მთავრობის კანცელარიასთან ორი პარალელური – ლგბტქი თემის მხარდამჭერი და მათი საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება დღეს სოციალური ქსელის საშუალებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 14 ივნისს გავრცელებული განცხადების შემდეგ დააანონსეს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისში „ე.წ. გეი-პრაიდის ჩატარება მიუღებელია“.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, „საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა“.
მათვე პრემიერისგან, შს მინისტრისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთება და იმის განმარტება მოითხოვეს, „დგანან ისინი ადამიანის უფლებების, თუ რუსეთისგან დაფინანსებული ფაშისტური ჯგუფების მხარეს“.
„დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება!!!“, – განაცხადეს მათ.
ლგბტქი საწინააღმდეგო აქცია
ქვიარ აქტივისტებს კანცელარიის შენობის წინ მისვლა სასულიერო პირებმა და რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა დაასწრეს და განაცხადეს, რომ ისინი „გარყვნილების ზეიმს“ არ დაუშვებდნენ. მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენი ლევან ვასაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი.
ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „გარედან დაფინანასებული ძალების“ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „გვირყვნიან შვილების თაობას, თითოეულ თქვენთაგანს ახვევენ თავზე იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული“.
მანვე საქართველოში აკრედიტებული ელჩები საეკლესიო და სახელმწიფო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და მათ საკუთარი „საელჩოების პერიმეტრში“ დარჩენა ურჩია.
ვასაძემ 15 ივნისს მასშტაბური შეხვედრაც დაანონსა, სადაც მისივე თქმით, საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს, „თუ როგორ ჩავშლით გარყვნილებას“.
ლევან ვასაძემ განმარტა, რომ ისინი ლგბტქი თემის წარმომადგენლებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ და მათ ყველა ასეთ მცდელობას ჩაშლიან. მისივე თქმით, იმ დროს როდესაც წესრიგის დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, საზოგადოება იძულებულია, რომ ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აიღოს. მისივე თქმით, თუკი პოლიცია მოწინააღმდეგე აქციის ნაცვლად, მათ დაშლას გადაწყვეტს „სიმეტრიულ პასუხს“ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ქვიარ აქტივისტების კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მუქარის შემცველ გზავნილებს აჟღერებდნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, ისე ჟურნალისტებს. მათ რამდენჯერმე, ლგბტქი თემის აქციის მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს, ასევე ონლაინგამოცემა „ლიბერალის“ ჟურნალისტის ტელეფონის დამტვრევა სცადეს. მათვე მუშაობაში ხელი შეუშალეს გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტსაც.
ლგბტქი აქცია
ადგილზე მისულ ლგბტქი აქტივისტებს პოლიციელებმა მათივე უსაფრთხოების დაცვის მოტივით, კანცელარიის წინ მისვლისა და იქ აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ, რომ საკუთარი გზავნილები კანცელარიის შენობის კიბეებიდან გაეჟღერებინათ. მათ საპირისპირო აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
ქვიარ აქტივისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას ადგილიდან რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები გაეყვანა, ტერიტორიას „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები გაარიდეს, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ აქცია პირველებმა რამდენიმე საათით ადრე დააანონსეს, მათ მორიგ ჯერზე ღია სივრცეში თავისუფალი გამოხატვის უფლება შეეზღუდათ.
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი იმ პირთა შორის იყო, ვინც საპატრულო პოლიციამ, აქციის დაწყებამდე ტერიტორიას გაარიდა. მოგვიანებით, ის ქვიარ აქტივისტების აქციის მონაწილეებს მაინც შეუერთდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან დღეს კანცელარიის წინ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების „მორიგი კრახი“ უწოდა.
„ეს მორიგი კრახია სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრიობის, როდესაც მოძალადე ჯგუფები ახერხებენ ჩვენზე და სახელმწიფოზე გამარჯვებას, თქვენ ხედავთ, რომ მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ“, – განაცხადა მან.
ქვიარ აქტივისტები განმარტავდნენ, რომ საპატრულო პოლიციამ მათ გასაყვანად ე.წ. ყვითელი ავტობუსები მოიყვანა, თუმცა ისინი ტერიტორიის კიდევ ერთხელ მალულად დატოვებას არ აპირებენ.
შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, სულ 8 პირია დაკავებული. უწყება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავება.
პრემიერის ადმინისტრაციის გამოხმაურება
ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მამუკა ბახტაძესთან ერთად იმყოფება. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში საუბრის დროს მან განაცხადა, რომ აუცილებელია, ყველამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და საკუთარი აზრის გამოხატვისას, „სხვისი უფლება არ შელახოს“.
„ვხედავ, რომ სამართალდამცველები მაქსიმალურად არიან მობილიზებული. ასეთი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, გაგრძელდეს ის კონსულტაციები, რომელიც ორგანიზატორებს აქვთ შსს-სთან, სამინისტრო მათ შესთავაზებს ადეკვატურ შესაძლებლობას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)