საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 1 ივლისს თავის ჩინელ კოლეგას, სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კეციანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილა.
ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ლი კეციანის მოწვევით სტუმრობს, სადაც ის დალიანში 1-3 ივლისს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, „ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის საფუძველზე“, ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება.
მისი თქმით, ჩინეთის სურვილია, რომ საკუთარი განვითარების სტრატეგია საქართველოსთან შეათანხმოს და ხელი შეუწყოს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივაზე თანამშრომლობას იმ პრინციპით, რომ დისკუსიის და თანამშრომლობის გზით, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წარმატებით გამოყენებით, ერთობლივ ზრდას მიაღწიონ.
ლი კეციანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს სურს გააფართოვოს ორმხრივი ინვესტიციები თანასწორობის და ურთიერთსარგებლის საფუძველზე.
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოაწერეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)