საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, მათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ და აზრის მშვიდობიანი, კანონით დაშვებული ფორმებით გამოხატვისკენ მოუწოდებს.
აღნიშულის შესახებ უწყების მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შსს ასევე განმარტავს, რომ 20 ივნისს აქციის მსვლელობისას დაკავებული 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენები კი, ადმინისტრაციული ჯარიმის ან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
უწყებისავე განმარტებით, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო.
პარლამენტის წინ აქცია დღეს შვიდ საათზე განახლდა. პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი კვლავ შეიკრიბა. ძალაშია მათი მოთხოვნებიც, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას, 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.
გუშინდელისგან განსხვავებით, როდესაც აქციის მონაწილეები კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ეს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ხალხის აქცია იყო და ტრიბუნასთან პოლიტიკოსების გამოსვლებს აპროტესტებდნენ, დღეს მათი მიდგომა ოდნავ შერბილდა. აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს განუმარტეს, რომ ისინი ხელისუფლებისადმი წაყენებული პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას პოლიტიკოსების გარეშე ვერ შეძლებენ და შესაბამისად, ტრიბუნა რამდენიმე პოლიტიკოსს დაუთმეს.
შეკრებილებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართეს. ამ უკანასკნელს აქციის მონაწილეების ნაწილი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა.
აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პროვოკაციების მოწყობის მცდელობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ აქციაზე არეულობის შესატანად რიგითი მოქალაქეების სახით, ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიდიან და შეკრებილებში განხეთქილების შეტანას ცდილობენ. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე მათი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
რამდენიმე საათის წინ, Facebook-ის საშუალებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი რეპერი ბერა ივანიშილი გამოეხმაურა და მიმდინარე პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა.
„მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული“, – წერს ბერა ივანიშვილი.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით ეცდებიან ხელისუფლებას მათი მოთხოვნები უფრო მკაფიოდ გააგონონ.
აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისთან საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიის ცნობით, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა, რომელიც ტელეკომპანია იმედს ინტერვიუს აძლევდა. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა ოცნების ოფისთან გადანაცვლების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.
საკუთარი მოთხოვნების გაჟღერებისა და რამდენიმე წუთიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ოცნების ოფისიდან კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ამ მომენტისთვის აქცია ოფიციალურად დასრულებულია. ის ხვალ, კვლავ საღამოს შვიდ საათზე განახლდება.
ასევე ნახეთ:
21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;
21/06/2019 – პუტინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს და ტურისტების გაყვანის დავალებას იძლევა;
21/06/2019 – საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა;
21/06/2019 – „ნუ გვესვრი!“ – ჟურნალისტების პროტესტი თბილისსა და რეგიონებში;
21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;
21/06/2019 – არასამთავრობოები: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა;
21/06/2019 – ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს;
21/06/2019 – ჯანდაცვის სამინისტრო: საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა;
20/06/2019 – პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალა;
20/06/2019 – არასამთავრობოები ხელისუფლებისგან პრორუსული ძალების „ფორსირებულ შეტევაზე“ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ;
20/06/2019 – „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან;
20/06/2019 – პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)