Site icon Civil.ge

ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს

Parliament Speaker Irakli Kobakhidze

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ, თბილისში, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სდომის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ესწრებოდა, ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

„ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება „სწორედ ამ სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა“ და არა „დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება“.

მანვე გუშინ სამართალდამცველი უწყების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების ფაქტიც შეაფასა და განმარტა, რომ პოლიციამ „უკიდურესად მძიმე ვითარებაში“ ძალა ლეგიტიმურად სწორედ მაშინ გამოიყენა, „როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს“.

კალაძემ იქვე განმარტა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველა სამართალდამრღვევს კი „უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“.
„მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის“ – დასძინა მანვე.

მედიასთან კომენტარი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმაც გააკეთა, მან 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვებისთვის ისიც მზად არის.

ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის განცადებით, პარტია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მხარს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერს.

ბრიფინგის დროს თანაგუნდელებთან ერთად, თავად ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

შემდგომი პროცედურები

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შემთხვევაში, პარლამენტი აღნიშნულს უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ცნობად იღებს და საოქმო ჩანაწერით აფორმებს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს. ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.

ამბის წინაისტორია

20 ივნისს, პარლამენტის წინ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით – „სირცხვილია“. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსული დელეგაციის დასწრებას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.

პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა და ადგილზე მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. ამის შემდეგ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს გამოიყენეს.

რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენი საათის განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული. მოგვიანებით ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან ასევე რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა. 102 პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ორმა დაზარალებულმა ნასროლი რეზინის ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა.

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობდა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა და რომ ეს „ქართული ოცნების ხელწერა“ არ იყო.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს ჯამში სულ 305 ადამიანია დაკავებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)