Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა

ფოტო: www.president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე თბილისში, პარლამენტის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო „ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე“.

„მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი… ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა“, – განაცხადა პრეზიდენტმა. და დასძინა, რომ აუცილებელია, იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას, “ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა”.

„ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა საზოგადოებას დამშვიდებისკენ და პროვოკაციებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. მანვე თანადგომა გამოუცხადა ყველა იმ ადამიანს, „ვისაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, რომელიც „ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს“.

„გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. რუსეთს მხოლოდ ასე აღვუდგებით წინ. ოკუპაციას მხოლოდ ასე ვუპასუხებთ. მსოფლიოს მხოლოდ ასე დავანახებთ საქართველოს ღირსებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღესვე პრეზიდენტმა 20-21 მოვლენების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა. სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო ბელარუსში დაგეგმილი ვიზიტი შეწყვიტა.

20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსული დელეგაციის დასწრებას აპროტესტებდნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს.

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. 20-21 ივნისის მოვლენების დროს 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, სამართალდამცველები და ჟურნალისტები. შსს-მ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავა.

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, დღეს თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)