„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია, ისინი მის გაუქმებას არ აპირებენ და საჯარო მსვლელობაში, ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეობას მათი მხარდამჭერი ჯგუფები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ასევე ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებიც მიიღებენ.
„თბილისი პრაიდის“ მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, „თბილისი პრაიდის“ გუნდი „რთულ ვითარებაში“ აღმოჩნდა, როდესაც არაფორმალური ბანდფორმირებები პატრულირებას გეგმავდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ არა მხოლოდ ორგანიზატორებს და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ „განსხვავებულად“ აღიქმებოდა.
ამ ფონზე, ორგანიზატორები სახელმწიფოს უმოქმედობაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები“, – აცხადებენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად მოუწოდებენ, რომ მათ შეუერთდნენ.
რადიკალური ჯგუფების მუქარა და უსაფრთხოების ზომები
ბოლო დღეების მსგავსად, სასულიერო პირებმა და რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები დღესაც გააკეთეს.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „გარყვნილების პროპაგანდასთან“ საბრძოლველად, „სახალხო ლეგიონის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა, დღეს მორიგი მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქალაქში წესრიგის შესანარჩუნებლად, სრულ მზადყოფნაში არიან.
„თუ ეს უბედურები [პრაიდის ორგანიზატორები] რაღაცას მოინდომებენ მაშინ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ვერის ბაღში“, – აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ პოლიცია მათ „კორდონს დაუყენებს“, ისინი მას გაარღვევენ.
პრაიდის ორგანიზატორთა წინააღმდეგ ზომების გატარებისკენ ხელისუფლებას დღეს სასულიერო პირების ნაწილმაც მოუწოდა. „წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, დაგვანებონ ჩვენ თავი… ერთი ოაზისი უნდა შეუქმნა, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც“, – განაცხადა დღეს დეკანოზმა დავით ნოზაძემ.
პრაიდთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება 17 ივნისს საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა და „არაერთი ძალა LGBT მცირე ჯგუფის“ პოლიტიკური მიზნებისა და ეკლესიის სახელის შელახვის მცდელობისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. საპატრიარქომ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით აბსოლუტური უფლება არ არის და მისი შეზღუდვა შესაძლებელია, თუ ის ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის.
საპატრიარქოში ასევე განმარტეს, რომ ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად და იქვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდეს, ნუ დაუკარგავენ საზოგადოებას დასავლური ღირებულებებისადმი „განწყობას“.
ამ ფონზე, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, რომლებიც 23 ივნისს ღირსების მარშის გამართვისთვის ემზადებიან, უსაფრთხოების მყარი გარანტიები კვლავ არ აქვთ. ღირსების მარშის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი ამ დრომდე უცნობია.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და შსს-ს შორის ბოლო შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა, სადაც უწყების წარმომადგენლებმა ორგანიზატორებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება ურჩიეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)