შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების შესახებ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის მიერ 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, უწყება საზოგადოებას შეახსენებს, რომ „კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება“ დაუშვებელია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. „შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
უწყებისვე განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედება სამართლებრივად შეფასდება.
დღესვე აღნიშნულზე ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს“ და განმარტა – „ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი. ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე, თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პოლიციას ამაზე რეაგირება ექნება“.
„მხოლოდ კაცები“ – აქცია ვერის ბაღში
16 ივნისს, საღამოს 8 საათზე, ვერის ბაღში რუსულ ინტერესებთან აფილირებული ბიზნესმენის ლევან ვასაძის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა, სადაც „მხოლოდ კაცები“ მონაწილეობდნენ და მუქარისა და ძალადობის წამახალისებელი არაერთი გზავნილი გაჟღერდა.
ვერის ბაღში გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსები და სხვადასხვა რადიკალურად განწყობილი ჯგუფი. მაგალითად, აქციაზე იყო პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი, ასევე მოსკოვის მიერ დაფინანსებული „პრიმაკოვის ცენტრის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
აქციის მონაწილეები განამრტავდნენ, რომ ისინი საქართველოში გეიპროპაგანდას არ დაუშვებდნენ და იმ ადამიანებს, ვისაც 14 ივნისის აქციაზე „თავში კვერცხები მოხვდათ“, ჭკვიანად თუ არ იქნებიან, შესაძლოა, „ხმალი მოხვდეთ კისერში“. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ და მათ დამცინავი ტონით მიმართავდნენ.
აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, რომ თუკი ხელისუფლება ვერ ამყარებს წესრიგს, მაშინ საზოგადოება ვალდებულია, ძალაუფლება ხელში თავად აიღოს. „საზოგადოება არ მიიღებს სოდომიას და, თუ მთავრობა არ დაემორჩილება ხალხის ნებას, გამოცხადდება არალეგიტიმურად“, – განაცხადა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.
აქციის კულმინაცია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვა იყო, რომელმაც 15 ივნისს „ქუდზე კაცს“ უხმო და ვერის ბაღში „მხოლოდ მამაკაცები“ დაიბარა. შეკრების ადგილზე ის ჩოხაში გამოწყობილი მივიდა და, ხის ჯვრით ხელში, აქციის მონაწილეებს დაახლოებით 40-წუთიანი სიტყვით მიმართა. ვასაძემ განაცხადა, რომ შეკრების მიზანი „სამშობლოსთვის არეულობის“ თავიდან აცილება და „სიმშვიდის, წესრიგის, სიყვარულისა და ზნეობის“ დამყარებაა.
ვასაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მისი თანამოაზრეები რაზმებად, კერძოდ კი – ათეულებად, ასეულებად და ათასეულებად დაიყოფიან და შეიქმნება „ლეგიონი“, რომელიც დედაქალაქში წესრიგის დამყარებაზე იზრუნებს. მისივე თქმით, ლეგიონის წარმომადგენლებს ხელში ქამრები ეჭირებათ, რომლითაც მათ, ვინც სიბილწის პროპაგანდირებას შეეცდებიან, ხელებს შეუკრავენ და ადგილიდან ამ ფორმით გაიყვანენ.
მისივე თქმით, რაზმები რომელბიც მთელი კვირის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით პატრულირებას უზრუნველყოფენ, პოლიციის ყველა კორდონის გარღვევას ეცდებებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ წინააღდეგობას გაუწევენ, სამართალდამცველებს კომბლებით დაუპირისპირდებიან. „ჩვენ თავს არ გაგალახვინებთ, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში კომბლების პირველ რევოლუციას“, – განაცხადა მან.
„ის, რაც თქვენ ქენით, კანცელარიასთან გუშინწინ [აღარ გამოგივათ]. სტაცებთ ვინმეს ხელს ათეულში? ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, ათასეული გამოესარჩლება. თუ მაინც მოხდა, [ჯგუფებს] გამოსტაცეთ ჩვენიანი, თქვენ თავს დააბრალეთ. რომელ პოლიციის განყოფილებაშიც წაიყვანთ, იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვყვანთ ჩვენიანს“, – მიმართა მან პოლიციელებს.
ვასაძემ გარკვეული ძალების მხრიდან მათი მისამართით დაგეგმილ პროვოკაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი „უშიშროების ოფიცრებისგან“ მიღებული ინფორმაციით, მეორე მხარის მხრიდან ადამიანის მკვლელობა და მათთვის დაბრალებაა დაგეგმილი.
მანვე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ „ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, რომელსაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, და რომელიც გამოდის და გვასწავლის ჭკუას, ის აღარ არის ელჩი, ის არის უზრდელი, არადიპლომატიური პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“. მანვე საჭიროების შემთხვევაში მათთვის ქამრით ხელების შეკვრაც არ გამორიცხა.
სიტყვის დასასრულს, ლევან ვასაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა და მას „თბილისში მდებარე ამერიკის საელჩოში ჭაობის ამოშრობაში“ დახმარება სთხოვა.
ამის შემდეგ, ვასაძემ მსურველებს ლეგიონში ჩაწერა შესთავაზა და განმარტა, რომ დღეს და ხვალ მათი მომზადების პროცესი გაგრძელდება.
ლევან ვასაძის მოწოდებებს, გუშინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი და სინოდის წევრი გიორგი ჯამდელიანი გამოეხმაურა და მის „სამწყსოს, კერძოდ კი კაცებს“ მიმართა და ვასაძის მიერ წამოწყებულ მოძრაობაში, რომელიც „მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომიტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას“, ჩართვისკენ მოუწოდა. დღეს ვასაძის განცხადებები მართლამდიდებლური ეკლესიის სხვა წარმომადგენლებმა შეაფასეს და მისი მოწოდებები დაგმეს.
ამბის წინაისტორია
14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებები „ყოვლად მიუღებელია“ და ხელისუფლებას მოუწოდა, ორგანიზატორებისთვის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ჩატარების საშუალება არ მიეცა.
საპატრიარქოს განცხადების საპასუხოდ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა იმავე დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრება და ხელისუფლებისგან მათთვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვის მოითხოვნა გადაწყვიტეს.
ლგბტქი აქტივისტებს ადგილზე მისვლა რადიკალურმა ჯგუფებმა დაასწრეს და მათ დაგეგმილ ადგილზე აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. საბოლოოდ, ქვიარ თემის წარმომადგენლებმა კანცელარიის კიბეებთან გადაინაცვლეს და საკუთარი მოთხოვნები იქიდან გააჟღერეს.
ორი პარალელური აქცია დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ორ აქციას ერთმანეთისგან სწორედ მათი კორდონი ჰყოფდა. ქვიარ აქტივისტების საპირისპირო აქციის მონაწილეები აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. ასევე, საპირისპირო აქციის მონაწილეების მისამართით, კვერცხები და სხვადასხვა ნივთი ისროლეს.
აქციის მიმდინარეობისას შსს-მ ჯამში 28 პირი დააკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)