გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 21 ივნისი, N134.
ერობის ხმოსნებისაგან არჩეული გამგეობა შეუდგა ენერგიულ მუშაობას, რომელსაც აქაური გლეხობა იმედით შეხვდა. მიუხედავათ მრავალი დაბრკოლებისა, ერობამ პირველათ მოტანილი ტანსაცმელით შემოსა შიშველი ხალხი.
ერობამ გააცოცხლა მკვდარი კოოპერატივები და მათი საშუალებით ებრძვის სპეკულიანტებს.
ერობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა ჩამოიარა მთელი მაზრა, გარდა ზედა სვანეთისა და გაეცნო ადგილობრივ ხალხს და მის საჭიროებას. მოიწვია ხუთი ექიმი და ამდენივე ფერშალი გადამდებ სენთან საბრძოლველათ. მოიტანეს მაზრაში ოთხი საავათმყოფოს მოწყობილობა, რომელსაც ხსნიან მაზრის სხვა და სხვა ადგილებში. მიიღეს სამი სადეზინფექციო კამერა.
შეიძინეს 500 ფუთი შაბიამანი და კოოპერატივების საშუალებით მიაწოდეს ხალხს, რამაც სპეკულიანტებს თავზარი დასცა, რადგან ისინი ფუთს 1300 მანეთათ ყიდდენ. ერობამ მოიტანა 400 ფუთი რკინის ფოლადი, რომელიც დიდ საჭიროებას წარმოადგენდა მიწის მუშებისთვის.
ერობის ხელმძღვანელობით მაზრაში სამი მიწის მიმღები კომისია მუშაობს. აქ შარშან ანარქიის გამო მიწების ჩამორთმევა არ მოესწრო, ახლა ხალხი ამ საქმიანობას აღფრთოვანებული ხვდება.
ამგვარათ ლეჩხუმიც გამოცოცხლდა და სხვა კუთხეებთან ერთად ჩაება კულტურულ და შემოქმედებით მუშაობაში.