Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-მაისში

„საქსტატის“ მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა და 4.96 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.2 %-ით გაიზარდა და 1.47 მლრდ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 3.6%-ით შემცირდა და 3.49 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.03 მლრდ აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.9%-ით, 1.25 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 22.1%-ით გაიზარდა და 360.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 11.5%-ით შემცირდა და 885.8 მლნ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 1.3%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 28.3%-ით გაიზარდა და 748.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით შემცირდა და 951.3 მლნ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, 701.8 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა 568.2 მლნ, 435.6 მლნ, 397.1 მლნ და 251.4 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: სომხეთი – 223 მლნ აშშ დოლარით, ამერიკის შეერთებული შტატები – 215.9 მლნ აშშ დოლარით, გერმანია – 198 მლნ აშშ დოლარით, ბულგარეთი – 168.8 მლნ აშშ დოლარით და რუმინეთი – 168.2 მილიონი აშშ დოლარით.

218.7 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი და უკრაინა 168.8 მლნ, 119.1 მლნ, 116.6 მლნ და 109.1 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და გერმანია 595.7 მლნ, 349.6 მლნ, 347.9 მლნ, 266.8 მლნ და 174 მლნ აშშ დოლარით.

2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 261.1 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 207.8 მლნ აშშ დოლარი, ფეროშენადნობები – 136.7 მლნ აშშ დოლარი, სამკურნალო საშუალებები – 91.3 მლნ აშშ დოლარი, ღვინო – 82.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური წყლები – 53.8 მლნ აშშ დოლარი, აზოტოვანი სასუქები – 45.5 მლნ აშშ დოლარი, სპირტიანი სასმელები – 42.6 მლნ აშშ დოლარი, სიგარეტი – 28.6 მლნ აშშ დოლარი, ოქრო – 27.9 მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 488.8 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 277.9 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 248.4 მლნ აშშ დოლარი, სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 236 მლნ აშშ დოლარი, ნავთობის აირები – 168.4 მლნ აშშ დოლარი, სამკურნალო საშუალებები – 152.5 მლნ აშშ დოლარი, სატელეფონო აპარატები – 65.8 მლნ აშშ დოლარი, ხორბალი – 38.8 მლნ აშშ დოლარი, საბურავები – 35.3 მლნ აშშ დოლარი, სიგარეტი – 28.9 მლნ აშშ დოლარი, ელექტროენერგია – 27.1 მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 2.2 მლრდ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)