Site icon Civil.ge

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოსტი ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა, 18 ივნისი, 2019, ფოტო: gov.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძემ 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ დავით სერგეენკო მისი მრჩევლის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. ბახტაძემ და სერგეენკომ განმარტეს, რომ საკადრო გადაწყვეტილება „ინტენსიური კონსულტაციებით“, „ერთობლივად“ მიიღეს, მას შემდეგ, რაც ამ ინიციატივით პრემიერს თავად სერგეენკომ მიმართა.

პრემიერმა ყოფილ მინისტრს ჯანდაცვის სფეროში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში „განსაკუთრებით საამაყო“ და „მნიშვნელოვანი“ რეფორმების გატარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერგეენკო „იყო, არის და მუდმივად იქნება“ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის „ერთგული წევრი“.

ახალი მინისტრის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის გამოცდილებას და მის „მაღალ მენეჯერულ“ თვისებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა – „ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ სისტემას ახალი რეფორმები სჭირდება და ეს არის მუდმივი პროცესი. მანვე მთავრობის ახალი პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ახალ მინისტრს „საკმაოდ რთულ და ბევრ გამოწვევასთან“ გამკლავება მოუწევს.

თავის მხრივ, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა პაციენტის უფლებების დაცვისა და მკურნალობის მაღალი ხარისხის პრიორიტეტულობას და ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც მოქალაქეებისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი საკითხი და არცერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ [ჯანდაცვის] სისტემას“, – განაცხადა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა.

დავით სერგეენკო იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან ერთად, ქართული ოცნების ხელისუფლების ყველაზე სტაჟიანი მინისტრია. მას ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 2012 წლიდან უცვლელად ეკავა. მინისტრად დანიშვნამდე სერგეენკო საჩხერეში ივანიშვილის მიერ აშენებულ სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. NDI-ის მიერ 2019 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თახმად, სერგეენკო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მას დადებითად გამოკითხულთა 40% აფასებდა.

რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძეს, ის პროფესიით სტომატოლოგია და 2015 წლიდან მას სწორედ ზემოთ ხსენებული სამედიცინო ცენტრის მმართველისა და ა(ა)იპ – „დოსტაქარის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)