გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 14 ივნისი, N128.
სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობა მოახსენებს განათლების სამინისტროს, რომ მომავალი ივლისის თხუთმეტიდან მას განზრახვა აქვს მოაწყოს ქ. სიღნაღში საზაფხულო ექვსკვირიანი კურსები სიღნაღის მაზრის სახალხო სკოლათა მასწავლებლებისთვის, სადაც წაკითხული იქნება ლექციები შემდეგ საგნებში: პედაგოგიკა და დიდაქტიკა, ქართული ენა და ლიტერატურა (ძველი და ახალი), ბუნების-მეტყველება, საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნების ისტორია, საქართველოს გეოგრაფია, არითმეტიკის მეთოდიკა, ფიზიკა. გარდა ამისა კურსებზე მოწყობილი იქნება პრაქტიკული მეცადინეობა ბუნებისმეტყველებასა და ფიზიკაში. ერობას ადგილობრივ ძალები ლექტორობისთვის ნაკლებად ჰყავს და ამიტომ იგი სთხოვს განათლების სამინისტროს გაუგზავნოს შემდეგი საგნების ლექტორები – ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, პედაგოგიკის, საქართველოსა და მის მეზობელ რესპუბლიკათა გეოგრაფიისა და ისტორიისა. თითოეულს ლექტორს ერობა თვიურად ჰპირდება ათას მანეთს ჯილდოდ, ბინას და ჭამა სმას უფასოდ.