საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები 20 ივნისიდან ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან, და რომელთაც ძირითადი მოთხოვნებიდან ერთი დარჩენილის – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობით გაგრძელდა.
“მერვე დღეა ჩვენი ხმა არ ესმის ხელისუფლებას, მივდივართ იმიტომ, რომ უფრო ახლოდან გავაგონოთ ჩვენი მოთხოვნა მათ ბატონს – ბიძინა ივანიშვილს, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს”, – აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები, რომელთა თქმითაც, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და არანაირი შეურაცხმყოფელი შეძახილებიც კი არ იქნება.
ადგილზე მისულებმა სიმბოლურად “გაფრთხილების” ნიშნად ყვითელი ბარათები ამოიღეს და განაცხადეს, რომ ეს ჯერ გაფრთხილებაა, წითელი ბარათების ჩვენებამდე.
მსვლელობაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იღებდნენ. მათმა უმეტესობამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან გაკეთებული განმარტებები 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებზე “საზოგადოების შეურაცხყოფად” შეაფასა და კვლავაც აღნიშნა, რომ მინისტრი უნდა გადადგეს.
აქციის მონაწილეებს ხელში ტრასფარანტები ეჭირათ წარწერით “რუსეთი ოკუპანტია” და ასევე მსვლელობის დროს გზებზე ტოვებდნენ წარწერებს: “გახარია წადი”.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი არ დაიღლებიან და ბოლომდე “იბრძოლებენ” მიზნის მისაღწევად. მათი თქმით, ორი მოთხოვნა: 2020 წელს არჩევნების პროპროციული სისტემით ჩატარება და 20-21 ივნისს დაკავებულების გათავისუფლება უკვე შესრულდა და ახლა “ბრძოლა” დარჩენილი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება.
“წადი გახარია, წადი, არ გინდა ეს სკამი”, – ამ შეძახილებით დაასრულეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან მშვიდობიანი მსვლელობა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დღევანდელი აქცია დაასრულეს. 28 ივნისს 7 საათზე კი რუსთაველის გამზირზე კვლავ “საქართველოს სამსახურში” შეკრება დააანონსეს.
აქციაზე ვითარებას მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
მეორე დღეს პროტესტმა უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. 8 დღის განმავლობაში, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის წინ ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება და აცხადებს, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ მათი ბოლო მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)