Site icon Civil.ge

საქართველოში ჩამოსული რუსები პუტინის ბრძანებას აკრიტიკებენ

ფოტო: იანა ყოrბეზაშვილი/Civil.ge

ამჟამად საქართველოში სხვადასხვა მიზეზებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები და ისინიც, ვინც უახლოეს პერიოდში აქ ჩამოსვლას დასასვენებლად ან სხვა მიზეზებით გეგმავენ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებას, რომელმაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა, უარყოფითად აფასებენ. ამავე ბრძანებით, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში საგზურების გაყიდვის შეჩერება ურჩია, ხოლო თავის მთავრობას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის ქვეყანაში დაბრუნების ორგანიზება უზრუნველყოს.

პუტინის გადაწყვეტილება თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, სადაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილენიც საქართველოს ოკუპაციას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ, რომელიც ხელს არ უშლის ანტიდასავლური პროპაგანდით დაკავებულ პრორუსულ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც თავის მხრივ, ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას რუსეთისა და მისი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ სენტიმენტები მოახვიონ თავს.

რუსული ონლაინგამოცემა РБК-მ რუსეთის იმ მოქალაქეების აზრებს მოუყარა თავი, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ ან ისვენებენ. როგორც მათი უმრავლესობა აცხადებს, ისინი არ აპირებენ პუტინის ბრძანებას დაემორჩილონ, რადგან საქართველოში მათ მიმართ რაიმე ტიპის შევიწროებას, უპატივცემულობას ან მუქარებს ადგილი არ აქვს, ხოლო თბილისში გამართული საპროტესტო აქციები, მათი აზრით, სამართლიანია და ორივე ქვეყნის – რუსეთისა და საქართველოს მთავრობების პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც კერძო პირებს, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ჩამოდიან, არ ეხებათ.

ქვემოთ მოცემულია ნაწყვეტები საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ინტერვიუებიდან, რომლებიც გამოცემა РБК-მ გამოაქვეყნა:

ჟურნალისტმა მარიამ, რომელიც საქართველოში ცხოვობს, РБК-ს განუცხადა, რომ შევიწროებების მომსწრე არ ყოფილა. „არასდროს შემხვედრია რუსოფობია, რომელიც პირადად ჩემზე იქნებოდა მომართული. ცნობილი ფორმულირების პლაკატები – დიახ, არის, მაგრამ ეს არის პრეტენზია რუსეთის პოლიტიკის და არ მისი ხალხის მიმართ.

ლინგვისტმა ვერამ РБК-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისიდან გამგზავრება არ სურს. „რადიკალური შეხედულებების მიუხედავად, ისინი (საქართველოს მოქალაქეები) გაგებით და სტუმართმოყვარეობით ხვდებიან რუს ადამიანებს და არ ახდენენ მათ ასოცირებას რუსეთის ხელისუფლებასთან.

Moosica Hostel-ის მფლობელმა ქსენია პუტილოვამ განაცხადა, რომ არ აპირებს „ევაკუირებას“. „რუსებს საშუალება აქვთ იცხოვრონ საქართველოში ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ გავიდნენ და შემდეგ ისევ იცხოვრონ – მე ამას ასე ვაკეთებ. იმ ამბავმა, რომ ვიღაცას საქართველოდან ჩემი ევაკუაცია სურს, სულაც არ გამახარა.

ტურისტმა ნადეჟდა ჩერნომოროვამ კი, РБК-ს უთხრა, რომ სიახლემ იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 8 ივლისამდე უნდა დატოვონ, მის გეგმებზე არ იმოქმედა. „მივდივართ საქართველოში სამოგზაუროდ. ზეგ თბილისში ვიქნებით.

ამ დროს კი, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტები, პუტინის გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებს დასცინიან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული დეპუტაციის ვიზიტი შეცდომა იყო. ამავე დროს, ისინი საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ რუსი ტურისტების ნაკადების გარეშე ქართულ ეკონომიკას ბოლო მოეღება.

ცნობილმა  ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა, რომელმაც თავისი სატელევიზიო კარიერა ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში თბილისში დაიწყო, დღეს კი, რუსეთი ერთ-ერთი პოპულარული ტელეწამყვანია და სხვა სახის ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა, თავის Telegram-ის გვერდზე დაწერა: „უცნაურია მიუთითო მას (სალომე ზურაბიშვილს), რომ ერთ მხარეს ქართველები ბუნტობენ და მეორე მხარეს სხვა ქართველები ცრემლმდენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ“. მისი თქმით, ზურაბიშვილი დასავლეთ ევროპულ ისტებლიშმენტს განეკუთვნება და წინასწარ არის განწყობილი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციაში დამნაშავენი ჩრდილოეთით ეძებოს. კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები 2008 წლის შემდეგ ნელ-ნელა აღდგა და რომ გასულ წელს საქართველოში რუსეთიდან 1,4 მლნ ტურისტი შემოვიდა.

ანალოგური აზრი გააჟღერა თავის ტვიტერზე Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, რომელმაც საქართველოში ავიაგადაზიდვების აკრძალვის შესახებ პუტინის ბრძანება შეაფასა. სიმონიანმა მოკლედ განაცხადა – „ეს არ გინდოდათ?“ (допрыгались), რაშიც სავარაუდოდ იგულისხმა, რომ პუტინის ბრძანება ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას რეაქცია მიმდინარე მოვლენებთან აშკარად სცდება დიპლომატიური უწყების წარმომადგენლის ქცევის ფარგლებს. საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამების, ასევე საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ მისი დამცინავი და მენტორული ტონი უფრო მენტალური განვითარების პრობლემების მქონე პერსონას წააგავს, რომელსაც დიდად არ ადარდებს თავისი მანერები და მისთვის სულ ერთია, სადმე ძველმანების ბაზრობაზე მუშაობს, თუ ისეთი სახელმწიფოს საგარეო უწყების სახეს წამოადგენს, რომელსაც დედამიწაზე ხმელეთის ყველაზე დიდი ნაწილი უკავია.

„აბა რა გეგონათ, ეს არ გინდოდათ? „ოკუპანტი“ უკან იხევს და თავისი ტურისტები გაჰყავს თქვენი ეკონომიკიდან?“, – წერს ზახაროვა Facebook-ის პირად გვერდზე – „შერი, ის, რაც თქვენ მოგეთხოვებოდათ საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დროს მორიგი პოლიტიკური კოლაფსის მომენტში, უნდა გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ თქვენ საქართველოს ქალაქების ქუჩებში უსაფრთხოების გარანტი ხართ. პრეზიდენტის უფლებამოსილებებით. იმ ძალაუფლებით, რაც ხალხმა მოგანიჭათ. პირადად, ბოლოს და ბოლოს. როგორც გინდათ. მაგრამ თქვენ ისევ ძველი სიმღერა დაიწყეთ მთავარის შესახებ – სიმღერა „ოკუპანტებზე“… ნეტავ ვინ გირჩიათ?“.

This post is also available in: Русский (რუსული)