სამოქალაქო პროტესტის პასუხად, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ ინიციატივის გახმოვანებიდან ერთი კვირის თავზე, მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინა.
ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტი 2017 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებას ეხება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლამდე გადაავადებდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავაც პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით განსაზღვრავდა. ამასთან, კონსტიტუციის ძირითადი დებულებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარებას 2024 წლიდან ისედაც ითვალისწინებდა, უცვლელი დარჩება.
წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცველილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საბოლოოდ უქმდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ამასთან, ერთჯერადად, 2020 წლის არჩევნებისთვის, მოქმედი 5%-იანი ბარიერის ნაცვლად, ე.წ. ბუნებრივი ბარიერი (0.67%) დაწესდება და საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლის ყოლას ყველა ის პარტია შეძლებს, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მოაგროვებს.
საკონსტიტუციო ცვლილების პრეზენტაციისას, რომელსაც პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება „საზოგადობრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში“ უნდა მოხდეს. „მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ ამ მიდგომით გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. ამისთვის არსებობს შესაბამისი პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და ნიუანსი“, – განაცხადა კალაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „საჭიროებს კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენ გვაქს იმედი და მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში“. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზეც წარიმართება, რამაც „საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს პარტიული სისტემის და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას“.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტის დღეს გამართულ წარდგენას არ დაესწრნენ, თუმცა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ პროპორციული საარჩევნო სისტემის ასამოქმედებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს.
„ცალსახად, მონაწილეობას მივიღებთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურაში, იმისათვის, რომ საზოგადოებისგან წამოსული ძლიერი წნეხის პირობებში ქართული ოცნების მხრიდან იძულებით გადადგმული ეს ნაბიჯი ბოლომდე იქნას მიყვანილი“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი აბესაძემ.
„ქართული ოცნება დამარცხდა საზოგადოებასთან, დამარცხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ქუჩაში აპროტესტებენ ქართული ოცნების უმსგავსობებს და დანაშაულს, რომელსაც ჩადიან ესენი“, – განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონიალური მოძრაობის თავმჯდომარის რომან გოცირიძემ. „ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დაუჭერს ნებისმიერ ვარიანტს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას, იქნება ბარიერით თუ უბარიეროდ, იქნება ბლოკებით თუ უბლოკოდ“, – დაძინა მან.
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე შეუდგება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ქართულ ოცნებას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ასამოქმედებლად ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)