საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 ივლისი, N160.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქალაქო და სამაზრო მილიციები პასუხისმგებელი იყვნენ თვითმმართველობების წინაშე (რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა).
ჩემი და მილიციის უფროსის მიერ მიღებულმა ზომებმა ჯერ კიდევ არ მოგვიტანეს დადებითი შედეგები. საგრძნობლად შემცირება ბოროტ-მოქმედებისა და მასთან ნაყოფიერი ბრძოლა მარწმუნებს, რომ მილიცია გაჯანსაღების გზაზე სდგას და ახლო მომავალში შეიქმნება ერთ ძლიერ ძალათ, რომელიც დაიცავს წესრიგს და დემოკრატიულ წყობილებას ჩვენს დედაქალაქში.
მაგრამ ზოგიერთი მილიციონერები განაგრძობენ ძველი გზით სიარულს. იღებენ ქრთამებს და ხშირათ უმიზეზოდ შეურაცყოფას აყენებენ მცხოვრებლებს. ამ დღეებში ადგილი ჰქონდა ფრიად სამწუხარო ფაქტს. მილიციონერმა შეურაცყოფა მიაყენა ყველასგან პატივცემულ პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს გ. მ. თუმანოვს. დამნაშავე მილიციონერი შეპყრობილია.
მილიციონერებს ევალებათ ზრდილობიანათ მოეპყრან მოქალაქეებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც დამნაშავე გაუძალიანდება და არ წაყვება მილიციონერს კომისარიატში, შეუძლიათ ძალით წაიყვანოს იგი უფროსთან.
ჩემ მიერ მიღებული ცნობებით, კლუბებში ადგილი აქვს ქაღალდის თამაშს. ზოგიერთი კომისრები ამას ხელსაც კი უწყობენ, მაგალითად, მე-3 უბნის კომისარმა კვესაძემ და მისმა თანაშემწე ქანთარიამ მიიღეს ერთი კლუბიდან თვენახევრის განმავლობაში 61 ათასი მანეთი. ეს დამტკიცებული არის დოკუმენტებით და მოწმეების ჩვენებებით. ბოროტ-მოქმედები, რომლებიც ჩირქს სცხებენ მილიციას, ისე გათამამდნენ, რომ დაჰკარგეს ნამუსი. განუცხადებიათ – ფული ჩვენს უფროსებს უნდა მივცეთო. ერთი კომისართაგანი მილიციის უფროსის მიერ შენიშნული იყო, რომ იგი კლუბებისაგან ქრთამს იღებდა. რადგანაც ამ უკანასკნელს ვერ დაუმტკიცდა დანაშაული. იგი მხოლოდ დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. კვესაძე და ქანთარია კი ციხეში სხედან და გამოვლენ იქიდან მხოლოდ სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შემდეგ. რომ თავდებობის ქვეშ არ იქნენ გათავისუფლებული ზემოხსენებული პირნი, ისინი მილიციის უფროსის, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე იქნებიან ჩარიცხულნი (როგორც მათ მიერ დაპატიმრებული – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა).
ასეთივე ბედი ეწევათ ყველა მათ, ვინც თავის კარიერას ზემოხსენებულ კომისრების გვარათ დაამთავრებენ. მადლობას ვუცხადებ სისხლის სამართლის და საერთოთ მილიციის უფროსებს, რომლებიც არ იშურებენ ძალას და ენერგიას მილიციის გაჯანსაღებისათვის.
მილიციის უფროსს ვავალებ: 1) შემოიტანოს თხოვნა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, მეცხრე უბნის კომისარმა არჯევანიძემ; 2) დაითხოვეთ სამსახურიდან მექრთამეობისთვის მესამე უბნის კომისარი კვესაძე (სრულად გადაეცეს მისი საქმე სასამართლოს); 3) დაითხოვოს სამსახურიდან შეპყრობილი და სასამართლოზე გადაცემული მესამე უბნის კომისრის თანაშემწე ქანთარია; 4) დროებით მესამე უბნის კომისრის მოვალეობების აღსრულება დაეკისროს კარტოზიას, მეცხრე უბნის – ქუთათელაძეს.
თფილისის ქალაქის თავი
ბენია ჩხიკვიშვილი