თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით, ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება.
იმისათვის, რომ მომხდარის სრული სურათი შეიქმნას, რათა „რეაგირების გარეშე არ დარჩეს არცერთი მცირედი სამართალდარღვევა“ პროკურატურა საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გარდა, აქციის ყველა მონაწილეს მიმართავს მიაწოდოს მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. ამასთან პროკურატურა მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მზად არის პროცესში სახალხო დამცველიც ჩართოს.
გენერალური პროკურატურის ინიციატივას დღესვე სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის ეს გადაწყვეტილება „მისასალმებელი იქნება“ იმ შემთხვევაში, თუკი ომბუდსმენის აპარატს გამოძიების მასალებზე სრული წვდომა ექნება.
დღესვე, სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლოს გადამეტების შესახებ ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომების შესახებ მოკვლევა გენერალურ ინსპექციაშიც დაიწყო ამ ეტაპზე, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
უწყებისვე ინფორმაციითვე, ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, აღნიშნული მასალები კი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნა.
აქციის პირველი დღე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. თუმცა, ამას პროტესტის მუხტი არ შეუნელებია. უკვე 4 დღეა პარლამენტის წინ აქციები იმართება. რამდენიმე ათასი ადამიანი შს მინისტრის გადადგომას და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. მათ მოთხოვნებშივე იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მათი ეს მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია.. დღეს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.
საზოგადოების პროტესტის ფონზე თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც დატოვა. ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა. ქუცნაშვილი სწორედ იმ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რასაც თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
This post is also available in: Русский (რუსული)