ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, 13 ივნისს პარლამენტში 200 000-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინა.
ოპოზიციის განმარტებით, არჩევნებში თანაბარ და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა შეცვალოს.
„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მიიტაცოს ამომრჩევლების ხმები იმით, რომ 73 მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილმა დასვას პარლამენტში, ბუნებრივია დანარჩენი ყველა ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ყველაზე ფუნდამენტურს და ეს არის სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობა ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ.
საარჩვენო რეფორმის კონტექსტში, 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემაც. მისი შეფასებით, პოლიტიკური სპექტრისა და მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს არის. „ეს სისტემა [პროპორციული] გულისხმობს უფრო ადეკვატურად მანდატების განაწილებას ხალხის ნების პროპორციულად“, – აღნიშნა მან.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, ახლა „ბურთი ხელისუფლების მოედანზეა“, გამოავლენს თუ არა პოლიტიკურ ნებას, რომ ქვეყანაში ჩაატაროს პროპორციული და კონკურენტული არჩევნები.
პარტია ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ოპოზიციის კონსოლიდირებული ძალისხმევა, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, „ხელისუფლებას გაუჭირდება ზეწოლის გაძლება და ის გახდება იძულებული, რომ შემხვედრი მიმართულებით გადმოდგას ნაბიჯები“.
2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას მხარს არასამთავრობო სექტორიც უჭერს. „2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემის შესაბამისად“, – განაცხადა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
დღესვე პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ადგილობრივი არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც დაესწრო.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო პრინციპი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო/ODIHR) იმ რეკომენდაციებზე მსჯელობას დაეთმობა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, უფასო საეთერო დროს და მსგავს საკითხებს ეხება.
რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს საკითხი ახალი კონსტიტუციით უკვე დარეგულირებულია და ძირითად დებულებებში წერია, რომ „როგორც კი შედგება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდება უკვე პროპორციული სისტემით“. „ეს საკითხი არის უკვე გადაწყვეტილი“, – დასძინა მანვე.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში კოსმეტიკურ ცვლილებებს შეიტანს, რაც თამაშის წესებს ფუნდამენტურად არ შეცვლის, ოპოზიცია სავარაუდოდ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს გამოეთიშება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)