საქართველოს საპატრიარქო, 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თბილისში „ე.წ. გეი-პრაიდის“ ჩატარებას „ყოვლად მიუღებლად“ მიიჩნევს.
საპატრიარქოს მიერ 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხოვრების წესი, რომელსაც „LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარდმოადგენს“ და ქრისტიანულ სარწმუნოებას, ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებს და მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები“ დაფინანსების მოპოვების მიზნით, უცხო ქვეყნებს ინფორმაციას ისე აწვდიან, თითქოს „საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან“.
საპატრიარქოს განმარტებით, როდესაც მცირე ჯგუფი საკუთარი პოზიციის მთელი მოსახლეობისთვის თავს მოხვევას ცდილობს, ეს „მკვეთრ უკურეაქციას იწვევს“, რადგან „წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა“.
„ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
ამასთან, საპატრიარქო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და სხვა ინსტიტუტებს მიმართავს და „ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი“ ფრთხილი დამოკიდებულების გამოჩენას სთხოვს. აგრეთვე, მოუწოდებს, „ნუ წაახალისებენ“ საქართველოში მსგავს აქტივობებს. „ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)