Site icon Civil.ge

საპატრიარქო: „ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან“

ფოტო: patriarchate.ge

საქართველოს საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ის ემიჯნება და სრულიად მიუღებლად მიიჩნევს აგრესიის შემცველ განცხადებებს, „როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან“.

საპატრიარქოს მიერ 19 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ე.წ. LGBT-პრაიდთან“ დაკავშირებულმა მოვლენებმა ბოლო დროს ქვეყანაში ვითარება „უკიდურესად დაძაბა“, რასთან მიმართებითაც საპატრიარქომ თავისი „მკვეთრად უარყოფითი“ დამოკიდებულება უკვე დააფიქსირა.

„მოვუწოდებთ, სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“.

მუქარა პრაიდის ორგანიზატორების მიმართ

საპატრიარქოს განცხადებიდან მალევე, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა სოციალური ქსელის საშუალებით მათთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოაქვეყნეს, სადაც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს და მაქსიმალური სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ 18-23 ივნისს დაგეგმილ კვირეულს და ღირსების მარშს, რადიკალური ჯგუფებისა და ცალკეული სასულიერო პირების წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ კანცელარიის წინ და ვერის ბაღში აქციებიც გამართეს. საქართველოში რუსულ ინტერესებთან აფილირებულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი ე.წ. „სახალხო ლეგიონის“ შექმნა დააანონსა და განმარტა, რომ ლბტქი აქტივისტებს ღირსების მარშის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემს. პრაიდთან მიმართებით, მკვეთრად უარყოფითი განცხადებები საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა.

აღნიშნულს, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ქვიარ თემის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)