შეთანხმდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს მზადყოფნისათვის, საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში და ნატოს მიერ ორგანიზებულ წვრთნებში ჩაერთონ.
„თანამშრომლობის დინამიკა მართლაც ფართოვდება, ღრმავდება, მტკიცდება, რაც მთავარ სტრატეგიულ მიზანს – ჩვენი ქვეყნების და მოსახლეობის მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მომავალში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორიამ აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.
სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა 2014 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები რეგულარულად გაემართათ.
სამმხრივ ფორმატში შეხვედრებს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ატარებს, რასაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)