Site icon Civil.ge

პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალა

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების აქცია გრძელდება. პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებენ, რომელმაც დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების ფონზე, საქართველოს პარლამენტთან ვითარება საღამოს 10 საათისთვის დაიძაბა. დემონსტრანტთა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, თუმცა პოლიციამ მათი მცდელობა აღკვეთა.

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა: “ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია… სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით”.

Tensions mount as protesters confront police. Photo: Guram Muradov/Civil.ge

მოქალაქეებს კეთილგონიერებისკენ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემაც მოუწოდა. “მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები”, – განაცხადა მან.

“ის რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი”, – აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ “პოლიცია და ძალოვანი უწყებები საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ “.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტის შენობაში, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ბახტაძეც იმყოფება. მათ უმრავლესობის დეპუტატებიც უერთდებიან. ასევე მედიის ინფორმაციით, პარლამენტში ჟურნალისტებს პირდაპირი ჩართვის აპარატები გაუთიშეს და მათ პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს.

23:40 სთ – პარლამენტის წინ არსებული ვითარება მოცემული მომენტისთვის კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. მათ რამდენიმე სამართალდამცველი ალყაში მოაქციეს, მათ ხელკეტები და აღჭურვილობა წაართვეს და პერიმეტრიდან მშვიდობიანად გაიყვანეს. პოლიცია ჯერჯერობით დამატებით ძალებს არ იყენებს.

23.48 სთ – მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამ წუთებში მედიასთან კომენტარს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე აკეთებს. “რაც ჩვენ თითოეულმა დღეს ვიხილეთ არის სრულიად მიუღებელი… ეს ყველაფერი დაიწყო მშვიდობის ფორმით, მაგრამ რასაც ჩვენ ბოლო 2 საათის განმავლობაში ვადევნებთ თვალს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა – ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოდან, მათ ეს არ გამოუვათ… მინდა მივმართო ახალგაზრდობას – მე ვარ თქვენს გვერდით, იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოში…. ძალადობა არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი”, – აცხადებს ის.

23:55 სთ – პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას და პარლამენტში შენობაში შესვლას ცდილობენ. მედიის ცნობით, აქციის დაშლის მიზნით, სამართალდამცველებმა გაზის მაშხალები გამოიყენეს და ჰაერში გამაფრთხილებლად გაისროლეს. აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირს ტოვებს…

00:02 სთ – აქციის მონაწილეების საპროტესტო ადგილს უბრუნდებიან… ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებს შორის ისევ რჩებიან პოლიტიკოსები. დაპირისპირებაა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის.

Protester, riot policeman wrestle in front of the Parliament. Photo: Guram Muradov/Civil.ge

00:06 სთ – მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები ადგილზე დაბრუნდნენ სამართალდამცველებმა კვლავ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მათ ადგილიდან დაშავებული გავჰყავთ… სამართალდამცველები გაზის ყუმბარებს ისვრიან… დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.

00:11 სთ – პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი კვლავ რჩება. სამართალდამცველები კვლავს გაზის შუშხუნებს ისვრიან…. პარალელურად განცხადებებს ავრცელებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და განმარტავენ, რომ ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

00:13 სთ – სამართავლდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას უბრუნდებიან. არიან დაშავებულები.

00:16 სთ – პარლამენტის წინ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც მივიდა.

00:20 სთ – ნეტგაზეთის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია პარლამენტის შენობაში გიორგი გახარიას ხვდებიან.

00:22 სთ – სახალხო დამცველი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებოდ ეხმიანება ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო მექანიზმებით. ამასთან, სახალხო დამცელი შეკრებაში მონაწილეებს შეახსენებს რომ დაუშვებელია აქციის დროს ძალადობრივი ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მოქმედებების განხორციელება. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აქციის მონაწილეები შეწყვეტენ ძალადობრივ მოქმედებებს და მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, პოლიციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და აქციის მშვიდ ვითარების ჩატარება”.

00:24 სთ – მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიას დაუბრუნდნენ, სამართალდამცველებმა კვლავ ცრემლსადენი გაზის ყუმბარების გამოყენება დაიწყეს. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ადგილზე რჩება.

00:27 სთ – ამ წუთებში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობის წევრის გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-თან განცხადებას აკეთებენ. მათი თქმით, ისინი შს მინისტრს გიორგი გახარიას უნდა შეხვედროდნენ და მათი გზავნილები და მოთხოვნები გადაეცათ, თუმცა ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, შეხვედრა ვერ შედგა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ და ბრძოლა გრძელდება. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

00:33 სთ – პარტია გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქუდზე კაცს უხმო და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

00:36 სთ – “ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი აღარ არსბობს, მისი დეოლიგარქიზაცია მოხდა” – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. ის მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

00:38 სთ – მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. “საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ”, – აცხადებს ის.

00:41 სთ – სამართალდამცველები პარლამენტის წინ მისული მოქალაქეების დაშლას კვლავ განაგრძობენ. ისინი ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს კვლავ ისვრიან. აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

00:47 სთ – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია დატოვეს. წინა პერიმეტრი სრულად სამართალდამცველბს აქვთ დაკავებული. ისინი ცრემლსადენი გაზის ყუმბარების სროლას განაგრძობენ. პროტესტანტებმა თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს.

Opposition leaders from European Georgia gesture on protesters to back off. Photo: Guram Muradov/Civil.ge

01:00 სთ – შსს განცხადებას ავრცელებს: “როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და სამართალდამცველთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული, იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას”.

Фото: Гурам Мурадов/Civil.ge

01:03 სთ – აქციაზე დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ. მედიის ცნობით, 17 სამოქალაქო პირი და 38 სამართალდამცველია დაშავებული.

01:28 სთ – სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირდება გრძელდება. სამართალდამცველები პროტესტანტების მისამართით რეზინის ტყვიებს ისვრიან. მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. არიან დაშავებულები. ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

01:45 სთ – პარლამენტის წინ სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ უკან სპეციალური მანქანები მოყვება. სპეცრაზზმმა დამატებითი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

01:48 სთ – სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობს.

01:51 სთ – რუსთაველის გამზირზე სრულად სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ისინი სპეციალურ მოწყობილობებს იკეთებენ. ისინი ცრემლსადენი აირის გაშვებას განაგრძობენ.

01:54 სთ – რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე მობილიზებული სპედანიშნულების რაზმის წევრები აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ აირს იყენებენ. სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობდა, რომ “რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება”.

01:58 სთ – აქციის გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის Civil.ge-ს ფოტოგრაფი.

01:59 სთ – ადგილზე სასულიერო პირი მივიდა, მან სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ მოქალაქეების მისამართით რეზინის ტყვიები და ძალა აღარ გამოიყენოს.

02:07 სთ – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა. სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე”.

02:11 სთ – სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.

02:24 სთ – რუსთაველის გამზირზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მისამართით კვლავ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ აირს იყენებენ.

02:50 სთ – სამართალდამცველები აქციის მონაწილეების დაშლას, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას კვლავ განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზება 50 მოქალაქეს დასჭირდა. ამ რიცხვში დაშავებული სამართალდამცველები არ მოიაზრებიან.

03: 00 სთ – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. ისინი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, თუმცა საპასუხოდ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ აირს იღებენ.

03:16 სთ – რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. სპეცდამიშნულების რაზმის წარმომადგენლები მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ აირს იყენებენ. ქუჩაში, ვითარება ამ დრომდე უმართავია.

04:05 სთ – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისში შეაღწიეს და ფანჯრიდან მათი პარტიული ატრიბუტიკა გადმოყარეს.

04:06 სთ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა დაყოფილი. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა. შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს. იმავდროულად, 19:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება – ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს”.

პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეფასებები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც გაკეთდა. “ის რაც დღეს ხდება ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არნახული დანაშაული. მიდის პირდაპირი ნადირობა ადამიანებზე. ასეულობით დაჭრილი და დაზიანებული ადამიანები მოთავსებულები არიან კლინიკებში. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ კრიზისი განმუხტვა შესაძლებელი იყო პოლიტიკური გზით… განვაცხადეთ,რომ უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებაც კი არ მოინდომა ხელისუფლებამ. დღეს აბსურდია ამაზე საუბარი… ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში უკვე სხვა ამოცანები დგას. ხელისუფლებამ გამოავლინა თავსი ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლება არ აქვს უფლება მართოს ქვეყანა.
ჩვენ ახლა, ჩვენი ფრაქცია ვიკრიბებით, სადაც არიან პოლიტიკური ლიდერები და გადავწყვეტთ როგორი გეგმები იქნება ხვალიდან… უკვე ხელისუფლებას აღარ აქვს არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი, რომ იგი მმართავდეს ქვეყანას”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ.

04:27 სთ – თბილისის ქუჩებში ამ დრომდე რჩება აქციის მონაწილეების ნაწილი. მათ და სამართალდამცველებს შორის დორდადრო მცირე ინციდენტებს აქვს ადგილი. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები პროტესტანტების ბოლომდე დაშლას კვლავ ცრემლსადენი აირით ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებენ. გრძელდება დაკავებებიც.

04:47 სთ – რუსთაველზე აქცია თითქმის დაშლილია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებზე ბოლო შეტება სასტუმრო რედისონთან მიიტანეს, მათი ნაწილი დააკავეს და აქცია ფაქტობრივად სრულად დაშალეს.

This post is also available in: Русский (რუსული)