გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 17 ივნისი, N130.
პროექტი შედგენილია დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელის, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის რაჟდენ არსენიძის მიერ. კონსტიტუციის სხვადასხვა თავების სამუშაო ვერსიები დროდადრო ქვეყნდებოდა რესპუბლიკის პრესაში (რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).
1. უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც შესდგება 7 წევრისაგან.
2. მთავრობას ყავს თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს არის თავმჯდომარე საქართველოს რესპუბლიკისა. თავმჯდომარეს ყავს თავისი მოადგილე: დანარჩენ წევრებს ეწოდება მინისტრები.
3. მთავრობის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ირჩევს პარლამენტი.
4. მინისტრს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც უფლება აქვს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა, და ამტკიცებს პარლამენტი.
5. მთავრობის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე თანამდებობა ეჭიროს, ან რაიმე პროფესიას მისდევდეს, მას შეუძლიან მხოლოდ იყოს პარლამენტის წევრი და თვითმმართველობის ხმოსანი.
6. თავმჯდომარე დანიშნავს თანამდებობის პირთ საერთო მართველობის და საგარეო ურთიერთობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონით ხელისუფლება სხვა სახელმწიფო ორგანოს აქვს მინიჭებული. დანარჩენი თანამდებობის პირთ ის დანიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს კანონში არის აღნიშნული.
7. თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას და განკარგულებას კანონების აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს. მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს რევიზია მმართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისათვის თანახმად კანონში აღნიშნული წესისა. თავმჯდომარეს არა აქვს არავითარი განსაკუთრებული ხელისუფლება, გარდა ამ კონსტიტუციით ან ცალკე კანონით არის მისთვის მიკუთვნებული.
8.თავმჯდომარის ავადმყოფობის ან არ ყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
9. მთავრობის კოლეგიის საერთო უფლება მოვალეობას შეადგენს:
ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, თანახმად კანონისა.
ბ) თვალ-ყურის დევნა კონსტიტუციის და კანონების სწორად აღსრულებისთვის.
გ) წარდგენა პარლამენტისთვის კანონპროექტისა და აგრეთვე დასკვნისა იმ კანონ-პროექტებზე, რომელნიც საპარლამენტო ან სხვა ორგანოების ინიციატივით არის აღძრული.
დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა.
ე) ზრუნვა რესპუბლიკის უზრუნველყოფისათვის გარეშე ხიფათისაგან, მისი ნეიტრალიტეტის და დამოუკიდებლობის დარღვევისაგან.
ვ) ზრუნვა შინაგანი წესიერებისა და უშიშროების დაცვისთვის, მოულოდნელ შემთხვევაში თუ საჭიროებამ მოითხოვა, უფლება აქვს თავისი დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა რესპუბლიკისა – 3000 კაცამდე, – ვადით არა უმეტეს სამი კვირისა, უკეთუ მეტი ძალა ან მეტის ვადით უნდა, ამის ნებართვა მიიღოს პარლამენტისაგან.
თ) ანგარიშის მისცეს პარლამენტს თავის მოქმედებაში და ყოველ სესიაში ერთხელ წარუდგენს მოხსენებას საქართველოს შინაგანი და საგარეო მდგომარეობის შესახებ. ამის გარეშე იგი ვალდებულია წარუდგინოს პარლამენტს სპეციალური მოხსენება, უკეთუ პარლამენტი მოითხოვს.
10. რესპუბლიკის ყველა დანარჩენი საქმეების მართვა-გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის.
11. მთავრობა კოლექტიურად პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის და თვითეული წევრი მთავრობისა პირადად თავის მოქმედებისათვის.
12. მინისტრებს უფლება აქვთ პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ დეპუტატად ირიცხებიან.
13. მთავრობის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომას დაესწროს და, უკეთუ მოითხოვს, პარლამენტი ვალდებულია მას მოუსმინოს, თავის მხრივ პარლამენტის მოთხოვნით მინისტრი ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა განმარტება მისცეს.
14. მთავრობის წევრთა პასუხისგებაში მიცემა შეუძლიან მხოლოდ პარლამენტს. ამ შემთხვევაში მათი საქმე გადაეცემა გასარჩევად უმაღლეს საკასაციო სასამართლოს, რომელსაც უფლება აქვს მათი განსჯის. მთავრობის წევრთა პასუხისმგებლობა, სასჯელი და გასამართლების წესი განისაზღვრება კანონით.
15. მთავრობის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს აირჩევენ ერთი წლით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ვადა თავდება მაშინ, როდესაც უთავდება ვადა თვით პარლამენტს. ამავე დროს გაუდის ვადა მთავრობის დანარჩენ წევრებსაც.