რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ, „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობებს გაართულებდა“. პუტინმა ეს განცხადება 9 ივლისს, ეკატერინბურგში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პუტინი „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მისი გინების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საქართველოში არის ხალხი, რომელიც ამას აპროტესებს. აი, სწორედ ამ ხალხის გულისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის გულისთვის, მე არ გავაკეთებდი არაფერს ისეთს, რაც ჩვენს ურთიერთობებს გაართულებდა“.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მისი ამ პოზიციის გასაგებად წარსულის, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გააზრებაა საჭირო.
მისი თქმით, ეს რეგიონები ისტორიულად დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ და 1918-20 წლებში საქართველომ „აფხაზეთის ოკუპაცია“ და „ოსი ხალხის გენოციდი“ მოახდინა. „კარგი იქნებოდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს სცოდნოდა“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ „ამის დავიწყება არსდროს არ შეიძლება, თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობების დამყარება სურს“.
პუტინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და დაეცვა ეს ხალხები“.
პუტინის განცხადებით, „ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი ან არ იციან, ან იციან და იგნორირებას უკეთებენ და, საბოლოო ჯამში, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თავად საქართველოს და ქართველ ხალხს“. „ამას სერიოზულად, ღრმად უნდა ვუდგებოდეთ“, – დასძინა მან.
თბილისში მიესალმნენ სანქციებთან დაკავშირებით პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, „რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო ამას“. ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაგმო „რუსთავი 2“-ის ეთერში პუტინის გინების ფაქტი და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელსაც შეუძლია „გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/07/2019 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 48-ე რაუნდი
- კარასინი, თბილისის საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აფასებს –
- პუტინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს და ტურისტების გაყვანის დავალებას იძლევა –
- რუსული მედიის აზრით, არეულობები თბილისში ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)