თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეპუტატი, 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა. მელიამ გირაოთი განსაზღვრული თანხა 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაბრაზში მსხდომი და სასამართლოს ეზოში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარამჭერები ტაშით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, გირაოს გადახდასთან ერთად, დეპუტატს მთელი რიგი აკრძალვები დაუწესდა, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, ასევე – საქმეში წარდგენილ მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გარდა ამისა, სასამართლომ მელიას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარება დაავალა.
ნიკა მელიას, რომელსაც ბრალი 20-21 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს ჩაენიშნა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინა და პარლამენტს დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებისთვის წერილობით მიმართა, რათა პროკურატურას მისი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მისცემოდა.
26 ივნისს 91 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა გენერალური პროკურორის ეს წინადადება დააკმაყოფილეს და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)