Site icon Civil.ge

14 ივნისის აქციაზე პოლიციამ 28 პირი დააკავა

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის წინ, სადაც ორი პარალელური – ლგბტქი თემისა და მათი საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 28 პირი დააკავა, მათგან 7 კვლავ დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

უწყების მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და „კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ“.

„სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებენ უწყებაში და განმარტავენ, რომ სამინისტრო აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ მასალებს დეტალურად სწავლობს და მომხდარს „უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება“.

მოვლენების ქრონოლოგია

თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და აქტივისტებმა გუშინ, მთავრობის კანცელარიასთან აქცია სოციალური ქსელის საშუალებით, მას შემდეგ დააანონსეს, რაც საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ „თბილისი-პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მიუღებელია და იქვე ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მათთვის დაგეგმილი აქტივობების ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ლგბტქი თემის წარმომადგენლები პრემიერისგან, შს მინისტრისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთებას და იმის განმარტებას ითხოვდნენ, „დგანან ისინი ადამიანის უფლებების, თუ რუსეთისგან დაფინანსებული ფაშისტური ჯგუფების მხარეს“.

ქვიარ თემის აქცია კანცელარიის წინ საღამოს შვიდ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მათ ადგილზე მისვლა რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა დაასწრეს, კანცელარიის წინ ტერიტორია დაიკავეს და ლგბტქი თემს იქ აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად, ქვიარ აქტივისტები იძულებულები გახდნენ, რომ ხელისუფლებისადმი მიმართული გზავნილები კანცელარიის შენობასთან მისასვლელი კიბეებიდან გაეჟღერებინათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ორ აქციას ერთმანეთისგან სწორედ მათი კორდონი ჰყოფდა.

ლგბტქი თემის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი, ასევე საქართველოში რუსულ ინტერესებთან აფილირებული ბიზნესმენი ლევან ვასაძე და აგრეთვე მოსკოვის მიერ დაფინანსებული პრიმაკოვის ცენტრის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ორი პარალელური აქცია კანცელარიასთან დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა, რა დროსაც რამდენიმე ინციდენტს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ლგბტქი თემის კონტრაქციის წარმომადგენლები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ისინი, ერთის მხრივ, ერთმანეთს „ქრისტიანული“ ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ, მეორეს მხრივ კი, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორც ქვიარ აქტივისტებს, ასევე ჟურნალისტებს და მათ საკუთარი საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ.

ამავე აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ლგბტქი თემის აქციის მონაწილეებთან მისვლა რამდენჯერმე სცადეს. გარდა ამისა, მათი მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს, ფიზიკურად შეეხნენ საპირისპირო აქციის რამდენიმე მონაწილეს, ასევე ჟურნალისტებს და მათი სამუშაო ტექნიკა დააზინეს. ისინი, აცხადებდნენ, რომ ტერიტორიას მანამდე არ დატოვებდნენ, სანამ ლგბტქი თემის წარმომადგენლები და აქტივისტები არ დაიშლებოდნენ. კონტრაქციის მონაწილეები მათი მისამართით მუქარის შემცველ გზავნილებსაც აჟღერებდნენ.

გარდა ამისა, მათივე მხრიდან ანტიდასავლური გზავნილებიც ისმოდა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სახელმწიფო და საეკლესიო საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებდა და მათ საკუთარი საელჩოების „პერიმეტრში“ დარჩენას ურჩევდა.

ხმამაღალი ანტიდასავლური მოწოდებები დეკანოზ დავით ისაკაძისგანაც ისმოდა. ის გუშინ განვითარებულ მოვლენებში აშშ-ის საელჩოს ადანაშაულებდა, საელჩოს ადგილზე მისული ქვიარ აქტისტებისთვის დაშლის შესახებ მოწოდებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საელჩოს წინ აქციით იმუქრებოდა.

გარდა საელჩოებისა, ამავე აქციის მონაწილეებისგან მუქარის ტონი სამართალდამცველი ორგანოების მიმართაც ისმოდა. კონტრაქციის მონაწილეები შსს-ისგან მათი დაკავებული თანამოაზრეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ნაბიჯებით იმუქრებოდნენ. ამასთან, ამბობდნენ, რომ თუკი პოლიცია ლგბტქი თემის აქციის საპირწონედ მათ დაშლას შეეცდებოდა, ის „სიმეტრიულ პასუხს“ მიიღებდა.

რაც შეეხება მეორე აქციას, ადგილზე, ქვიარ თემის მხარდასაჭერად, სამოქალაქო საზოგადებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათ შორის იყვნენ, რესპუბლიკური პარტიის წევრები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. ასევე, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ელენე ხოშტარია. ისინი, მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდნენ.

ადგილზე სიტუაციის შესასწავლად მივიდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც, რომელსაც კონტრაქციის წარმომადგენლები აგრესიითა და მუქარის შემცველი შეძახილებით შეხვდნენ. მისი შეფასებით, აქციაზე განვითარებული მოვლენები „ქვეყანაში შეკრება-მანიფესტაციის უფლების გამოხატვას არ ეხმარება“ და აქ გაჟღერებული „პირდაპირი მუქარა“ არის დანაშაული, რომელსაც „სჭირდება პასუხი სახელმწიფოს მხრიდან“.

ლგბტქი თემის წარმომადგენლები აცხადებედნენ, რომ ისინი ტერიტორიას იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ ოფიციალური პირებისგან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით შესაბამის განმარტებებს არ გააკეთებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის პირებს მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ პოლიციელების თანხმლებით კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია მაინც დატოვეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. მათი განმარტებით, ეს არ იყო უკან დახევა, ისინი საჯაროს სივრცეების დათმობას არ აპირებენ და „თბილისი პრაიდის“ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდებიან.

მას შემდეგ, რაც კონტრაქციის წარმომადგენელები დარწმუნდნენ, რომ ლგბტქი თემის აქტივისტებმა კანცელარიის ტერიტორია ნამდვილად დატოვეს, დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მათაც მიიღეს. მანამდე, ისინი „ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაცია – „პარტიზანი მებაღეების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ნატა ფერაძეს სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრნენ. ის ადგილზე ქვიარ თემის მხარდასაჭერად იყო მისული და ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ის სახლში დაბრუნებას იმ გზით ცდილობდა, სადაც საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იყვნენ განლაგებულები.

კონტრაქციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლგბტქი თემს დაგეგმილი აქტივობების და „გარყვნილების პროპაგანდის“ საშუალებას არ მისცემენ და შეკრების ყველა მათი მცდელობა მსგავსი შედეგით დასრულდება.

გარყვნილების ქადაგების საშუალებას არ მოგცემთ, ეს არის სოდომი, უმძიმესი ცოდვა“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ. „ამათი დღევანდელი ეს აქცია არის ჩაშლილი, ესენი არიან ქათმები და არიან საქათმეში, კაპიკია მაგათი ფასი“, – დასძინა მანვე.

ლგბტქი თემის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტოვბების გაუქმებას არ აპირებენ. „პრაიდი იყო, პრაიდი იქნება“, – წერს Facebook–ის საკუთარ გვერდზე „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე.

პრაიდთან მიმართებით, ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური უწყებების პოზიცია. პრაიდთან დაკავშირებით, ბოლო განცხადება, გახარიას უწყებამ 31 მაისს გაავრცელა და განმარტა, რომ „პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით“, მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და წარმოდგენილი ფორმატით ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია.

პრეზიდენტის გამოხმაურება

გუშინ, კანცელარიის წინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა:

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს იმ ადამიანების პრეზიდენტი, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაცია, ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე მიმაჩნია, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები პროვოცირებას დაპირისპირების არცერთი მხრიდან. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები“.

ლევან ვასაძის მიმართვა

დღეს, სოციალური ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ აქციები დაანონსა და „ქუდზე კაცი“ იხმო. „ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, – მიმართა მან ლგბტქი აქტივისტებს და ქვეყანაში “წესრიგის დასამყარებლად” 16 ივნისს სპეციალურ შეკრებაზე ვერის ბაღში “მხოლოდ კაცები” დაპატიჟა. მანვე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში აშშ-ის საელჩო ღიად კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ვასაძის მიმართვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)