საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 ივლისი, N161
ბათუმში
ბათუმში გაიმართა დიდი მიტინგი, რომელზეც ილაპარაკა საქართველოს და სამაჰმადიანო ნაწილის შეერთება შედუღების შესახებ მემედ-ბეგ აბაშიძემ, ხალხი ოვაციით შეხვდა მას.
შემდეგ ლაპარაკობენ: ქობულეთის წარმომადგენელი ესკენდერ ეფენდი ცივაძე, კაიკაციშვილი, ასლან ქარცივაძე, მამედ გოგობერიძე ზემო-აჭარის წარმომადგენელი ბოლქვაძე და სხ.
შემდეგ მიტინგმა დაადგინა შესაფერი დეპეშა გაეგზავნოს პარიზის საზავო კონფერენციას და საქართველოს მთავრობას.
მიტინგს მიესალმენ აგრეთვე ლაზების წარმომადგენელნი.
შეადგინეს ოქმი კრებისა და სათითაოდ ხელი მოაწერეს. არჩეულ იქნა კომისია, რომელმაც უნდა მიართვას ინგლისის წარმომადგენლებს ბათუმში შესაფერი მემორანდუმი სამუსლიმანო საქართველოს, საქართველოს რესპუბლიკასთან გაერთიანების შესახებ.
დასასრულ ფრიად შინაარსიანი სიტყვა წარმოსთქვა, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგმა ზიად ბეგ აბაშიძემ. დამსწრენი აღფრთოვანებით და ტაშით შეხვდნენ მის სიტყვას.