Site icon Civil.ge

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა 

გიორგი გახარია, ფოტო: facebook.com/MIAofGeorgia/

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „კითხვები ბევრი იყო“, რომელსაც მან შესაბამისი პასუხები გასცა. მისივე თქმით, ის გამოკითხვაზე იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ.

გახარიას განმარტებით, საქმის მასალებში დევს „ყველაფერი რაც საჭიროა იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება შესაბამისად ჩაატაროს“.

შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. კითხვაზე, თუ როდის აცნობა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ პარტია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, მან უპასუხა, რომ მეორე დღეს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ „შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“. „ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა“, – დასძინა მინისტრმა.

გახარიამ შსს-ში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ [გამოძიებამ] ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოჰყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად… საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები“.

მისივე განმარტებით, თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა გადაცდომას აღმოაჩენს, მას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. “მაგრამ სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები”, – აღნიშნა გახარიამ.

პროკურატურაში 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სამართალდამცველების მხრიდან აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება 24 ივნისს დაიწყო. ამ დრომდე, აღნიშნული ბრალდებით შს სამინისტროს მხოლოდ ორი თანამშრომელია დაკავებული.

20 ივნისს საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას მოჰყვა. აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს. აქციის დაშლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

აქციის დაშლაზე შს მინისტრის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებისა და მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით, უკვე 28-ე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარებს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გასტანს, სანამ გახარია შს მინისტრის პოსტს არ დატოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)