Site icon Civil.ge

#გადადექი და #არგადადგე: ლონდონური ელფერით

საბა ბრაჭველი


მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნა ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ საქართველოსთვის არ ყოფილა აქტუალური თემა. ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, თანამდებობა დატოვა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა აშშ-ში, სერ კიმ დაროკმა (Sir Kim Darroch). ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ მიზეზებს, თუ რატომ ითხოვდნენ მის გადადგომას და რა გაითვალისწინა ელჩმა გადაწყვეტილების მიღებისას.

დიპლომატთა ელ-ფოსტებსაც კი ყურები აქვთ

ბრიტანულმა ტაბლოიდმა „დეილი მეილმა“ (Daily Mail) კვირას, 7 ივლისს, აშშ-ში ბრიტანული დიპლომატიური კორპუსის 2017-2019 წლების შიდა დიპლომატიური ტელეგრამები (diptels) გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მოიპოვა და გაასაჯაროვა დიპლომატიური მიმოწერა, თუმცა თავად ტელეგრამების ნამდვილობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

მემოებში აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე ბრიტანელი ელჩის პირადი შეხედულებებია ასახული. მიმოწერის მკაცრად საიდუმლო ხასიათისა და ადრესატთა მცირე წრის გამო, ელჩი პოლიტკორექტულობის გარეშე, მოურიდებლად ატყობინებდა საკუთარ მთავრობას, რომ:

საგულისხმოა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, მიმოწერის შინაარსისა და თანამდებობრივი წონის გათვალისწინებით, დიპლომატის პასუხისმგებლობის საკითხი მალევე დადგა დღის წესრიგში.

ბრიტანულ-ამერიკული ხმაური და მძვინვარება

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სკანდალს ამერიკაში უფრო ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე – ბრიტანეთში. პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ოკეანის მიღმა აღარავის უკვირს. დაროკი ყველაზე მწვავედ თავად ტრამპმა გააკრიტიკა ტვიტების სერიაში, უწოდა რა მას „სულელი“ და „მასხარა“, რომელიც „საკუთარ სახელმწიფოს ვნებს“. ტრამპმა უარი თქვა დაროკის პერსონა ნონ გრატად შერაცხვაზე (ამისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება იქნებოდა საჭირო, რომელსაც იგი ყველაზე ნაკლებად ენდობა), თუმცა მისმა თანაშემწეებმა ბრიტანელ კოლეგებს გასაგებად განუცხადეს, რომ ელჩთან საქმეს აღარ დაიჭერდნენ.

სამაგიეროდ, ელჩისადმი დამოკიდებულება ორად გაიყო ბრიტანეთში. დაროკის უპირობო გადადგომას ძირითადად ბრექსიტის მომხრე ტაბლოიდები (მაგ. The Sun) და პოლიტიკოსები ითხოვდნენ. ბრექსიტის პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა (Nigel Farage) მას „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ უწოდა და მისი სასწრაფოდ დათხოვნა მოითხოვა.

თუმცა, თითქმის ყველა დანარჩენმა პოლიტიკურმა ფიგურამ დაროკს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა (ცხადია, იმ დათქმით, რომ დიპ.ტელეგრამების შინაარსს ემიჯნებოდნენ). მათ შორის არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი (Theresa May) და მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, ლეიბორისტი ჯერემი კორბინი (Jeremy Corbyn).

სამშაბათს გამართულ საპარლამენტო დებატებზე დაროკს მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერობის კანდიდატმა ჯერემი ჰანტმაც (Jeremy Hunt), თუმცა რბოლის ფავორიტმა, ბორის ჯონსონმა (Boris Johnson), ეს არ გააკეთა. ჯონსონმა კითხვებს რეალურად არ უპასუხა, მათ შორის, არც იმას, პრემიერად გახდომის შემთხვევაში, დაითხოვდა თუ არა ელჩს თავად.

ჯონსონის ინერტულობამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ჯონსონს ამერიკელი პრეზიდენტის საამებლად საკუთარი დიპლომატის გაწირვა დააბრალეს. იგი მკაცრად გააკრიტიკეს როგორც პარლამენტის წევრებმა, ისე – დაროკის არაერთმა კოლეგამ. მათი სათქმელი მკაფიო იყო – ელჩებს გულწრფელობისა და საკუთარი დაკვირვებების მთავრობისთვის წარდგენაში უხდიან ფულს. თუ ამის სამაგიეროდ ელჩებს დაცვის ნაცვლად, თანამდებობიდან უშვებენ, მაშინ რა აზრი აქვს ბრიტანეთისთვის სამსახურს?

65 წლის დიპლომატმა, რომელსაც მთელი პროფესიული ცხოვრება საჯარო სამსახურში აქვს გატარებული, 10 ივლისს თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. ამან ჯონსონისადმი კრიტიკა კიდევ უფრო გააღრმავა. ამჟამად ჯონსონი აშშ-ში ვიზიტს ამზადებს ურთიერთობის დასალაგებლად. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჯონსონი ტრამპის ფავორიტი კანდიდატია და მას ეს, დიდი ალბათობით, გამოუვა. თუმცა, შესაძლოა რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მოხელის დაცვაზე უარის თქმამ მას ქვეყნის შიგნით შეუქმნას პრობლემები.

წასვლა?… არ წასვლა?… საკითხავი აი ეს არის!

დაროკის გადადგომამ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს ურთიერთობის დაძაბვა აარიდა თავიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებდა, რომ მოკავშირეთა თანამშრომლობას ერთი ადამიანი ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ პრეზიდენტის გაღიზიანების დონე ელჩის „მსხვერპლად შეწირვას“ აშკარად მოითხოვდა. მეორე მხრივ, ბრიტანული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის საკუთარი ელჩის დაცვა ეროვნული სიამაყისა და სუვერენულობის მნიშვნელოვან ნაწილად, ხოლო ტრამპის მოთხოვნა – ზღვარგადასულ უხეშობად აღიქმებოდა.

თუმცა ელჩი „სამსხვერპლოზე“ თავისი ნებით ავიდა, რამაც ორივე მხარეს სერიოზული თავსატეხი აარიდა თავიდან. დაროკს არაერთი არგუმენტი ექნებოდა დასარჩენად – იგი მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, ინფორმაციის გაჟონვა მისი ბრალი არ ყოფილა, ბოლოს და ბოლოს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა მას 6 თვეში ისედაც ეწურება, რომლის ნაწილსაც იგი კვლავ ვაშინგტონში, ახალი ელჩის დანიშვნის მოლოდინში, მოვალეობის შემსრულებლად გაატარებს. თუმცა მან ყველა ეს არგუმენტი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ გვერდით გადადო.

სკანდალი შეიძლება კვლავ გაგრძელდეს – ბრიტანელებზე გაღიზიანებულმა ტრამპმა შესაძლოა ამ თანამდებობაზე მისთვის სასურველი პირის დანიშვნა მოითხოვოს, ხოლო ჯონსონზე გაღიზიანებულმა მეიმ – უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგას და ახალი ელჩი თავად დანიშნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ელჩის ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ყოველთვის თანამდებობაზე დარჩენით არ გამოიხატება.