Site icon Civil.ge

დასავლეთ საქართველოს შიმშილობა მოელის

ოზურგეთის ხედი. ფოტო ირაკლი მახარაძის პირადი კოლექციიდან.

გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 21 ივნისი, N114.

იმ ცნობების თანახმად, რომელიც ჩვენ ყოველ დღიურათ მოგვდის დასავლეთ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებიდან ნათლად სჩანს, რომ მომავალ წელში დიდი შიმშილობა იქნება.

კოკისპირულმა წვიმებმა ერთი თვის განმავლობაში გამუდმებულად რომ ასხამს სოფლის მეურნეობას სული შეუწუხა და ლამის არის ყველაფერი გაანადგუროს.

საზოგადოთ დასავლეთ საქართველოში ისეთი ნიადაგი არის რომ წვიმები არ სწყენდა, პირიქით წვიმიან წელიწადს ჭირნახულის კარგი მოსავალი იყო, მაგრამ მიმდინარე წელს წვიმამ და წყალდიდობამ გადააჭარბა, რასაც აუცილებლად მთელი ხალხის დამშევა მოჰყვება.

სოფლებიდან მიღებული ცნობების თანახმად ეხლანდელი ტაროსი უფრო მარტის ცივ კლიმატიან დღეებს წააგავს, რაც როგორც ყანებს ისე ზვრებს და ბაღებსაც ანადგურებს.

თუ ჩვენში ავდრები მაღლობ ადგილებს პირიქით უხდება წელს ასეთი მაღლობები გამუდმებულმა წვიმებმა ჩამორეცხა და რამდენიმე თვის ნაშრომი გლეხობას აზარალა.

ვაკე ადგილებში კი ტბები დადგა, სამარგელი სიმინდი ჩააყვითლა და დაალპო. ვენახები უშაბიამანოთ ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი სრულიად წაახდინა, ხეხილს ნაყოფი დააყრევინა, და პურის ყანებს კიდევ საშუალება არ მისცა მარცვალი გაეკეთებია.

ერთი სიტყვით ეხლანდელმა გამუდმებულმა წვიმებმა სოფლის მეურნეობა ერთიანად გაანადგურა და თანდათანობით სპობს.

ბევრი წყალდიდობა და წვიმები უნახავს დასავლეთ საქართველოს, მაგრამ წელს რომ ამბავია ასეთს არავინ მოსწრებია და გლეხობა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.

მომავალ წელს შიმშილობა რომ აუცილებელად იქნება ეს ცხადია, მაგრამ რომ ამ საშინელებას თავი დავაღწიოთ და მთელი ხალხი შიმშილით არ ამოწყდეს საჭიროა ისეთი ზომების გამონახვა, რომელიც ჩვენ ერს ფიზიკურ განადგურებისაგან იხსნის.

ამ გარემოებას უმთავრესათ ჩვენმა მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება და ეხლავე ზომები მიიღოს.

მართალია გზები ჩრდილოეთისაკენ დაკეტილია საიდანაც ჩვენში ბლომად მოდიოდა პური. ჩვენ ჩრდილოეთიდან აღარაფერს უნდა მოველოდეთ, მაგრამ უნდა მოეწყოს საქმე რომ მოკავშირეებმა უზრუნველყონ ჩვენი ქვეყანა პურით.

მთავრობამ ეხლავე უნდა შეუდგეს საქმეს და მოკავშირეებთან მოლაპარაკება გამართონ. მეტი საშუალება არ არის და თუ ეს არ მოხერხდა უბედურება მოგველის.

ყველასთვის წარმოსადგენია, რომ დამშეულ ქვეყანაში აუცილებლად ათასგვარი არეულობა და აჯანყება იჩენს თავს, რაც სახელმწიფოს შეასუსტებს და აღმშენებლობით მუშაობაში ხელს შეუშლის.

ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება. სუსტი სახელმწიფოებრივი მექანიზმი ვერ აიტანს დამშეულ ხალხის აბობოქრებას და ვინ იცის შეიძლება ჩვენი დამოუკიდებლობა მსხვერპლი შეიქმნას კარზე მომდგარ შიმშილის საშინელებისა.

ამისთვის მართებს მთავრობას ამ თავითვე მიიღოს ზომები და ქვეყანა განსაცდელისგან დაიხსნას.