Site icon Civil.ge

ბათუმში დენიკინისა და ინგლისის აგენტები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედებენ

ბრიტანული არმიის გურკხების ქვედანაყოფი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო legionerebi.com-დან.

გაზ. ერთობა, 1919 წლის 22 ივნისი. N136.

სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელ კომიტეტის მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია ჩენ მოძმე ქართველ მაჰმადიანების საკეთილდღეოთ, ძილს უფრთხობს ბეგებს და მათ ამყო-დამყოლთ. უკანასკნელთ კარგათ იციან, რომ ხალხის გამოფხიზლება ნიშნავს, მათ ბატონობის მოსპობას და მიტომაც ასე  გააფთრებით იბრძვიან სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის წინააღმდეგ. ამ შავ ყორნებს თითქოს ხელსაყრელი პირობები დაუდგათ. დენიკინის აგენტებით სავსეა ბათუმის ოლქი და, აბა, მათზე კარგ მოკავშირეებს სად იშოვნიდენ? როგორც დენიკინელები, ისე ბეგები – ხომ ანარქიაში და დემოკრატიის სისხლში ჩახშობაში ხედავენ თავიანთ ხსნას და პოვებენ შვებას. „სამუსლიმანო საქართველო“-ს N118-ში დაწვრილებით არის მოთხრობილი იმ ინტრიგების ამბავი, რომელიც ასლან ბეგ და ჯაფარ ბეგ ხიმშიაშვილებმა და მათმა  ამყოლ-დამყოლებმა გამოიწვიეს.

პარასკევს ხულოში სალოცავად მოეყარა ხალხს თავი, ხსენებულ ბეგებმა ხალხში გაურიეს სხვა და სხვა ადგილებიდან მოწვეული თავიანთი აგენტები: ზაბით აღა პაწაოღლი, ხასან აღა ქალიოღლი, ქელაშ აღა ქალუოღლი, სახან აღა ირემაძე, მოლა ისმაილ მამალოღლი და სხვა. დაიწყეს ქადაგება,  – აქ ყოფილან საქართველოს წარმომადგენლები და ჩვენს ქვეყანას (ოლქს) გაყიდვას უპირებენო.

სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის განყოფილების თავმჯდომარემ შაი აღა კადიოღლიმ განუმარტა ხალხს კომიტეტის იდეა. შაი აღას სიტყვამ კარგი გავლენა მოახდინა ხალხზე. ილაპარაკეს აგრეთვე კომიტეტის მომხრეებმა. ხალხი ჯაფარ ბეგის და ასლან ბეგის მისწრაფებას უნდობლათ შეხვდა. ამ დამარცხებით არ დაკმაყოფილდენ ეს ვაჟბატონები და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ კომიტეტის დაშლას, მაგრამ, საბედნიეროთ, მათ ინტერესებს გასავალი არ აქვს ხალხში.

 ყურად საღები ამბავს მოგვითხრობს იგივე გაზეთი. 10 ივნისს მარადიდში იქაურ ადმინისტრაციას მილიციელების  საშუალებით დაუბარებია სოფელ ხების მცხოვრებნი. კრებაზე გამოცხადებულა 20-25 კაცი. ამათთვის გამოუცხადებიათ, რომ თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ ქაღალდს, რომლითაც უნდა განაცხადოთ, რომ თქვენ გსურთ ინგლისის მთავრობაო. კრებას იჭვი აღძვრია: აქ რაღაც სხვა უნდა იყოს, ალბათ გვატყუებენო და მოუთხოვიათ გაეცნოთ მათთვის ქაღალდის შინაარსი, რომელზედაც მათ ხელი უნდა მოეწერათ. სამართლიანი მოთხოვნა ხალხისა არ დაუკმაყოფილებიათ და მილიციონერების საშუალებით ზოგიერთებისათვის ძალით მოუწერინებიათ ხელი. როგორც გაირკვა ქაღალდში დაწერილი ყოფილა, რომ ხალხი თხოულობს სამუსლიმანო საქართველოს განყოფილების წევრები მოგვაშორეთო. ალი-ეფენდ ნაკაშიძემ, ხანდი ეფენდ ჯაფარიძემ, რეჯებ-აღა სოყიოღლიმ, ისმაილ აღა-კარა აღაზედემ  და სხვა მოზგიერთებმა ქაღალდს ხელი არ მოაწერა. ამათ შორის რეჯებ-აღა ამბობდა, რომ ქართველები ვართ და ჩვენ მუსლიმანობის და ქართველობისათვის ვმუშაობთ და ასეთ მუშაობას ვერავინ აგვიკრძალავსო. როცა კანცელარია დაცარიელდა, ხაკი ეფენდ ჯაფარიძე მოიწვიეს კანცელარიაში და უთხრეს, რომ ხალხი გიჩივის თქვენ, ჩვენ ბრძანება გვაქვს, რომ ვინც საქართველოს სასარგებლოთ ეწევა აგიტაციას, ყველა დავატუსაღოთო. ქაღალდი, რომელზედაც ძალათ ხელი მოაწერინეს ზოგიერთებს, აღმოჩნდა შემდეგი შინაარსის: ხაკი-ეფენდი ჯაფარიძე, ხუსეინ აღა ჯაში, თუყან აღა ჩაუშოღლი, მასად ბეი კაბიშ-ოღლი ჩვენ გვატყუებენ და პროპაგანდას ეწევიან. მთავრობას ვაცნობებთ ამით, რომ ასეთები ჩვენ არ გვინდა. ჩვენ ინგლისის მთავრობის გარდა სხვა არავითარ მთავრობას არ ვცნობთო. ხუსეინ აღა ჯაში არის სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის განყოფილების თავმჯდომარე და ხაკი-ეფენდ ჯაფარიძე კი მისი ამხანაგია, დანარჩენები კი ვინც ამ ქაღალდში არიან მოხსენიებული განყოფილების წევრებია.

ხაკი ეფენდიმ ეს ქაღალდი გააცნო ხალხს; გამოირკვა, რომ ხალხს არ გააცნეს ქაღალდის შინაარსი და დამუქრებით მოაწერინეს ხელი. ამ გარემოებამ დიდი აღელვება გამოწვია ხალხში; ყვიროდნენ, რომ ასეთ დატყუებისათვის მივმართავთ საჩივრით უმაღლეს ადმინისტრაციასო. სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ აბაშიძმე ამის შესახებ განცხადებით მიმართა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორს.