Site icon Civil.ge

თბილისი საქართველოს მიერ „აფხაზეთის ოკუპაციისა“ და „ოსი ხალხის გენოციდის“ შესახებ პუტინის ბრალდებებს პასუხობს

ვლადიმირ პუტინი, ფოტო: Kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან საქართველო „აფხაზეთის ოკუპაციასა“ და „ოსი ხალხის გენოციდში“ დაადანაშაულა, თბილისში დღეს უპასუხეს და პუტინის განცხადება ისტორიული ფაქტების „არასწორ ინტერპრეტაციად“ და „ტენდენციურად წარმოჩენის“ მცდელობად შეაფასეს.

პირველი ვინც, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო. მისი განმარტებით, „რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები არაერთხელ გვსმენია“ და „ეს ახალი არ არის“. მისივე შეფასებით, პუტინის განცხადება „ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად და ტენდენციურად წარმოჩენის“ მცდელობაა.

„საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რომელიც დეესკალაციისა და დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული. ზალკალიანივე განცხადებით, ხელისუფლება ასეც იქცევა და ამის დასტური ის ქმედებებია, რაც ჟენევის ფორმატის ფარგლებში აისახება.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს და რა თქმა უნდა ყველა საერთაშორისო ნორმები და ვალდებულებები რაც არის აღებული, ის უნდა იყოს შესრულებული“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირებისთვის, ზალკალიანმა უაპსუხა: „საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, როგორც ერთიანი, სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ეს არის პასუხი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ“.

მანვე ვლადიმერ პუტინის განცხადება, სადაც ის საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებასთან მიმართებით ამბობს, რომ „ამას ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“ არ გააკეთებდა, კიდევ ერთხელ შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, რომელსაც, მისი თქმით, “ვინ არ მიესალმება”.

ზალკალიანის განმარტებით, ის „უპასუხისმგებლო“, „პროვოკაციული“ და „დესტრუქციული“ განცხადებები, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით არხის წამყვანმა გააჟღერა, „იყო მიმართული იმისკენ, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რა რეაქციაც გამოიწვია რუსეთის დუმის მხრიდან“. „ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ როგორც ფრენები აიკრძალა, შემოღებული ყოფილიყო ემბარგო“, – დასძინა მანვე.

„გვინდოდა, რომ ქართველები, როგორც მაშინ [2006 წელს] გამოდევნეს, ისევ იმ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით? ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს იმ ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე რომ მოსვლოდათ?“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩვენ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ. მისივე თქმით, „საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ“.

„ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი“, – განაცხადა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ ახლა არა პოლარიზაციის, არამედ კონსოლიდაციის დროა.

რუსეთის ვლადიმირ პუტინის განცხადების შეფასება დღეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც სთხოვეს, თუმცა მან დასმულ კითხვას არ უპასუხა.

ვლადიმირ პუტინის განცხადება რუსეთის დუმის მიერ საქართველოსთვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ 9 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას 7 ივლისის მონოლოგის საპასუხოდ, სადაც მან პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა, საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

დუმის გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა გუშინვე შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო არ დათანმხდებოდა. მანვე იქვე, განმარტა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისტორიულად დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ და საქართველომ „აფხაზეთის ოკუპაცია“ და „ოსი ხალხის გენოციდი მოახდინა“.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის სანქციების არდაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გუშინვე მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა მას პუტინის განცხადების მეორე ნაწილი აღარ შეუფასებია. პუტინის ბრალდებებზე ოფიციალურმა პირებმა განმარტებები მხოლოდ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ გააკეთეს. ეს მაშინ, როდესაც გიორგი გაბუნიას მონოლოგს ყველა მათგანი მალევე ოფიციალური განცხადებებით გამოეხმაურა და მის სიტყვებს ყველამ ერთხმად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაცია“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)