Site icon Civil.ge

შს მინისტრი: “მე ვრჩები აქ”, სანამ არ დასრულდება გამოძიება

გიორგი გახარია მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ფოტო: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მერვე დღეს, მინისტრი გახარია 27 ივნისს ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდა და ვრცლად ისაუბრა სპეცრაზმის მიერ 20-21 ივნისის აქციის დაშლაზე, რის შედეგადაც 240 პირი, მათ შორის, 100-ზე მეტი მოქალაქე, 30-ზე მეტი ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა.

თითქმის ორი საათის განმავლობაში, მინისტრი პასუხობდა მისი და ხელისუფლების მიმართ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ 20-21 ივნისის თბილისის საპროტესტო აქციის “სასტიკი დარბევა” სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებით, მათ შორის, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისათვის დამიზნებით სროლით, და სიცოცხლისთვის საშიში სპეცსაშუალებების გამოყენებით მოხდა.

გახარიამ, რომელსაც, მიმდინარე პროტესტის ფონზე, მმართველმა გუნდმა “სრული მხარდაჭერა” დაუდასტურა, 20-21 ივნისის მოვლენებს “მძიმე დღეები” უწოდა და, აქციის დაშლის სხვასხვა დეტალებთან ერთად, ოპოზციის, ხელისუფლებისა და პირად პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მან, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მანამდე გამოთქმული პოზიცია გაიმეორა და ოპოზიციური ლიდერები, რომელთა შორისაც ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და სხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ძალადობრივი ქმედებებისკენ დემონსტრანტების წაქეზებაში დაადანაშაულა.

მოვლენათა ქრონოლოგია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, 20 ივნისს საღამოს 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაწყებული საპროტესტო აქცია საღამო 10 საათამდე “აბსოლუტურად მშვიდობიანი” იყო. მისი თქმით, ვითარების ესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც “სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის” შესახებ “პირდაპირი მოწოდებები” გაისმა.

მინისტრის განცხადებით, საღამოს 10 საათიდან 12 საათამდე, პოლიციელები მოქმედებდნენ მიდგომით, რომ “ყველანაირი ძალადობის გარეშე, მაქსიმალური დროის განმავლობაში” დემონსტრანტების “შემოტევებისთვის” უნდა გაეძლოთ. მისი თქმით, დროის ამავე მონაკვეთში, პოლიციელებს მხოლოდ ფარებით შეეძლოთ თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც “კორდონიდან 30 პოლიციელი ისე იყო გატაცებული, ამ ადამიანებმა მათი კოლეგების მდგომაროებაზე არ იცოდნენ”.

მინისტრის განმარტებით, პარლამენტის შიდა ეზოს მისადგომებთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება 5 საათს გაგრძელდა, თუმცა ღამის 2 საათამდე “პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია”, “ისინი მხოლოდ იცავდნენ პარლამენტის შენობას, ერთმანეთს და თავიანთ თავს”.

ღამის 2 საათის შემდგომ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაზე მინისტრს აღარ უსაუბრია.

მომხდარის გახარიასეული კვალიფიკაცია

20 ივნისს, საღამოს 10 საათის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გიორგი გახარია ახასიათებს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე განხორციელებულ “ფიზიკურ”, “ძალადობრივ”, “ორგანიზებულ შტურმს” და “ხელისუფლების შეცვლის მცდელობას”. მინისტრი განმარტავს, რომ “ეს არ ყოფილა პოლიციასა და მშვიდობიან აქციას შორის რაღაც ურთიერთობის დარეგულირება. ეს იყო შტურმის მოგერიება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს რამდენიმე საათი”.

გახარიამ ასევე აღნიშნა: “დღეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ძალადობრივი თავდასხმებით, შტურმებით და პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაკავებით ხელისუფლების თუნდაც ცვლილების მცდელობა”.

ძალის ლეგიტიმურობა და პროპორციულობა

შინაგან საქმეთა მინისტრი 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობასა და პროპორცილობასაც შეეხო.

გახარიას განმარტებით, დემონსტრანტების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გათვალისწინებით, პოლიციამ ისარგებლა “ლეგიტიმური უფლებით”, რომ “გამოეყენებინა ძალა”. რაც შეეხება გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხს, მინისტრის განცხადებით, ცალკეულ ეპიზოდებთან “არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები”, რომლებიც დეტალურ გამოძიებას მოითხოვს, მათ შორის, მომიტინგეთა მისამართით დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევები.

სპეცოპერაციის მეთოდოლოგია: პოლიციელების მოქმედებები, გამოყენებული იარაღი და სპეცსაშუალებები

რამდენჯერმე დასმული კითხვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დააზუსტა, აქციის დაშლის დროს სპეცრაზმელები ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ. “ხაზგასმით აღვნიშნავ, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ “შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა, მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ”.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტთა მწვავე კითხვებს, რომელიც სპეცრაზმელთა მოქმედებასა და მათ მიერ გამოყენებული საშუალებების კანონიერებას ეხებოდა. გახარიამ უარყო გავრცელებული მოსაზრებები, რომ რეზინის ტყვიები, რომელთა გამოყენების შედეგად ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, ათობით პირმა კი სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ლეტალურ საბრძოლო საშუალებას წარმოადგენს.

მისივე თქმით, სპეცრაზმებელის აღჭურვილობაში “იყო მხოლოდ და მხოლოდ ის ტყვიები, რომლის გამოყენების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება”. მანვე “ცინიკური ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ აქციის დაშლისას ნასროლი რეზინის ტყვიები ცხოველთა გასანეიტრალებლად გამოიყენება. ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს რეზინის ტყვიები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2012 წლის აგვისტოში იქნა შეძენილი.

გახარიამ იქვე განმარტა, რომ “ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავის პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს გარკვეულ შედეგებს, რაც ასევე უდნა გახდეს და არის გამოძიების საგანი”.

მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული კრიტიკა, რომ მოქალაქეები აქციის დაშლის დაწყების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ. გახარიას თქმით, ამ მხრივ “პროტოკოლური მხარე დაცული იყო”.

მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ბრალდებასაც, რომ სპეცრაზმელები მომიტინგეებს “დევნიდნენ, დილამდე დასდევდნენ”. გახარიას განცხადებით, ეს იყო “ერთეული შემთხვევები”, რაც მოხდა ფილარმონიასთან, მელიქიშვილზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და გმირთა მოედანზე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მცდელობა

გიორგი გახარიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, მის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ოპონენტებს დააკისრა.

“სახელმწიფო ინსტიტუტის ძალადობრივი გზით აღების მსურველ ადამიანებთან მოლაპარაკებებზე იმიტომ მივდიოდით, რომ მსგავს ტრაგიკულ შედეგებამდე არ მივსულიყავით, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა, იმიტომ რომ მათ ვერ მოახერხეს ამ პროცესის მართვა”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ “სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა“.

მიმდინარე გამოძიება

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მინისტრმა გახარიამ როგორც სამართალდამცავების, ისე აქციაში მონაწილე პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, “სამართალდამცველი სისტემის მხარეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა” არსებობს და ამ საკითხს პროკურატურა იძიებს. მანვე დაადასტურა ხელისუფლების მიერ მანამდე გამოთქმული პოზიცია, რომ მზად არიან, გამოძიებაში სახალხო დამცველი და ყველა დაინტერესებული მხარე ჩართონ.

დემონსტრანტთა პასუხისმგებლობაზე საუბრისას კი, გახარიამ განაცხადა, რომ შსს-ს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს “კონკრეტული ადამიანები”, რომლებიც “მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ” და პარლამენტის შენობაზე “ფიზიკური იერიში” მიჰქონდათ.

პასუხისმგებლობის საკითხი

ჟურნალისტებთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრრმა რამდენჯერმე თქვა, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები პირადად მის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ “პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მიიღო პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისევე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას”.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ არ დაუშვას “ძალადობრივად შეჭრა” და “ამ შტურმის მიზნის მიღწევა”. “ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ “თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი, ჩვენ ამაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის”.

გახარია საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური ლიდერების პასუხისმგელობლობასაც შეეხო და განაცხადა, რომ “პოლიტიკური პასუხისმგებლობა შტურმზე, პოლიციაზე ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმასა და პარლამენტზე ეკისრება იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ შტურმს გაუწიეს ორგანიზება”.

მინისტრი ასევე მისი გადადგომის მოთხოვნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გადადგომა მისთვის “პრობლემას არ წარმოადგენს” და იგი მზად არის დატოვოს თანამდებობა მას შემდეგ, რაც დასრულდება სამართალდამცავთა უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების თავდასხმაზე მიმდინარე გამოძიება, და დარწმუნდება, რომ “თითოეული პოლიციელი რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი”.

“მე თუ ხალხის თვალში გავხდი სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივად ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრ ბახტაძის პოზიცია

გუშინვე, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გამართა.

20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას, პრემიერმა განაცხადა, რომ “ის, რაც მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები”.

“შედეგი მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა არაფერი არ დგას”, – აღნიშნა ბახტაძემ და დასძინა, რომ “პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)