ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პარტია „ერთიანი ოსეთი“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფით იქნება წარმოდგენილი.
ოკუპირებული რეგიონის ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილე შვიდი პარტიიდან, 7%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა. ამასთან, არჩევნები წელს პირველად ჩატარდა შერეული სისტემით, რომლის თანახმადაც 34 სადეპუტატო მანდატიდან ნახევარი – პროპორციული წესით, ნახევარი კი მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტეტებს ერგებათ.
ცხინვალის ცესკოს თქმით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში „ერთიანი ოსეთი“ ხმების 34.96%-ით ლიდერობს და 17 სადეპუტატო მანდატიდან შვიდს მიიღებს. მას 21.79%-ით „სახალხო პარტია“ მოსდევს, რომელსაც ოთხი მანდატი ერგება. პარტია „ნიხასმა“ ხმების 14.37% მიიღო და პროპორციული სისტემით საკანონმებლო ორგანოში 3 დეპუტატს შეიყვანს. „ხალხის ერთობას“ (12.96%) – ორი მანდატი, კომუნისტურს პარტიას (7.29%) კი – ერთი მანდატი ერგება.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მსგავსად, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ არჩევნებშიც საუკეთესო შედეგები „ერთიანი ოსეთის“ კანდიდატებმა აჩვენებს. მათ გამარჯვება რვა საარჩევნო ოლქში მოიპოვეს. კიდევ სამ პარტიას – „ხალხის ერთობას“, „ნიხასს“ და კომუნისტურ პარტიას – თითო მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ექვს მაჟორიტარულ ოლქში კი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ სამმა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა – კონსტანტინე კისიევმა, სარმატ იკოევმა და ზაზა დრიაევმა უკვე განაცხადეს, რომ ახალ პარლამენტში მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ ბიბილოვის კურსს და „ერთიან ოსეთთან“ ითანამშრომლებენ.
ოკუპირებულ რეგიონში სულ 73 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. კიდევ ოთხი უბანი რეგიონის ფარეგლებს გარეთ ფუნქციონირებდა, ორი – ჩრდილოეთ ოსეთში გაიხსნა, თითო საარჩევნო უბანი კი მოსკოვსა და სოხუმში მოქმედებდა.
ეს უკვე მეშვიდე საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ტარდება. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს გმობს და არალეგიტიმურად მიიჩნევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს“.
„აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „სათანადოდ შეაფასოს“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“.
ცხინვალში ჩატარებული არჩევნები დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატომ, ევროკავშირმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აზერბაიჯანი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, შვედეთი და უკრაინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)