ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე „საგანგაშო“ ვითარებისა და არსებული მდგომარების დეესკალაციის პროცესში საზოგადოების „აქტიური ჩართვის“ აუცილებლობიდან გამომდინარე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს, „რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში ხაზარაძე წერს, რომ სახეზეა საზოგადოების „გახლეჩისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი“. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო წყალგამყოფი, როდესაც „ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“.
„ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო – სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს“, – წერს ბიზნესმენი.
ხაზარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ დღეს არის საჭირო „ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება“, რადგან ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა „პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“.
„ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თიბისი ბანკის საქმე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროქტი
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. პორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს თიბისი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მშენებლობის პირველი ფაზა გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა.
პროექტის დასრულების ირგვლივ კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
თავად მამუკა ხაზარაძე გამოძიების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებდა და აცხადებდა, რომ გამოძიების მიზანი პროექტიდან მისი და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორება იყო. იგი ამბობდა, რომ პროექტის მთავარი პარტნიორების მიმართ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიება პროექტისთვის დაფინანსების მოპოვებას გაართულებდა. მმართველი გუნდი კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პორტის პროექტთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავდა.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების პარალელურად, მთავრობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არაერთი შეხვედრა შედგა და შეთანხმებაც თითქმის მიღწეულია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტიციების მოსაზიდად განრიგით გაწერილი ვადა 15 ივნისს ამოეწურა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით კონსორციუმს ვადა კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)