Site icon Civil.ge

არასამთავრობოები ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა საპროტესტო მოთხოვნების შესრულებას ეხმიანებიან

ფოტო: იანა ყორბეზაშივილი

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“  და სხვები, მიესალმებიან საზოგადოების „კონსოლიდირებული და მტკიცე“ პროტესტის პასუხად მმართველი გუნდის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილებას და ხელისუფლებას მომიტინგეთა დარჩენილი მოთხოვნების შერსულებას მოუწოდებენ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას და 21 ივნისს დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლებას გულისხმობს.

24 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობოები ასევე აფასებენ ქართული ოცნების ინიციატივას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  საარჩევნო ბარიერი მოიხსნას, და აღნიშნავენ, რომ „პროპორციული სისტემა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით (0.67%) ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების საპარლამენტო მანდატებში გარდასახვას და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას“. ამავდროულად, არასამთავრობოები განმარტავენ, რომ „ასეთი დაბალი ბარიერი, როგორც წესი, ართულებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფორმირებას და ზრდის პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის რისკს“.  ისინი ყურადღებას ამახვილებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზეც, რომ პროპორციულ სისტემებში სასურველია შემოღებულ იქნეს 3%-5%-იანი საარჩევნო ბარიერი.

არასამთავრობოები 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლისა და ამით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის „ძალის გადამეტებით დაშლის“ გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და „მნიშვნელოვნად“ აფასებენ პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის გადადგომას. ამასთან ისინი აცხადებენ, რომ უნდა შესრულდეს მომიტინგეთა კიდევ ერთი მოთხოვნა და 21 ივნისს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევებზე დადგეს „პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, რაც „ცალსახად შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს“.

არასამთავრობოები ასევე საპროტესტო აქციის კიდევ ერთ მოთხოვნასაც ეხმიანებიან, რომ გათავისუფლდნენ 21 ივნისს დაპატიმრებული დემონსტრანტები, და აღნიშნავენ, რომ „დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით“. ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, საჭიროების შემთხვევაში დაკავებულებს  სრულყოფილი სამედიციონო დახმარება აღმოუჩინოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, კვლავ გააქტიურდნენ პროსახელისუფლებო „ანონიმური” ფეისბუქ გვერდები, რომლებიც აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების დისკრედიტაციას ეწევიან“. „უარი უნდა ითქვას მსგავსი მეთოდების გამოყენებაზე“, – აცხადებენ არასამთავრობოები და იმედს გამოთქვამენ, რომ „ხელისუფლება შეასრულებს დარჩენილ მოთხოვნებს და ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოების სამართლიან პროტესტს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)