Site icon Civil.ge

პარლამენტარებმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს

ნიკა მელია, ფოტო: კადრი საქართველოს პარლამენტის ვიდეოდან

91 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, დღეს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის, წინადადება დააკმაყოფილეს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნიკა მელიას, დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს და პროკურატურას მისი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მისცეს.

მთავარ პროკურატურაში ნიკა მელიას ბრალი 20-21 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 25 ივნისს წარუდგინა და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით საქართველოს პარლამენტს გუშინვე მიმართა.

საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში გუშინვე დაიწყო. კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოთხოვნის განსახილველად პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს ხუდღიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა ორივე კომიტეტმა გაერთიანებული სხდომა დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო. სხდომა ექვსი საათის განმავლობაში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კომიტეტებმა ნიკა მელიას „დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირეს“.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცესს სამართალთან კავშირი არ ჰქონდა და საპარლამენტო უმრავლესობა, დაჩქარებული წესით, ოპონენტზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, განხილვამ, ჯერ პარლამენტის ბიუროზე, შემდეგ კი, პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა.

ნიკა მელისათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობას მისივე თხოვნით, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებოდნენ. ოპოზიციის ეს ფლანგი მხოლოდ თავად ნიკა მელიას ეკავა, რომელმაც დეპუტატებს რამდენიმე სიტყვით მიმართა.

„დღეს მე ვარ ამაყი, მაგრამ, მგონი, თქვენ არ ხართ ამაყი. დღეს მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ, პირიქით, თავს გრძნობთ უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამე მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, თქვენ ცოტა. მე შემიძლია, თვალი თვალში გაგისწოროთ, თქვენს ეს არ შეგიძლიათ. მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი“, – მიმართა მან პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.

სხდომაზე ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ნიკა მელიასთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა: „უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მაგაზე [მელიაზე], გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა ზის და უყურებს ამ ყველაფერს… ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მაგის პატიმრობაში ყოფნა… ისტორიაში ჩაიწერება რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“, – განაცხადა მან.

მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არც ოცნების ყოფილმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დაუჭირა. „არ მაქვს მორალური უფლება [ნიკა] მელიას შევუჩერო იმუნიტეტის და მურუსიძის სასამართლოს გადავცე“, – განაცხადა მან და ამის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა. იგივე პოზიცია დააფიქსირა, ოცნების ასევე ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას „სისტემაზე მორგებული უსამართლო გადაწყვეტილება“ უწოდა.

მელიას მიმართ კრიტიკულები იყვნენ უმრავლესობის დეპუტატები. ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის აკაკი ზოიძის განმარტებით, მელიასადმი მის პატივისცემა სწორედ მაშინ დასრულდა, როდესაც მან ახალგაზრდები სპეცრაზმელებთან „ხელის ერთი გაქნევით წაიყვანა“. ამასთან, მმართველი გუნდის ორმა დეპუტატმა, მირიან წიკლაური და რომან კაკულია, რომლებიც ესწრებოდნენ განხილვას, კენჭისყრიში მონაწილეობა არ მიიღეს.

მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ხმის მიცემის პროცედურას არ დაესწრო ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში. მედიასთან საუბარში მან აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც“. მანვე თანაპარტიელების მიერ მიღებულ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც შეაფასა და განაცხადა, რომ „დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორად მიაჩნია“.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა მკაცრად გააკრიტიკეს ერთიან ნაციონალური მოძარობის და ევროპული საქართველოს წევრებმა.

„დღეს ნიკა მელიას მოუწყვეს პოლიტიკური სასმართლო…მწვანე აუნთეს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით კი, „ამ პარლამენტმა, სადაც 91-მა ‘გავრილოვის სიაში’ მყოფმა ადამიანმა, ხმა მისცა ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნა, დაკარგა ლეგიტიმაცია“.

„პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილი“ უწოდა მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრმა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა „არ მოინდომა განეხილა გახარიას კრიმინალური-სისხლიანი გადაწყვეტილებების საკითხი და ამის მაგივრად სცადა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში გაშვება, როგორც მეთოდი, რომ ამით გახარია პოლიტიკურად გადაარჩინოს“.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, საქართელოს პროკურატურას აქვს უფლებამოსილება აღკვეთის ღონისძიების სახით მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, პარლამენტი, დეპუტატისთვის შეფარდებული პატიმრობის ვადით, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს. კანონმდებლობის თანხმად, პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში, დეპუტატს უფლებამოსილება საბოლოოდ უწყდება.

საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეპუტატს იმუნიტეტი უწყდება. 2004-2008 წლებში, იმუნიტეტი მოეხსნა რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის, გიორგი კენჭაძეს (2004 წ.), გია ნუცუბიძეს (2006 წ.) და ვალერი გელბახიანს (2008 წ.).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)