20-21 ივნისს, რუსთაველის გამზრიზე სამართალდამცავების მიერ
ცრემლსადენი გაზით და რეზინიის ტყვიებით აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 102 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში ამ დრომდე რჩება.
ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ კლინიკებში პაციენტების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სტაციონარებში მიყვანილი პაციენტებიდან 80 პოლიციელი
იყო. „უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დებეჟილობა და თვალის ტრავმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ექიმების განცხადებით, ასევე გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევებიც დაფიქსირდა.
აქციის დაშლის დროს სხვადასხვა დაზიანება ჟურნალისტებმაც მიიღეს. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის იყო Civil.ge-ის ფოტოკორესპონდენტი გურამ მურადოვიც, რომელსაც რეზინის ტყვიებით მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ჟურნალისტების დაშავების ფაქტებს დღეს გამოეხმაურა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც მომხდარს სისხლის სამართლის დანაშაულად – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლად აფასებს. კოალიცია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას და დამნაშავეების გამოვლენას, აგრეთვე ჟურნალისტებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. კოალიციის ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს 12 ჟურნალისტი დაშავდა.
დაშავებულების გარდა, არიან დაკავებულებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ შესახებ ოფიციალური ცნობები ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
რუსთაველის გამზირზე ვითარება გვიან ღამით დაიძაბა, რა დროსაც მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, მოგვიანებით კი წყლის ჭავლი გამოიყენა. სიტუაცია 21 ივნისს დილისკენ განიმუხტა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)