11 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG), ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „იმპერიალისტური“ რიტორიკისთვის მკაცრი პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობოების მიერ 11 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტ პუტინის „აგრესიული რიტორიკის და ეკონომიკური სანქციების სამიზნეა“. ამასთან, მათივე განმარტებით, „პრეზიდენტი პუტინი პირადად ახდენს საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციას“.
„მოვლენათა დამახინჯებით, ცრუ ნარატივის შექმნით ცდილობს მოახდინოს ტრავმული მეხსიერების ფორმირება, რომელიც შეუძლებელს გახდის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესს“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და იქვე აღნიშნავენ, რომ ეს არის რუსეთის პასუხი თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზე.
არასამთავრობოების განმარტებით, „სამწუხაროდ“, საქართველოს მთავრობა „ვერ ახერხებს ამ რიტორიკასთან გამკლავებას“ და უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები „დაბნეულობით და უმოქმედობით პანიკას თესენ ქვეყანში და ცდილობენ გაამყარონ მოსაზრება, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გარეშე, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება“.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „ასეთ სიტუაციაში“ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ „დღეს ჩვენს გვერდით დგომა და მხარდაჭერა ევროპის და ევროპული ფასეულობების დაცვას ნიშნავს“.
რუსეთში საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესების შემოღების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტს რუსულად მიმართა და მას პირდაპირ ეთერში აგინა.
წამყვანის მონოლოგს საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, პრეზიდენტის მყისიერი განცხადებებიც მოჰყვა. მათ გაბუნიას სიტყვები ერთხმად დაგმეს და მას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაცია“ უწოდეს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობაზე კი, ოფიციალურმა პირებმა კომენტარი მეორე დღეს, მხოლოდ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი კი, პუტინის განცხადების შეფასებისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)