Site icon Civil.ge

მოქალაქეთა დახმარება ფრონტზე მყოფ გმირებს

სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე ქართველ სამხედრო მეთაურებთან ერთად, 1918 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. ერთობა, 1919 წლის 27 ივნისი, N140.

რესპუბლიკის სხვა და სხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ არჩეულმა მცირე კომისიამ, რომელსაც დაევალა ფრონტის დახმარების ღონისძიებათა აღმოჩენა და მის საჭიროებისათვის დღის მოწყობა – ამ დავალების შესაფერად სისრულეში მოსაყვანად საჭიროდ დაინახა შეერთებოდა ჩვენში არსებულ ცნობილსა და საქმეში დახელოვნებულ, ფრიად მნიშვნელოვან დაწესებულებას ქართველ მეომართა დამხმარე საზოგადოებას, რომელთანაც მჭიდრო კავშირი უნდა დაიკავონ ყველა მათ, ვისაც სურვილი და შეგნება აქვს ჩვენ დამოუკიდებლობისა და ერის დამცველთა, ფრონტზე მეომართა დახმარებისა, მათდამი ალერსის გამოჩენისა და ამით მოქალაქის წმინდა მოვალეობის მოხდისა მათ წინაშე, ვინც თავის მკერდით მუხანათ მტერს საშუალებას არ აძლევს სისრულეში მოიყვანოს თავისი შავი სურვილი: ჩვენი ერის დამონავებისა და რევოლუციის ჩაქოლვისა.

მეომართა დამხმარე საზოგადოების და მცირე კომისიის შეერთებულ სხდომაზე გადაწყდა: რომ შესაფერისად და საგანგებოთ ჩვენი რესპუბლიკის ყველა კუთხეში მოეწყოს ფრონტის დღე, საჭიროა მეტი დრო, მეტი მომზადება, რისთვისაც სხდომამ დაადგინა: შეუდგნენ ფრონტის დღის მოწყობის სამზადისს ახლო მომავალში, მხოლოდ ფრონტის გადაუდებელ საჭიროებისათვის მეომართა დამხმარე საზოგადოებამ ეხლავე გადასდო 300 000 მანეთი. ამ თანხით საჩქაროთ  შეძენილი იქნება ფრონტისთვის უსაჭიროესი ნივთები, რომლის საკმაო რაოდენობა ეხლავე დაურიგდება ფრონტზე მყოფ გმირთ.  ფრიად  სასურველია, რომ ყველამ ხელი შეუწყოს ამ დიადსა და მნიშვნელოვან საქმეს და თავისი წვლილის გაღებით: ფულის გაღებით, ან ნივთების შემოწირვით, გამოხატავდეს ამ მიზნისადმი სიყვარულ.

მოქალაქენო! ისწრაფეთ, თქვენი წვლილი მიიტანეთ მეომართა დამხმარე საზოგადოების ბინაზე, რუსთაველის N24, სახლი არაფელოვისა, სადაც იმყოფება შემოწირულობის მისაღებად საზოგადოების მორიგი წევრი. იმედია, ყველა შეასრულებს თავის მოვალეობას.