Site icon Civil.ge

თელავის მაზრაში წვრილი თვითმმართველი ერთეულები იქმნება

თელავი. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 25 ივნისი, N137.

მას შემდეგ, რაც თელავის ერობა მოეწყო, მისი გამგეობა, როგორც აღმასრულებელი ორგანო ჩაუდგა სათავეში მთელი მაზრის ეკონომიურ და კულტურულ საქმიანობას. ერობის გამგეობა ცდილობს ხმოსანთა ადგილობრივი დახმარებით ცხოვრებაში გაატაროს ხმოსანთა ყრილობის დადგენილებანი, მაგრამ ამას ხელს უშლის ის გარემოება, რომ ყველა რაიონში არ მოიპოვება ერობის წარმომადგენელი (ხმოსანი).

თავის თავად ცხადია თელავის ერობის მისწრაფებას შეადგენს, რაც შეიძლება ფართოთ მიიღოს ხალხმა მონაწილეობა ადგილობრივ მართვა-გამგეობაში, რისთვისაც გამგეობა ცდილობდა, რაც შეიძლება მალე მოეწყო სოფლად წვრილი ერთეულები – თემები და ეხლა უკვე განახორციელა ეს.

წვრილი ერთეულების არჩევნები დანიშნული იყო 22 და 29 ივნისს.

ამ მიზნით მაზრა გაყოფილია 4 რაიონათ – ყვარლისა, ნაფარეულისა, წინანდლისა და იყალთოსი.

ყვარლის რაიონში არჩევნები მოხდა 22 ივნისს, ხოლო დანარჩენებში იქნება 29 ივნისს.

თელავის მაზრა შესდგება 13 წვრილ საერობო ერთეულისაგან – თემისაგან.

ორგანიზაცია ამ ერთეულებისა იქნება ისეთივე, როგორც სამაზრო ერობისა ე. ი. ეყოლება პრეზიდიუმი: თავმჯდომარე, მისი ამხანაგი და მდივანი. გამგეობა უნდა შესდგებოდეს 3 კაცისგან, რომელსაც ეყოლება მოწვეული მდივანი. პრეზიდიუმი იქნება უჯამაგირო; რაც შეეხება გამგეობის წევრებს მათ უნდა მიეცეთ სასყიდელი, რადგანაც ესენი უნდა მუდმივად იყვნენ ადგილობრივ და აწარმოონ მიმდინარე საქმეები.

წვრილ ერთეულებს, თავის თავად ცხადია აწყობს (არჩევნების ორგანიზებას ეწევა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) სამაზრო ერობის გამგეობა თავის ხელმძღვანელობით და ხარჯით, რომელიც გამოანგარიშებულია 8 100 მანეთი. ჰყავს 4 ინსტრუქტორი ჯამაგირით, თითოს 1 500 მანეთი, 13 მდივანი საარჩევნო კომისიებისთვის ჯამაგირით თითოს 150 მანეთი და საკანცელარიო ხარჯები 650 მანეთი. ყველა საარჩევნო რაიონში კომისიები უკვე არჩეულია და წვრილი ერთეულის პრეზიდიუმ-გამგეობების კანდიდატებიც დასახელებული არიან.

აკლია მარტო არჩევნები, რომელიც, როგორც ზემოდ აღვნიშნეთ 22 და 29 ივნისს მოხდება.

წვრილი ერთეულის რეზიდენციები იქნება შემდეგ სოფლებში: ძველ გავაზაში, ყვარელში,  შილდაში, ენისელში, ფშაველში, რუისპირში, ზემოხოდაშენში, კურდღელაურში, წინანდალში, აკურაში, ვაჩნაძიანში, ურიათუბანში და ალვანში.