Site icon Civil.ge

მთავრობის განმარტება გაზეთ „აშხატავორის“ დახურვის შესახებ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები მოქალაქეებს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს. 1919 წლის 26 მაისი. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 10 ივლისი, N150.

რომ ბოროტგამზრახველთ საშუალება არ ექნეთ თავის ინტერესებისთვის გამოიყენონ გაზეთ „აშხატავორის“ დახურვის ფაქტი, რომ ასეთ პირებს საშუალება არ ექნეთ გაავრცელონ ყალბი ცნობები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის შესახებ და საზოგადოებისათვის საცნობათ, თუ რომელ ნამდვილ მიზეზის გამო დახურულ იქნა აღნიშნული გაზეთი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებ:

რესპუბლიკის მთავრობა ბეჭდვითი სიტყვის ყველა ორგანოს აძლევს სრულ უფლებას კრიტიკა გაუწიოს მთავრობის და მის ორგანოების მოღვაწეობას. მაგრამ მას არ შეუძლია დაუშვას, რომ ვითომდა კრიტიკის სახით რესპუბლიკაში გამოცემულ გაზეთებში იბეჭდებოდეს წერილები, რომელსაც ასულდგმულებს მტრული დამოკიდებულება არა მარტო რესპუბლიკის მთავრობასთან, არამედ მის მთელ მცხოვრებლებთან. საქართველოს მთავრობას, რომელმაც აუარებელი ენერგია და შრომა დახარჯა ამიერ-კავკასიის ხალხთა დაძმობილების გულისთვის, არ შეუძლია გულგრილი იყოს, როცა მის მუშაობას აფერხებს განზრახ მოჭორილი, ტენდენციური ცნობები გაზეთისა, რომელიც მიისწრაფვის ამიერ-კავკასიის ხალხთა გათიშვისაკენ და მათ შორის ნაციონალური მტრობის გაღვიძებისაკენ. სწორეთ ასეთ მიმართულებას მისდევდა უკანასკნელ ხანაში გაზეთი „აშხატავორი“, წერილში, რომელსაც სათაურათ  ჰქონდა: „მენშევიკების მეფობა“  – „აშხატავორი“ რესპუბლიკაში მოქმედ ხელმძღვანელ პარტიის წარმომადგენლებს ეძახის „სოციალ-მოღალატეებს“ და მთავრობის პოლიტიკას კი არქმევს „აზიურს“. როგორც ამგვარი პოლიტიკის შედეგს მიუთითებს ქალაქ თფილისიდან „მშრომელი ეზიდების“ ძალით გაყვანაზე და მესამასე ვერსზე გადასახლებაზე. სამინისტრო კატეგორიულათ აცხადებს, რომ ეს ცნობა სავსებით მოჭორილია.

მჭიდროთ დასახლებულ ქალაქში რომ გადამდები სნეულებანი არ გავრცელდეს – მესამასე ვერსზე იგზავნება, ყველა განურჩევლად ეროვნებისა, ყველა ლტოლვილი, რომელთაც შესაძლებლობა არ აქვთ საკუთარი შრომით ირჩინონ თავი.

ამა წლის 15 მაისს გაზეთი თავის მოწინავე წერილში აცხადებს:

„მზრუნველობის ორგანოთა უძლურებისა და უმოქმედობის გამო, საქართველოს მთავრობის დამღუპველ პოლიტიკის გამო ახალქალაქელ ლტოლვილთა 50% დაიღუპა. ახალქალაქში მყოფი ქართული მთავრობა, თითქოს თავის იქ ყოფნას დროებითად სთვლის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დამოკიდებულებაში მტაცებლურ პოლიტიკას ეწევა. იგინი ანელებს რა ადგილობრივ გლეხთა ძალაუფლებას, თანამდებობებს აძლევს შოვინისტებს, მძარცველებს, რომელთა უმთავრესი და უდიდესი მიზანია შეავიწროონ და გააპარტახონ ისედაც განადგურებული ლტოლვილნი. ოფიციალურ ძარცვა-გლეჯას თან მისდევენ არაოფიციალური პერიოდული ძარცვანი და ქურდობანი, – და აი, ასეთ სასტიკ მდგომაროებაში ჩავარდნილი გლეხობა, რჩება უმწეოთ და საშუალებაც ერთმევათ პროტესტი მაინც განაცხადონ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არავითარ ზომებს არ ღებულობენ ასეთი მდგომაროების მოსასპობათ, პირიქით, არაოფიციალურათ ხელსაც კი უწყობენ მის გახანგრძლივებას“.

სამინისტროს არ შეუძლია არ მიათითოს ამ მეთაურ წერილის მოჭორვა-მოგონებაზე.

ახალქალაქის მაზრის საზოგადოებრივ ცხოვრებაში წესრიგის და მშვიდობიანობის დასამყარებლათ იქ გაგზავნილ იყვნენ მთავრობის მიერ განსაკუთრებული რწმუნებულებით აღჭურვილნი პირნი, რომელნიც ცხად უწესიერო და უკანონო ქმედებათა შემთხვევის დროს ღებულობენ უმკაცრეს ზომებს მათ შესაწყვეტათ და აღმოსაფხვრელათ. ადმინისტრაციაში მოსამსახურენი, რომელიც შენიშნულ იქნენ რომელიმე არაკანონიერ ნაბიჯებში, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან ამ მაზრაში ცხოვრების აკრძალვასთან ერთად.

ლტოლვილებთან დამოკიდებულებაში კი, მიუხედავათ მათი ეროვნებისა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს მათ ცხოვრებისათვის უფრო კარგ პირობების შესაქმნელათ. სამინისტროში აქამდე არ შემოსულა არც ერთი საჩივარი ახალქალაქის მაზრის ლტოლვილთაგან მათდამი ადმინისტრაციის უკანონო მოქმედების შესახებ, თუმცა ამის სრული საშუალება ჰქონდათ ლტოლვილებს.

ამა წლის სამ ივნისს „აშხატავორი“ მკაცრს გამოთქმებით ამტყუნებს საქართველოს მთავრობას და ბრალს სდებს, თითქოს მას მოეტყუებიოს სომეხთა ნაციონალური საბჭო ბორჩალოს მაზრაში ქართულ-სომხური კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ამასთან, გაზეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებას უთანასწორებს ამ საკითხში ყოფილ რუსეთის იმპერიის ყოფილ იუსტიციის მინისტრის შჩეგლოვიტოვის მოქმედებას, რომელმაც გამომძიებელი ლიჟინი აღჭურვა განსაკუთრებული უფლებებით სომხების სადევნელათ და შესავიწროებლათ. ამ წერილში გაზეთი უთითებს, რომ შულავერიდან თფილისში ჩამოყვანილი ზაგარიანი და არტურიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს თავდებ ქვეშ „ალახმა უწყის როგორი ფასით“; გაზეთი ამ წერილს ათავებს: „საჭიროა ამ  სასირცხვო კონფლიქტის ლიკვიდაცია და ყველა დატუსაღებულთა განთავისუფლება წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები მეტათ სამწუხარო იქნება“. N122 და N127 გაზეთები აღნიშნავს მთავრობის ნებართვით, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ სომხების დევნას.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ თვითეული მოქალაქე, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება, ეროვნების მიუხედავათ, ყოველთვის აღადგენს თავის დარღვეულ უფლებას მთავრობასთან და თუ რომელიმე პიროვნების შესახებ ადმინისტრაცია არაკანონიერ მოქმედებას სჩადის, მაშინ მთავრობა, რომელსაც ეცნობება ეს, იმ წუთსვე ღებულობს გადამწყვეტ ზომებს უკანონობის მოსასპობათ.

ასეთი სრულიად შეუსაბამო განცხადებები, რომლითაც უმასპინძლდებიან სომეხთა მასას, რომელსაც ტენდენციოზური ბეჭდვითი სიტყვა ყოველთვის აქეზებს, აღვივებს ნაციონალურ ინსტიქტებს და საქართველოს ტერიტორიაზე  მცხოვრებ სომხებში ქართველებისა და მუსლიმანების წინააღმდეგ განწყობილებას ქმნის, ქმნის ამით არასასურველი გართულების მუდმივ საშიშროებას.

საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ წესრიგისათვის ასეთი მავნე მოღვაწეობა, იმის დამოუკიდებლათ, ჩნდება იგი დაბეჭდილ წერილებში თუ საჯარო სიტყვებში არ შეიძლება მოთმენილ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ და მთავრობა მთელი თავისი ზომებით იბრძოლებს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ წესრიგის დამრღვეველთა წინააღმდეგ.