პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრული პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ.
Civil.ge ამ განცხადებებს გთავაზობთ:
მმართველი გუნდის შეფასებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პარტიებს უფრო მეტ საშუალებას მისცემს იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები, რაც მისივე შეფასებით სახელმწიფო ინსტიტუტებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის კონსტიტუციას. იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა მან.
პრემიერმა თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანას „მძიმე დღეები“ ჰქონდა, რა დროსაც მოქალაქეები და სამართალდამცველები დაზარალდნენ.
„ჩვენ რაც ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს იყო გულწრფელი გამოხატულება პროტესტის და ჩვენი გუნდი და პირადად მე ვართ სოლიდარული ამ პროცესში, რაც საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სრულიად მიუღებელი“, – აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ამ „გულწრფელი პროტესტის“ გამოყენება სცადეს.
„ჩვენ ვიხილეთ როგორ მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე და როგორ ცდილობდნენ, რომ მომხდარიყო შეჭრა საქართველოს პარლამენტში, რაც არის მიუღებელი და ამას არავინ დაუშვებდა… ამას აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ შემთხვევებს, სადაც შესაძლოა ძალის გადამეტებას ჰქონოდა ადგილი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ქართული ოცნების გენერალური მდივნის და თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, საარჩევნო ბარიერის გაუქმება შესაძლებელს გახდის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს „თავიანთი წარმომადგენლობა ჰყავდეთ პარლამენტში“.
„პარტია ქართულ ოცნებას ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნას, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი განმარტებით, პარლამენტში რუსი დეპუტატის სტუმრობის შესახებ ქართული ოცნება სრულ პასუხისმგებლობას იღებს და ამას პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით რეაგირება და შედეგი უკვე მოჰყვა. რაც შეეხება, იმავე საღამოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, მან სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ „დესტრუქციულ ლიდერებს“ დააკისრა, რომლებიც შეკრებილებს პარლამენტის შენობის „შტურმით“ აღებისკენ მოუწოდებდნენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველ გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებას „რევოლუციური ცვლილებების დასაბამი უწოდა და განმარტა – „ეს მოთხოვნა ჩვენ საზოგადოებისგან მივიღეთ, დავინახეთ და შევასრულეთ“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტია შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კონსულტაციებს დაიწყებს ყველა იმ პარტიასთან, „ვინც კონსტიტუციის ელემენტარულ მოთხოვნებს სცემენ პატივს“.
მანვე 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ პირდაპირი ეთერის საშუალებით საზოგადოებამ სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობისკენ მიმართული მოწოდებები მოისმინა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა. „ეს არის ყველაზე მძიმე, რომ შეუძლებელი გახდა ძალის გამოყენების თავიდან აცილება“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
მისივე განმართებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ის გადადგა, მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხი კი „საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილებაა“.
„ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა მათ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ის აგებს პასუხს“, – განმარტა ჩუგოშვილმა და იქვე ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ის ამ მოვლენებში შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, უპასუხა, რომ „ვერ ხედავს“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ქართული ოცნება „მომავლის ხედვის მქონე ახალგაზრდა ადამიანებისთვის“ კარს ხნის.
თალაკვაძემ თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თანაგუნდელების იდენტური შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ აღნიშნულზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აიღო და „კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის [ირაკლი კობახიძე] პირი გადადგა“.
რაც შეეხება, სამართალდამცველების მხრიდან საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდით დასჯას, თალაკვაძემ აღნიშნა – „ძალის გადამეტების თითოეულ შემთხვევაზე უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, როდესაც გარკვეულმა პირებმა მასიური არეულობის ორგანიზება და ძალადობრივი პროცესების განვითარება სცადეს“.
ოპოზიციის შეფასებები
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადებას ელენე ხოშტარიამ საზოგადოების „დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა და ამ მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ შეძლეს და ქართულ ოცნებას უკან დაახევინეს.
„თქვენმა მშვიდობიანმა, გამძლეობით სავსე, პრინციპულმა ბრძოლამ გამოიღო პირველი შედეგი. ამასთანავე, აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი“, განაცხადა ხოშტარიამ და დასძინა რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი და მასზე პასუხისმგებელი სწორედ გახარიაა, რომელიც უნდა გადადგეს.
ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს და პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ივანიშვილის განცხადება ასევე „მთელი საზოგადოების, თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობის და კონსოლიდირებული ოპოზიციის“ გამარჯვებად შეაფასა და დასძინა, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და ის გრძელდება.
დღეს “ძალა ერთობაშია”-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ის ოთხი პუნქტი ჩამოთვალა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ „საქართველო გადაიქცეს სრულფასოვან, დასავლური სტანდარტების შესაბამის დემოკრატიად“.
მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ თანამდებობიდან გადადგეს შს მინისტრი, „რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე, დაარღვია თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება და გაფრთხილების გარეშე გამოიყენა სპეცსაშუალებები“. ამასთან, მანვე 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს ყველა დაკავებულის გათავისუფლება და იმ თანამდებობის პირების დასჯა მოითხოვა, რომლებმაც „ხელი აღმართეს ქართულ საზოგადოებაზე“.
ვაშაძემ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა. „ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ“, – განაცხადა მან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი, ივანიშვილის განცხადება არის „აბსოლუტურ სულელებზე გათვლილი აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა“ და მას ყველა, ვინც ამ ინიციატივას დასთანხმდება, „არის ან აბსოლუტური სულელი ან ნაყიდი“.
„ამ კაცმა [ივანიშვილმა] უნდა გაათავისუფლოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გამოცვალოს ცესკო-ს ბოლომდე ნაყიდი თავმჯდომარე და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა და იქვე აქციების საქართველოს მთელი მასშტაბით გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ ის მოთხოვნა იყო, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქვთ. ამასთან, ისინი შს მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ყველა იმ სამართალდამცველის დასჯას ითხოვენ, ვინც აქციის დაშლის დროს ძალას გადაამეტა.
თბილისში საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტის დეპუტატის ვიზიტს და მის პარლამენტში სტუმრობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის პირველ დღეს სამართალდამცველებმა პროტესტანტები ძალის გამოყენებით დაშალეს. თუმცა, ამით პროტესტის მუხტი არ განელებულა. უკვე მეოთხე დღეა, რაც პარლამენტის წინ აქცია მიმდინარებს. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ისინი იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს საღამოს შვიდ საათზეც არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. დეპუტატის მანდატი დათმო ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დათმო, რომელიც სწორედ იმ ღონისძიების ორგანიზატორი იყო, რის გამო თბილისში საპროტესტო ტალღა დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)